მშობლებს დიდი ხნით მოუწიათ ალექსანდრიაში დარჩენა. მისი ბიძები იოანეს ქონებაზე ეცილებოდნენ ერთმანეთს. საბა გონიერი ბავშვი იყო, უარი თქვა თავის ქონებაზე და ფლავიანელთა მონასტერში დასახლდა. 8 წლის გახლდათ, როცა ანგელოზებრივი სქემა შეიმოსა. მალევე დაისწავლა დავითნი და საღმრთო წერილის სხვა წიგნები, წარემატა სათნოებებში და სამონაზვნო ტიპიკონს ზედმიწევნით ასრულებდა. ცოტა ხნის შემდეგ ბიძები შერიგდნენ და საბას შინ დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ ყრმა ვერაფრით დაითანხმეს.
მეორედ ეშმაკმა პატარა საბას ცთუნება მაშინ მოინდომა, როცა ის მონასტრის ბაღში მუშაობდა. ხეზე ლამაზი ვაშლი შენიშნა, მოწყვიტა და ჩაკბეჩა დაუპირა, მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ ტრაპეზის დრო არ იყო. ვაშლი მიწაზე დააგდო და გათელა, მასთან ერთად გემოთმოყვარეობის ეშმაკსაც გაუჭეჭყა თავი. ამის გარდა აღთქმაც დადო, ვაშლი არასოდეს ეჭამა. მას შემდეგ ყოველივე ხორციელ სურვილს იგი დათრგუნავდა, ცოტას ჭამდა, ცოტა ეძინა, ლოცვასა და შრომაში განლევდა დღეებს.
იმ პერიოდში მონასტრის ერთ-ერთი ბერი - ხაბაზი, რომელიც ღუმელს მეთვალყურეობდა, წვიმაში მოჰყვა. სველი სამოსი ღუმელში შედო გასაშრობად. ცოტა ხნის შემდეგ სხვა მამამ, რომელმაც ეს ამბავი არ იცოდა, ღუმელში შეშა შეაწყო და ცეცხლი შეუნთო. მალევე გაღვივდა. ხაბაზს გაახსენდა თავისი ტანსაცმელი და დიდად შეწუხდა. იქვე იყო ნეტარი საბაც, მაშინვე გამოისახა ჯვარი და აგუზგუზებულ ღუმელში შევიდა. ძმათა სიყვარულის გამო საბა ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა და თან ხაბაზის ტანსაცმელი გამოიტანა. ამის მხილველი ძმები შეძრწუნდნენ: - ვინ იქნება ეს ყრმა მომავალში, თუ სიყრმიდანვე ღვთისგან ასეთი მადლი მიეცაო.
ერთ, წარმოშობით ალექსანდრიელ ბერს მშობლები დაეხოცა და გადაწყვიტა, მათი ქონებისთვის პატრონი გაეჩინა. თხოვნით შეაწუხა წინამძღვარი: გამიშვი მცირე ხნით ალექსანდრიაში, თან საბაც გამაყოლეო. მოძღვარი დაითანხმა და საბასთან ერთად ალექსანდრიაში ჩავიდა. აქ საბა შემთხვევით თავის მშობლებს შეხვდა. ახლა უფრო დიდი ბრძოლა აუტეხა ეშმაკმა, სცადა ჭაბუკი მშობლების ალერსით ეცდუნებინა. "გაიხადე შავი სამოსი, ჩვენნაირად იცხოვრე, სამხედრო სამსახურში შედიო", - ეუბნებოდნენ ისინი. "თუ თქვენ განაგრძობთ ჩემს დარწმუნებას, რომ ქრისტეს მშვენიერი მხედრობა მივატოვო, მაშინ ჩემს მშობლებად აღარ მოგიხსენიებთო", - უთხრა მათ საბამ. განშორებისას მშობლებმა ორმოცი ოქროს მონეტა მისცეს შვილს, მაგრამ საბამ მხოლოდ სამი ცალი აიღო და ისიც იღუმენ თეოქტისტეს გადასცა.
ათი წლის შემდეგ თეოქტისტე გარდაიცვალა და მონასტრის წინამძღვრად ორი წელი მარინი იყო, მერე კი ღირსი ნიკოლოზი. საბა ამ დროს უკვე 30 წლისა გახლდათ. მან უდაბნოში განმარტოება მოინდომა, მამებმა გასვლის უფლება მისცეს, ოღონდ თანდათანობით უნდა მისჩვეოდა მეუდაბნოე ცხოვრებას. მღვიმეში ხუთწლიანი განმარტოების შემდეგ ექვთიმე დიდმა საბა თავისთან წაიყვანა. წმინდა ექვთიმე დიდმარხვას თავისი ლავრიდან განცალკევებით, უდაბნოში ატარებდა ხოლმე. ერთხელ თან საბა და დომენტიანე (ხსენება ყველიერის შაბათს) წაიყვანა. მან მოისურვა, მკვდარი ზღვის ზემოთ მდებარე უდაბნო გადაევლო. გზაში წყალი გამოელიათ და როცა მწყურვალი და ღონემიხდილი საბა მიწაზე დაეცა, წმინდა ექვთიმეს შეეწყალა იგი, განზე გავიდა და ილოცა: - ღმერთო, მოგვეცი წყალი ამ ურწყულ ადგილას, რათა ღონემიხდილმა ძმამ წყურვილი დათრგუნოსო. ლოცვის დასრულებისთანავე იქვე სამჯერ დაჰკრა ჯოხი მიწას და წყარომ ამოხეთქა. საბამ წყალი დალია და ღმერთმა ისეთი მადლი მისცა, რომ წყურვილის დათმენა შეეძლო.
ექვთიმე დიდის გარდაცვალების მერე მისი მონასტრის ტიპიკონი იცვლებოდა ზოგიერთ ძმათა მიერ. ეს რომ საბამ დაინახა, იქაურობას გაერიდა და იორდანიის უდაბნოში განმარტოვდა, სადაც იმ დროს, ვითარცა ვარსკვლავი, სათნოებებით ბრწყინავდა ღირსი გერასიმე. ეშმაკმა ბევრჯერ სცადა მისი მხნეობის შერყევა, ერთხელ მძვინვარე ლომის სახითაც კი გამოეცხადა, რომელიც მისკენ იწევდა შესაჭმელად, მაგრამ უკან იხევდა. "თუ შენ ღვთისგან ჩემი შეჭმის ნებართვა გაქვს, უკან რად იხევ? თუ არადა, ტყუილად ირჯები, რამეთუ ქრისტეს ჯვრით ვარ შემოზღუდული", - მიმართა ლომს. მხეცისსახე ეშმაკი გაქრა. ამის მერე წმინდა საბამ მხეცებზე ხელმწიფება მიიღო და მათ შორის უშიშრადაც დადიოდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა საბა განწმენდილთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე