წმინდა მაქსიმე აღმსარებელი VII საუკუნეში მოღვაწე, ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული მონოთელიტური ერესის წინააღმდეგ მებრძოლი წმინდა მამა გახლდათ. წმინდა მაქსიმეს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიის მოსახლეობაში. მწვალებლობაში მყოფი იმპერატორი და სასულიერო პირები ყოველმხრივ ცდილობდნენ, ნეტარი მამა თავიანთი ცრუმოძღვრების მიმდევარი გაეხადათ. მათი ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ხელი და ენა მოჰკვეთეს ნეტარ მამას და თავის ორ მოწაფესთან ერთად ლაზიკაში გადაასახლეს. ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურიბის შემდეგ წმინდა მაქსიმე ციხე-სიმაგრე სქიმარში გარდაიცვალა. მოგვიანებით მისი წმინდა ცხედარი ცაგერთან ახლოს მდებარე მონასტერში გადაასვენეს. დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად მდებარეობდა ციხე-სიმაგრე სქიმარი, სადაც გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები წმინდა მაქსიმემ. 2003 წლის 21 ოქტომბერს, მეუფე სტეფანემ რამდენიმე პირთან ერთად ლენტეხის რაიონის მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა თავისი მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები დაჰყო. პირველწყაროზე დაყრდნობით, ამ ადგილს სქიმარი ეწოდებოდა. დღესაც ადგილობრივი მოსახლეობა მას ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით სკიმერს უწოდებს.
ჩვენამდე მოაღწია წმინდა მაქსიმეს მრავალმა ნაშრომმა. ეგზეგეტიკური, დოგმატურ-პოლემიკური, ანთროპოლოგიური, ზნეობრივი და ასკეტური ხასიათის სწავლებათა დიდი ნაწილი თავის დროზე ქართულ ენაზე ითარგმნა.
წმინდა მაქსიმე აღესრულა 662 წლის 13 (ახ. სტ. 26) აგვისტოს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება: გარდაცვალების დღეს და წამების დღეს (21 იანვარს, ახ. სტ. - 3 თებერვალს), როცა ენა და ხელი მოჰკვეთეს.
წმიდა მაქსიმეს სახელობის მონასტერი ცაგერის მახლობლად მურის ციხის ძირში მდებარეობს. XX საუკუნის ბოლომდე იგი ერთადერთი მონასტერი იყო წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობისა მთელს მსოფლიოში. მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი წლების განმავლობაში დანგრეული იყო. 80-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ის საკუთარი ძალებით აღადგინა. მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ტაძრის გარშემო ბერებისთვის საცხოვრებელი სენაკები აშენდა. სამონასტრო ცხოვრება აქ 2003 წლიდან დაიწყო.
- წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე განსაკუთრებით აღინიშნება ხოლმე ჩვენს ეპარქიაში, - მიამბობს მეუფე სტეფანე. სტუმრად ჩამოდიან როგორც საქართველოში მოღვაწე, ასევე უცხოელი სასულიერო და საერო პირები. სისტემატურად იმართება წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციები.
- მეუფე, რატომ იწოდება წმინდა მაქსიმე აღმსარებლად?
- აღმსარებლად იწოდებიან ისეთი წმინდანები, რომლებმაც არ დათმეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ბოლომდე დაითმინეს ყოველგვარი ტანჯვა-წამება, მაგრამ არ გარდაიცვალნენ და ცოცხლები დარჩნენ. ისინი ამის გამო მოწამეებად კი არ მოიხსენიებიან, არამედ აღმსარებლებად.
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი
- რა სულიერი ღვაწლით გამოირჩევა წმინდა მაქსიმე აღმსარებელი?
- წმინდა მაქსიმე ერისკაცობაში მეფის კარზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო. Mმას ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, როგორც საერო, ასევე სასულიერო, ეს ეტყობა კიდეც მის საღვთისმეტყველო ნაშრომებს. წმინდა მაქსიმე გამოირჩევა არა მხოლოდ საღვთისმეტყველო შრომებით, არამედ მრავლად აქვს ასკეტური სწავლანი. სათნოთმოყვარეობა (ბერძნ. ფილოკალია) არის წიგნი, რომლითაც ბერ-მონაზვნები მოღვაწეობას სწავლობენ. ამ წიგნში წმინდა მაქსიმეს მთელი თავი აქვს დათმობილი. მათ შორისაა, მაგალითად, "ოთხი ასეული სიყვარულის შესახებ". მისი ასკეტური ნაშრომები ადამიანს ასწავლის სულიერ ცხოვრებას, ჭეშმარიტებასთან მიახლოვებას, არა მხოლოდ საღვთისმეტყველო მიმართულებით, არამედ სულიერი მოღვაწეობით და თავდადებით. წმინდა მაქსიმე ფენომენია ქრისტიანულ აზროვნებაში. Aამას ყველა აღიარებს, ძველი მამებიც აღიარებდნენ. განსაკუთრებით გამოვყოფ წმიდა იოანე დამასკელსა და წმიდა გრიგოლ პალამას.
ღმერთმა დაგლოცოთ.