1894 წლის 27 ნოემბერს სოფელ მალაია ილოვიცაში, შუმსკის რაიონში, გლეხის ბარნაბა გოლოვატიუკის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც ნათლობისას იაკობი დაარქვეს,
მოწამე იაკობ სპარსის პატივსაცემად. ოჯახში არსებული მშვიდობა და თანხმობა უნებურად გადაეცემოდა პატარა იაკობს. მომავალი მოღვაწე, ბავშვობიდანვე სამეურნეო საზრუნავში ჩაფლული, ხედავდა თავისი მშობლების ღვთისმოსავობას, რომლებიც სახლიდანაც კი არ გადიოდნენ ლოცვის გარეშე, და თავისთვის იღებდა მაგალითად ყველაფერ კეთილსა და წმინდას.
1912 წელს იაკობ გოლოვატიუკი გაიწვიეს სამეფო არმიაში, სადაც ის პირისპირ შეხვდა სიცოცხლესა და სიკვდილს. თავდაპირველად იყო სამედიცინო ნაწილში ციმბირში, სადაც ახალგაზრდა ჯარისკაცი ფელდშერის მოვალეობას ასრულებდა, შემდეგ კი ფრონტის წინა ხაზზე, სადაც საუკეთესო მეგობრები ბრძოლაში იღუპებოდნენ, და ბოლოს – ტყვედ ჩავარდა. გერმანელებმა ის ალპებში გააგზავნეს, სადაც იაკობმა სამი წელი იმუშავა ფერმერთან. ყველა სამუშაოს დიდი მონდომებითა და ქრისტიანული მორჩილებით ასრულებდა, იაკობმა დაიმსახურა თავისი პატრონის ნდობა და სიყვარული. მაგრამ, სამშობლოზე მონატრებული, ჭაბუკი 1919 წელს ახორციელებს თავისი გულის სანუკვარ სურვილს და გარბის. კეთილი ადამიანების დახმარებით გადაკვეთს საზღვარს და ბრუნდება მშობლიურ სოფელში.
მამისეული სახლის ლოცვისმიერმა სითბომ გაათბო მოხეტიალის სული. დღეები ჩვეულებრივ გლეხურ საქმიანობაში გადიოდა. ეხმარებოდა ის ავადმყოფებსაც, ვინც დახმარებისთვის მიმართავდა. ქვეყნის ნახვით, ფრონტზე და ტყვეობაში გამოვლილი ტანჯვით, იაკობმა ღრმად შეიგრძნო, რომ სიცოცხლე არის განუწყვეტელი ბრძოლა, რომელშიც ეშმაკი ღმერთს ებრძვის, ხოლო ამ ბრძოლის ველი, დოსტოევსკის სიტყვებით, არის ადამიანის გული. და ამ ბრძოლაში ვერ გაჩერდები, თუ გულის სიმდაბლის მიწაზე არ დათესილა ღვთისმოსაობის თესლი, მორწყული სინანულის ცრემლებით. 1925 წელს იაკობ გოლოვატიუკი, ირჩევს რა ხსნის ეკლიან გზას, მიდის პოჩაევოს ლავრაში. შრომისმოყვარეობითა და სიმდაბლით ასრულებს ახალბედა ბერი მასზე დაკისრებულ მორჩილებებს.
1931 წლის თებერვალში, გარდაცვლილი წინამძღვრის კუბოსთან მდგომი, იაკობი უცებ გრძნობს ცხოვრების ამაოებასა და წარმავლობას: "კაცი, როგორც ბალახი, მისი დღეები, როგორც მინდვრის ყვავილი, ასევე დაჭკნება".
სამონაზვნო გამოცდის გავლის შემდეგ, 1932 წლის 8 ივლისს მორჩილი იაკობ გოლოვატიუკი აღიკვეცა მონაზვნად იოსების სახელით. ლავრაში სხვადასხვა სამუშაოებსა და მორჩილებებს ასრულებდა. მამა იოსები მკურნალობდა ავადმყოფებს და განსაკუთრებით განითქვა სახელი როგორც ძვლების მკურნალმა. მასთან მოჰყავდათ სნეულებისგან გატანჯულები მთელი გარშემო მიდამოებიდან; ავადმყოფთა ნაკადი არ წყდებოდა არც დღისით, არც ღამით. ლავრის წინამძღვრის კურთხევით იგი დასახლდა პატარა სახლში, მონასტრის სასაფლაოს კარიბჭესთან, სადაც მღვდელმონაზონ ირინარქთან ერთად იცხოვრა ოცი წლის განმავლობაში.
დღეებსა და ღამეებს შრომასა და ლოცვაში ატარებდა, მამა იოსები სულიერად იზრდებოდა, ძალიდან ძალაში შედიოდა. ფარული დარჩა ამ სოფლისთვის მისი მრავალი საიდუმლო ღვაწლი და ბრძოლა. მარხვით, ღამისთევით იმორჩილებდა თავის ხორცს, აკვდინებდა მოღვაწე ხორციელ სურვილებსა და ვნებებს, მიჰყავდა რა გონებისა და გულის უმცირესი მოძრაობებიც კი "სულის ხელმძღვანელობით". ცხოვრება ღმერთისა და მოყვასის მსახურებას მიუძღვნა, მამა იოსებმა მოიპოვა მტკიცე რწმენა და მოქმედი სიყვარული, მიიღო ღვთისგან წინასწარმეტყველებისა და განკურნების ნიჭი.
ის კურნავდა, განდევნიდა ეშმაკებს, უბრუნებდა სმენას ყრუებს, მხედველობას - უსინათლოებს, მწუხარებს მოუტანდა შვებასა და ნუგეშს. "სადაც ადამიანთა მოდგმის მტერი თავად ვერ ახერხებს ფიქრებისა და მოჩვენებების საშუალებით, - ამბობენ წმინდა მამები, - იქ აგზავნის ბოროტ ადამიანებს". დიდი სამამულო ომის ბოლოს, გერმანელების უკან დახევის შემდეგ, ერთ-ერთ გაზაფხულის ღამეს ბანდეროველები შეიჭრნენ ბერის სახლში და დახვრეტა გამოუცხადეს. მამა ირინარქმა ღვთის წყალობით მაშინ იხსნა იგი უმიზეზო სიკვდილისგან, რომელიც ეშმაკს ჰქონდა მისთვის განმზადებული. ამის შემდეგ მალე მამა იოსები უკან ლავრაში გადაჰყავთ.
ისევ და ისევ იჩქაროდნენ მასთან ადამიანები, იღებდნენ განკურნებას სხეულის დაავადებებისა და სულის საიდუმლო სნეულებებისგან. იკურნებოდნენ ისინიც კი, ვისი დაავადებებიც გართულებული იყო და, ექიმების აზრით, განუკურნებელი. განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ღირს მამას - ეშმაკების განდევნისა. მასთან მოჰყავდათ შეპყრობილები საბჭოთა კავშირის ყველაზე შორეული რესპუბლიკებიდან. დემონებს ბერი ცხადად ხედავდა, ისე რომ ხშირად, ტაძარში გავლისას, მკაცრად უბრძანებდა მათ ეკლესიიდან და ადამიანებისგან გასვლას. მწუხარებას, რომელიც ადამიანთა გულებს ავსებდა, მამა იოსები განიცდიდა როგორც საკუთარს, თანაუგრძნობდა რა გატანჯულებს და ლმობიერად ეპყრობოდა უძლურებს.პოჩაევოს თითქმის ყველა მცხოვრები თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში - ბავშვობაში, ახალგაზრდობაში თუ სიბერეში - მიმართავდა მამა იოსებს.
მთელ დღეს მორჩილებებსა და ხალხთან ატარებდა, ბერი ღამით ლოცულობდა. მამა იოსებმა შეიყვარა სიმდაბლე და, ამაო ადამიანური დიდების თავიდან არიდებით, ყოველნაირად ცდილობდა დაემალა თავისი სათნოებები. მრავალი, არაწორმორწმუნეებიც კი, მამა იოსებთან შეხვედრის შემდეგ ღრმად ცვლიდნენ თავიანთ შეხედულებებს და ადიდებდნენ მას.
ეკლესიაზე დევნის დროს ხელისუფლებას გეგმად ჰქონდა ლავრის ათეიზმის მუზეუმად გადაქცევა, ხოლო მცხოვრებლებს სთავაზობდნენ ტერიტორიის დატოვებას. ყველა მორწმუნეზე, ბერებსა და მომლოცველებზე დაწესებული იყო მკაცრი კონტროლი, შემდეგ კი გამოიყენეს რეპრესიები, გადასახლებები, ციხეები... მაგრამ ვერაფერმა შელეწა ბერების სიმტკიცე, რომლებიც ყველაფერს მამაცურად და მშვიდად იტანდნენ, სურდათ რა, თუ საჭირო იქნებოდა, მომკვდარიყვნენ ლავრის სიწმინდეებისთვის. მონასტრის ტაძრებში დღე და ღამე ენთო კანდელი და აღევლინებოდა ლოცვები...
მამა იოსები მოდიოდა ტაძარში, სადაც დილამდე აღასრულებდა აკათისტოებს, ხოლო გარიჟრაჟზე ყველას უბრძანებდა ეგალობათ: "დიდება შენდა, რომელმან გვიჩვენე ნათელი", "ყოვლადწმიდაო ქალწულო" და სხვა საგალობლები და ლოცვები.
ერთ დროს თავისი სიმამაცითა და გამბედაობით დაიცვა მამა იოსებმა სამების საკათედრო ტაძარი. მან იცოდა, რაზეც მიდიოდა, და ელოდა შურისმაძიებელი ღვთისმებრძოლებისგან სასტიკ შურისძიებას. ერთი კვირის შემდეგ იგი დააპატიმრეს და მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ბუდანოვში, რომელიც პოჩაევოდან ასი კილომეტრით არის დაშორებული. იქ ის გაკრიჭეს და გაპარსეს, ჩამოხსნეს ჯვარი და ღამით შიშველი მიიყვანეს აღგზნებულ ფსიქიკურად დაავადებულთა პალატაში... ყოველდღე უკეთებდნენ წამალს, რომლისგანაც სხეული მთლიანად უსივდებოდა და კანი უსკდებოდა. ყველა, ვინც იცნობდა მამა იოსებს, არ წყვეტდა მისი გათავისუფლებისთვის ზრუნვას; იმედოვნებდნენ და არ იხევდნენ უკან, ითხოვდნენ ყველგან, დადიოდნენ მოსკოვშიც კი. ბოლოს მოახერხეს მისი გათავისუფლება. ამის შემდეგ დასახლდა იგი თავის დისწულთან მშობლიურ ილოვიცაში. როცა შეიტყვეს, სად იმყოფებოდა ბერი, კვლავ დაიწყეს მასთან სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილი ადამიანების ჩასვლა. მამა იოსები ყოველდღიურად აღასრულებდა წყალკურთხევის პარაკლისებს და კურნავდა ადამიანებს. მაგრამ მტერი უღმერთო ადგილობრივი ხელისუფლების სახით არ თვლემდა. შეწუხებულნი სოფელში ავადმყოფი ადამიანების დიდი რაოდენობით ჩამოსვლით, მათ მის წინააღმდეგ განაწყვეს ნათესავები.
მამა იოსებს ჰყავდა ცხრამეტი დისწული. ერთხელ ერთ-ერთმა დისწულმა, რომელიც ტრაქტორისტად მუშაობდა, შეიტყუა იგი თავის ტრაქტორზე და სოფლის გარეთ, ჭაობებთან წაიყვანა. იქ კი გადმოაგდო ტრაქტორიდან მიწაზე, სცემა გონების დაკარგვამდე, წყალში ჩააგდო და წავიდა. მამა იოსები რვა საათი იწვა ცივ წყალში, და იყო დეკემბრის თვე. იპოვეს ცოცხალ-მკვდარი, სასწაულით არ დაიხრჩო. სასწრაფოდ წაიყვანეს მოღვაწე პოჩაევოს ლავრაში და იმავე ღამეს აღკვეცეს დიდ სქემაში ამფილოქეს სახელით - წმინდა ამფილოქე იკონიელის პატივსაცემად, რომლის ხსენებასაც ზეიმობდა ეკლესია იმ დღეს. არავის სჯეროდა მაშინ, რომ დილამდე გააღწევდა. მაგრამ უფალმა მამა იოსები ფეხზე დააყენა - ის გამოჯანმრთელდა. ლავრაში ჩაწერის გარეშე დარჩენა სახიფათო იყო. ჩამოვიდნენ ნათესავები და წაიყვანეს იგი ილოვიცაში.
ადამიანები კვლავ დადიოდნენ და მოდიოდნენ ბერთან განკურნებისთვის და იღებდნენ კიდეც მას, რაზეც მრავალი მოწმობა არსებობს. ამბავი მისი ლოცვით სასწაულებრივი განკურნებების შესახებ ყველგან ვრცელდებოდა. მამა იოსებთან მოდიოდნენ ადამიანები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, მოლდავეთიდან და სახალინიდან. ადამიანური დიდების თავიდან აცილებით, ის ცდილობდა დაემალა ადამიანებისგან მისთვის მიცემული ღვთიური ნიჭი სულიერი და ხორციელი სნეულებებისგან განკურნებისა. და თვითონ ხშირად ამბობდა: "თქვენ ფიქრობთ, რომ მე წმინდანი ვარ. მე ცოდვილი ვარ! ხოლო განკურნებას თქვენ იღებთ თქვენი ლოცვებითა და თქვენი რწმენით".
პოჩაევოს ლავრაში მთელი ქვეყნიდან ჩამოსულები აუცილებლად ცდილობდნენ ენახათ მამა იოსები მის სოფელში. ზაფხულში მასთან ყოველდღიურად ხუთასამდე ადამიანი მოდიოდა, ზოგჯერ მეტიც. ყველა მათგანს აუცილებლად უმასპინძლდებოდა სადილითა და ვახშმით: ბევრი იკურნებოდა კურთხეული ტრაპეზით.
მამა იოსებისთვის ცნობილი იყო ყველა ადამიანის სული, მათი გულები და განზრახვები, მაგრამ მოთმინებისთვის ჰყავდა თავის სახლში ვერაგებიც, ცბიერებიც და შეპყრობილებიც. ხშირად, მაგიდასთან დაჯდომისას, მამა იოსები გალობდა: "მათი შიში არ შემეშინდება, არც შევძრწუნდები!". ეზოში ბერი ყოველდღიურად აღასრულებდა წყალკურთხევის პარაკლისებს და კურნავდა ადამიანებს. როგორც ცნობილია, "ეს მოდგმა" (დემონები) გამოიდევნებიან მხოლოდ ლოცვითა და მარხვით, ამიტომ მამა იოსები ზოგიერთს აკურთხებდა ოთხშაბათსა და პარასკევს საკვების მიუღებლობას. "ნეტავ იცოდეთ, რა ტკბილია მარხვა", – ამბობდა ბერი, გულისხმობდა რა სულიერ სიტკბოებას, რომლითაც ტკბება მმარხველის სული. მკაცრი მარხვის დღეებში იგი ურჩევდა დილით ადრე, საწოლიდან ადგომისას, დილის ლოცვის დაწყებამდე დაუყოვნებლივ სამ მიწამდე მეტანიის გაკეთებას ლოცვით "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...", რათა ადვილად გაეძლოთ მარხვა ამ დღეს. მამა იოსები კურნავდა სხვადასხვა სნეულებებს, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ავადმყოფთა ნახევარი იკურნება, ხოლო ნახევარი მიდის მისგან განუკურნებელი – ეს ღვთის ნებაა, რადგან მათი სხეულებრივი განკურნება იქნება არა სასარგებლოდ მათთვის, არამედ სულის წარსაწყმედად.
ძალიან ხშირად ბერს უწევდა უსიამოვნებების ატანა თავისი მოუსვენარი სტუმრებისგან, ეშმაკებით შეპყრობილებისგან. ოჯახის წევრებიც კი ურჩევდნენ მას არ მიეღო ეშმაკეულები, რადგან ეშმაკები შურს იძიებდნენ, რაზეც მამა იოსები პასუხობდა: "ძნელია მოთმენა, მაგრამ დემონების შიშიც არ არის საჭირო".
მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეზოში მიწა გაჟღენთილი იყო მლოცველი ადამიანების ცრემლებით, მძიმე ავადმყოფებისა, რომლებსაც მთელი სულით წყუროდათ განკურნება. ის ხშირად იმეორებდა, რომ ბავშვები ჩვენს დროში იბადებიან ურჩები, ამპარტავნები და თავხედები, შემდეგ კი ხდებიან ეშმაკეულები. ასეთი ბავშვების დამდაბლებით, აიძულებდა მათ პატიება ეთხოვათ მშობლებისთვის. საჭირო იყო დიდი სიყვარული გქონოდა გულში, რომ არასდროს და არავისთვის არაფერში არ გეთქვა უარი. ღვთის ბერს ჰქონდა ასეთი. ის ყველასთვის ახერხებდა დროის გამონახვას. ჰქონდა უცვლელი წესი: თუ ვინმეს მოიყვანდნენ მოტეხილობით, გამოეძახებინათ მისთვის დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
ხანდაზმული მორჩილი იოანე არაერთხელ ყოფილა მამა იოსებთან სოფელ მალაია ილოვიცაში და იქ უნახავს განკურნების სასწაულები. "სულიწმინდის მადლიანი ნიჭების მოუპოვებლად, მე მგონი, – ჰყვებოდა ეს თვითმხილველი, – ძნელია ისეთი განკურნების სასწაულების მოხდენა, როგორებსაც ახდენდა ეს დიდი ღვთისმოსავი ჩვენი ვოლინის მიწისა". ამას დაადასტურებს ნებისმიერი პოჩაევოს მკვიდრი, და ის ათეულობით, თუ არა ასეულობით ათასი ადამიანი, რომლებიც განკურნა მამა იოსებმა. ფლობდა ის წინასწარხედვის ნიჭსაც, რაზეც ასევე ბევრი მოწმობს.
ერთხელ დილის ლოცვის შემდეგ მამა დიდხანს არ გამოდიოდა სენაკიდან ხალხთან. უცებ გამოვიდა და მიესალმა ყველას წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებით: "ჩვენთან არს ღმერთი! შეიგნეთ, წარმართნო, და დაემორჩილეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!". და შემდეგ დაიწყო მსჯელობა მიზეზებზე, რომლებმაც ამდენი ადამიანი მოიყვანა მასთან. მთავარი მიზეზი, ბერის თქმით, იმალება უღმერთობის სულში, რომლის დანერგვაც იწყება ჯერ კიდევ სკოლიდან. მოსწავლეებს არ უშვებენ ტაძარში, უტარებენ იდეოლოგიურ დამუშავებას, ამცირებენ ადამიანურ ღირსებას. ხოლო ადამიანი, რომელიც არ დადის ეკლესიაში, არ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება, კარგავს სულიწმინდის მადლს. ეს კი იწვევს იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სულით ავადაა.
მამა იოსები რჩევას იძლეოდა ლოცვით ემკურნალათ "თანამედროვე საუკუნის სენისთვის". მის სახლში ის სრულდებოდა დღე და ღამე. სამლოცველოში იატაკზე, ჩალითა და გადასაფარებლებით დაფენილზე, ეძინათ ავადმყოფებს, ბოროტი სულებით შეპყრობილებს. ძილში ისინი შუაღამისას ბუტბუტებდნენ: "გაიღვიძა თმაგაჩეჩილმა მოციქულმა, ისევ გვაწამებს! წავიდეთ! წავიდეთ!..."
მოღვაწე ღამით მჭიდროდ ფარავდა ფანჯრებს შავი ფარდებით: ღამით სრული სქემით, ხელში ანთებული საკმევლით, ის აღავლენდა ლოცვას, რომელსაც გრძნობდნენ და ვერ იტანდნენ ბოროტი სულები მძინარე ეშმაკეულ ადამიანებში. დილაობით ბერი ხშირად ყვებოდა ხოლმე,ეშმაკები მთელი ღამე თუ როგორ არ აძლევდნენ მას სიმშვიდეს: მოდიოდნენ ურმებით, შემოდიოდნენ ლეგიონებად ეზოში ემუქრებოდნენ მოკვლით, დახვრეტით, დაჭრით ან მოწამვლით.
ჩადიოდნენ მამა იოსებთან თანამედროვე ჭაბუკებიც, უჩიოდნენ სულიერ დარდს, ძილისა და მადის უქონლობას. ბერი აყენებდა მათ ეზოს შუაგულში და ავალებდა დიდი მეტანიების ასრულებას, ავალებდა, რომ შინაც ყოველ საღამოს ასე ექნათ, ეტარებინათ ჯვარი, არ დაელიათ, არ მოეწიათ, ეარათ ეკლესიაში, დაეცვათ მარხვები, ეზიარებოდნენ. მაშინ, მისი თქმით, "ყველა ნერვი გამოვა" და დაბრუნდება ჯანმრთელობა. ამასთან ამატებდა, რომ ნერვები გრძნობენ ტკივილს, მაგრამ როდესაც სული ტკივა, ეს არაა "ნერვების აშლილობა", არამედ ეშმაკები აწამებენ, და საჭიროა მარხვითა და ლოცვით ბრძოლა მათთან.
კეთილი გულის მქონეს, მამა იოსებს არ უყვარდა ბოროტი ადამიანები, რადგან ბოროტება არ არის თვისებრივი ადამიანის ბუნებისთვის. ის არ აღიძვრება ადამიანში დემონების შუამავლობის გარეშე, ამიტომაც ბოროტი ადამიანები ემსგავსებიან მათ.
ბერი ამბობდა: "ნებისმიერი ცოდვა გულს ისე ეხვევა, როგორც ობობას ქსელი, ხოლო ბოროტება როგორც მავთული - სცადე გაწყვიტო იგი. ბოროტმა ადამიანებმა მოკლეს მეფე, ბოროტები დასცინიან მართლმადიდებლებს". "დიდი ბედნიერებაა, რომ უფალმა გვაღირსა დავბადებულიყავით მართლმადიდებლურ რწმენაში და ვყოფილიყავით მართლმადიდებლები, ხოლო ბევრმა ხალხმა, სამწუხაროდ, არ იცის მართლმადიდებლობა", - არაერთხელ იმეორებდა მოღვაწე.
უარყოფითად იყო განწყობილი მამა იოსები სატელევიზიო გადაცემების მიმართაც, რომლებიც "აცარიელებენ, ძარცვავენ სულს". ტელეგადაცემების ყურების შემდეგ ადამიანს სრულებით აღარ უნდა ლოცვა, ხოლო თუ აიძულებს კიდეც თავს ლოცვისთვის, ლოცულობს მხოლოდ ბაგეებით, გული კი შორსაა ღვთისგან. ასეთი ლოცვა, ბერის აზრით, მხოლოდ განსასჯელადაა.
ადამიანების მიმართ თავის სიყვარულს ღირსი მამა ყველას უბოძებდა, ამიტომაც მიდიოდნენ მასთან რწმენით, აენთებოდნენ მისგან წმინდა მადლით. სულიერი სიყვარული მას ყველასთვის ჰყოფნიდა: მას უყვარდა ავადმყოფები და გატანჯულები, სურდა მათი განკურნება და ცდილობდა დახმარებას. ერთი ღვთის მხევლის კითხვაზე იმის შესახებ, თუ როგორ მიეღწია ასეთი სიყვარულისთვის, მან უპასუხა, რომ ღმერთი იძლევა სიყვარულის მადლს სიმდაბლისთვის. და კიდევ ხშირად იმეორებდა: "როგორც შენ ექცევი ადამიანებს, ისე ადამიანები გექცევიან შენ".
ღვთისმშობელი მამა იოსებისთვის იყო ზეცა, ის მუდმივად თავის ლოცვებში მიმართავდა მას. ზოგჯერ საერთო სადილის დროს ის სთხოვდა ყველას შეეწყვიტათ სადილი, ადგომოდნენ და ეგალობათ ღვთისმშობლის ლოცვა "შენს წყალობას შევავედრებთ...".
მოწყენილობა და სიცარიელე სულში, ბერის აზრით მრავლისმეტყველების, მუცლისმოყვარების და სიხარბის გამოა. ის ურჩევდა მაშინ ყოველ საათსა და დღეს ეგალობათ "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს" და "ჩვენთან არს ღმერთი". თავად მას ჰქონდა ლამაზი ბარიტონი, კარგად ესმოდა და უყვარდა საეკლესიო გალობა.
ერთხელ ზამთარში 1970 წლის დასაწყისში მამა იოსები შევიდა სატრაპეზოში და მკაცრად იკითხა, ვინ მოუტანა მას ყვავილები. ითხოვა მეტი აღარ მოეტანათ, რადგან მას არა ყვავილები, არამედ ლოცვა სჭირდებოდა. ყველას გაუკვირდა. არავის უნახავს ყვავილები. შემდეგ გასაგები გახდა ეს იგავი: მოღვაწემ იწინასწარმეტყველა, რომ საფლავზე მას მოუტანდნენ ყვავილებს, მაგრამ მისთვის უფრო სასიამოვნოა ადამიანების ლოცვა, და არა კუბოს მორთვა.
რას გრძნობდა მამა იოსები თავისი ცხოვრების ბოლო დღეებში, რომელი ფიქრები აწუხებდა მას? ოჯახის წევრები ხშირად ხედავდნენ, როგორ გარდაისახებოდა მისი სახე: ღრმად მიდიოდა საკუთარ თავში ლოცვით ჭვრეტაში. მან იცოდა მის გარშემომყოფთა აზრები: კეთილი და ბოროტი. მადლობდა სიკეთისთვის, პატიობდა ბოროტებას. აღიძრნენ მის წინააღმდეგ არა მხოლოდ ბოროტი სულები, არამედ ადამიანებიც.
1970 წლის ზაფხულში მამაოს უცნაური შეტევები ემართებოდა: ის იწვა ბაღში სკამზე თითქოს უგონო მდგომარეობაში. გარკვეული დროის განმავლობაში ასე ყოფნის შემდეგ, ის დგებოდა სრულიად ჯანმრთელი. შეტევები ოქტომბერშიც განმეორდა. იმ დროს არავინ არაფერი არ იეჭვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მამა იოსებს კიდევ ერთხელ მისცეს საწამლავი.
ალბათ, მოხუცი წინასწარ ხედავდა მტრის ჩანაფიქრებს და იცოდა ვინ იყო მისი თანამზრახველ-შემსრულებლები. მაგრამ ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ რაიმე ცუდი შეიძლებოდა მომხდარიყო! რამდენჯერმე მამა იოსებმა თავისი შინაურები სატრაპეზოში შეკრიბა და სთხოვა ეგალობათ რამდენიმე ლოცვა ღვთისმშობლის მიძინების მსახურებიდან, ხოლო "მოციქულნი კიდითგან, შემოკრბით აქა" სთხოვა სამჯერ ეგალობათ. თვითონ კი, მოსმენისას, სახეს ხელებით იფარავდა და ტიროდა. შემდეგ მწუხარებით ამბობდა: "და როგორ საშინელი იქნება, როცა გაყინულ მიწას კუბოს დააყრიან"...
ოთხი დღის შემდეგ ლავრაში მამა იოსებს პანაშვიდს უხდიდნენ. ის გარდაიცვალა 1 იანვარს, დაკრძალეს კი 4 იანვარს 1971 წელს (ახალი სტილით).
მამა იოსების, სქიმაში ამფილოქეს, მთელი ცხოვრება იყო თავგანწირული მსახურება ღვთისა და მოყვასის სიყვარულის სახელით, რადგან სიყვარული არის ქრისტიანის სულიერი ღვაწლისა და ბერული ცხოვრების მთავარი ნაყოფი და მიზანი. ის არის ცხოვრების კანონი ცაში და დედამიწაზე და იბადება სუფთა გულისა და უმწიკვლო სინდისისგან. სიყვარული უკვდავია, ის მიჰყვება ადამიანს მის საფლავს მიღმა მარადიულ ცხოვრებაში და ურთიერთ აკავშირებს ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების სულებს. სწორედ ასეთი სიყვარულით მოიხვეჭა მოხუცმა ღრმა პატივისცემა.
რწმენითა და ტანჯულთა მიმართ მოწყალებით მან გვაჩვენა ცხოვრების კეთილშობილი მაგალითი და დატოვა წარუშლელი ხსოვნა მორწმუნე ადამიანების გულებში, რომელთათვისაც იყო და რჩება სწრაფ მკურნალად, მოწყალე შემწედ და კეთილმწყალობელ მფარველად. ის სიკვდილის შემდეგაც კურნავს, ანუგეშებს, ასწავლებს: ადამიანები ახლაც გრძნობენ ამ სიყვარულს. ზოგიერთები ისმენენ კიდეც მის ხმას, რომელიც მოუწოდებს ლოცვისკენ, მონანიებისკენ, გამოსწორებისკენ და ღვთის მცნებებით ცხოვრებისკენ. ხალხი დარწმუნებით სწამს მისი სიწმინდე. იმ დროიდან დღემდე სქიმიღუმენ ამფილოქეს დაკრძალვის ადგილას ხდებოდა სასწაულები და ადამიანთა განკურნებები. 2002 წლის აღდგომის დღესასწაულის წინ აღმოჩენილ იქნა მისი უხრწნელი ნაწილები.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 2002 წლის 12 მაისს ახ. სტ. (თომას კვირას) სქიმიღუმენი ამფილოქე საზეიმოდ კანონიზებულ იქნა, როგორც ღირსი ამფილოქე პოჩაეველი. ღირსი ამფილოქეს ნაწილები გახსნილია თაყვანისცემისთვის ღირსი იობ პოჩაეველის ტაძარში.
წმინდა ამფილოქეს ასევე იხსენიებენ 10 (23) ოქტომბერს - ვოლინის წმინდანთა კრებულში
ღირსო მამაო ამფილოქე, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი