ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგებობისგან შედგება. ზოგი მათგანი IV-V საუკუნეებითაა დათარიღებული, ზოგიც - VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება.
"მოქცევაი ქართლისაის" ცნობით, ეს ეკლესია აშენებულია ბაკურის ძმის, მირიანის შვილთაშვილის, თრდატ მეფისა და საქართველოს მთავარეპისკოპოსის იობის დროს, რომელიც წინათ დიაკვნად ყოფილა სომხეთის კათალიკოს ნერსე I-თან.
მთავარი ტაძარი დათარიღებულია VI საუკუნით, რომელიც წმინდა აბიბოს ნეკრესელმა ააშენა და აქვე საეპისკოპოსო კათედრაც დააარსა. სამხრეთ მინაშენში სასულიერო პირთა საფლავებია. მის გვერდით, ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მარანია, მეორე სართულზე - სენაკები. წინ სამრეკლოა, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე სატრაპეზოა მიდგმული.
ტაძრის მოხატულობა დაზიანებულია. წარწერების დიდი ნაწილიც განადგურებულია. საკურთხეველში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ზემოთ - მაცხოვრის ფრესკაა. წმინდა თევდორესა და წმინდა დიმიტრის გვერდით გამოსახულია სამი საერო პირი: ლევან მეფე და მისი სახლობა (ლეონ კახთა მეფემ განაახლა და მოახატვინა ნეკრესის ტაძარი). ზემო ნაწილში მიძინების კომპოზიციაა, ხოლო მის ზემოთ, ვარაუდობენ, რომ არის იოანე დამასკელის ფრესკა.
ნეკრესის მონასტერი ოდითგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. აქ მოღვაწეობდნენ: ნიკოლოზ ნეკრესელი ეპისკოპოსი, დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნეკრესელი), მიტროპოლიტი იოანე ნეკრესელი - გივი ჯორჯაძის ძე. ეს უკანასკნელი გარეჯშიც მოღვაწეობდა. ზრუნავდა ხელნაწერთა გამრავლებაზე. მისი თაოსნობით დაიწერა წიგნები: "ღვთისმეტყველის ცხოვრება", "დიალოღონი". ნეკრესის შემდეგ ის ცოტა ხნით ბოდბეშიც ყოფილა.
ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი ნეკრესის ეპარქიას XVIII საუკუნის II ნახევარში განაგებდა. დაბადებით კოჭლი იყო. შესანიშნავად თარგმნიდა სომხურიდან ქართულად. იყო ანტონ კათალიკოსის სკოლის წარმომადგენელი. 1758 წელს მან აკურთხა თელავის საფილოსოფოსო სკოლა და თვითონაც პირველ მსმენელად ჩაირიცხა. შემდეგ საკუთარ ეპარქიაში დააარსა პირველი დაწყებითი სკოლა სამწყსოსათვის, რამაც ძალიან გაახარა ერეკლე მეორე.
1794-1812 წლებში ნეკრესის სამიტროპოლიტო კათედრას ამბროსი მიქაძე (ნეკრესელი) განაგებდა, დღეს ნეკრესის ეპარქიის მმართველია მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).
მამადავითის მღვდელს, მამა ნ. მაჭარაშვილს განუზრახავს დაბეჭდოს ხსენებული ეკლესიის აწინდელი და ძველი აღწერა და მამა დავითის ცხოვრება. ამ აღწერაში ხალხური ის გადმოცემული ამბებიც დაიჭერენ ადგილსაო, რადგანაც ამ ეკლესიაზე ბევრი ამბებია ხალხში დაშთენილი.
როგორც ვიცით, უნიკალური ციხე-ქალაქ ვარძიის მშენებლობა 1156 წელს დაიწყო გიორგი მესამემ და 1204 წელს დაამთავრა მისმა ასულმა თამარმა. ამ კომპლექსში ყურადსაღებია მე-6 სართულზე მდებარე აფთიაქი. მას ესაზღვრება ორი ოთახი, რომლებიც დამხმარე სათავსები უნდა ყოფილიყო.

ვარძიის წამლის სასახლეში წამლების შესანახად გამოკვეთილია რამდენიმე თახჩა. იატაკში ამოთხრილია ორმოები, რომლებიც შესაძლოა საწნახლის როლს ასრულებდნენ - მასში მცენარეულ ნაყოფს წნეხდნენ ან აქუცმაცებდნენ და კერამიკულ ქვევრებში ინახავდნენ. ერთ-ერთ თახჩაში მოტეხილობისთვის საჭირო არტაშნებს ინახავდნენ.
აფთიაქი ზედა ვარძიის გამოქვაბულშიც იყო. ის მტკვრის ხეობაში, ერუშეთის მთებშია და ვარძიის ძირითადი კომპლექსისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. აქ არის სამოთახიანი წამლის სახლი, რომელშიც 30-მდე თახჩაა შემორჩენილი. იგი აშენებულია 1042-1058 წლებში ლიპარიტ II ბაღვაშის დროს.
ჩაჩქანს იხურავდნენ კახურ (თუშურ) ქუდზე, მუზარადს - სვანურ ქუდზე - ფაყვზე. მუზარადით ქვეითები იბრძოდნენ, ჩაჩქნით - მხედრები. სახელმწიფო მუზეუმში ინახება იოანე ბატონიშვილის ჩაჩქანი და ჯალალედინის მუზარადი, რომელიც მუზეუმს მრავალძალის ეკლესიიდან გადაეცა. საქართველოში ქუდს დიდ პატივს სცემდნენ. სხვის ქუდზე ხელის წავლება, ქუდის წართმევა ან შეცვლა და დაკარგვა შეურაცხყოფად მიაჩნდათ. პატიოსან კაცზე იტყვიან: ნამუსის ქუდი ხურავსო, უკუღმართ გზაზე შემდგარზე კი ამბობენ: ნამუსის ქუდი დაუკარგავსო.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ლაშარის ჯვარი ლაშა-გიორგის დაუარსებია თავისი მოსახელის, წმინდა გიორგის პატივსაცემად.
ციხეში არის ხორბლისა და სურსათის შესანახი რამდენიმე ხარო. ციხის ეზოში, გალავანში ჩაფლულია ქვევრები წყლისთვის. ციხე ძველია და კარგად ნაგები. ჰქონია სათოფურებითა და ჩარდახებით გამართული მაღალი კედლები. ციხეში იყო საცხოვრებელი დარბაზები.
ამ ციხის აგებას მიაწერენ პეტრე ავალიშვილს, რომლის ძმას, გოგიას აუგია მეორე ციხე - "გოგიას ციხედ" წოდებული. პეტრეს ციხეს ეკავა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი - აწყურიდან მომავალ მტერს ბორჯომისკენ გზას უკეტავდა. თუ მტერი ამ ციხის კარს გაარღვევდა, მტკვრის ხეობით გზას გადაუღობავდა გოგიას ციხე, სალის ციხე, ახალდაბის, ქვიშხეთის, სურამის, სამწევრისისა და გორის ციხეები.
გორის ციხე უკანასკნელ წინააღმდეგობას უწევდა თბილისისკენ მიმავალ მტერს.
ეტყობა, თურქების ბატონობის პერიოდში მათი საოკუპაციო ჯარი პეტრეს ციხეში იდგა. როგორც გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრიდან ირკვევა, თურქებს იგი გადაუქცევიათ ადმინისტრაციულ ცენტრად, ეგრეთ წოდებულ "პეტრეს ლივად" (ოლქი), რომელშიც შედიოდა მთელი ბორჯომის ხეობა.
მატერიალური კულტურის ძეგლებს მიეკუთვნება აგრეთვე აქაური საფლავის ქვები, რომლებიც იძლევიან მდიდარ მასალას ხალხური შემოქმედების შესწავლა-გაცნობისთვის.
საფლავის ლოდებზე გამოსახულია ადამიანის ფიგურები დამახასიათებელი პოზითა და პროფესიის გამომსახველი იარაღით თუ საგნით. საბჭოთა დროინდელ ქვებზე ჯვრის, კელაპტრისა და ანგელოზის ნაცვლად ხუთქიმიანი ვარსკვლავი და ჩაქუჩ-ნამგალია ამოკვეთილი. აქაური საფლავის ქვებისთვის დამახასიათებელია შეკაზმული ცხენი, ყოჩი, მტრედები და განსაკუთრებით - თევზები.
წითელი ჯვრის საყდრის (გუჯარეთი) ეზოში დგას ცხენის (უფეხო) აღვირ-უნაგირით შეკაზმული ქანდაკება-საფლავის ქვა.
ყვიბისში, წმინდა გიორგის ეკლესიის სასაფლაო ლოდზე გამოსახულია ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი. გარშემო ვაზის არშია აკრავს, მარცხენა მხარეს ამოკვეთილია ცხვრის ბარელიეფი. გარდაცვალების თარიღია 1825 წელი. ლამაზი მხედრული ხელით ამოკვეთილია: "ეჰა, საწუთრო დავტოვე მე, ალექსი გელაშვილმა, ოცდაათი წლის სიცოცხლით გაუმაძღარმა. ვიყავი მოყვარული მამისა და ნათესავის".

ქრისტიანები ამ მთაზე III საუკუნეში დამკვიდრდნენ, ქართველები კი VI საუკუნეში მივიდნენ და საკუთარი ტაძრები ააგეს. ერთ-ერთი ტაძარი დავით აღმაშენებელს აუგია. სინას მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინას მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები - ქართლში.
სინას მონასტერში ქართველ მამებს საკუთარი უმდიდრესი წიგნთსაცავი ჰქონდათ თავისი კატალოგით. წიგნთსაცავში საგანგებოდ იყო გამოყოფილი სამკითხველო ოთახი. აქაური ქართული წიგნთსაცავი მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით არ მდიდრდებოდა. ხელნაწერები მოდიოდა პალესტინის ქართული კერებიდან: გეთსამანიიდან, გოლგოთიდან, პალავრიდან, საბაწმინდიდან და სხვა.
სინას მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც იქვეა დაცული, ნაწილი კი ინახება თბილისში, პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვაგან.
სინას მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფები და ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისეთებიც, რომლებიც ამდიდრებდნენ ქართულ სასულიერო კულტურას. მათ შორის: იოანე მინჩხი, მოგვიანებით საბაწმინდის ლავრიდან გადავიდა და იქ სასულიერო ლიტერატურული საქმიანობა განაგრძო იოანე-ზოსიმემ.
სინას მთაზევე იყვნენ მიქაელ ფანასკერტელი, იოანე კუმურდოელი, იოანე სინაელი და სხვები.
სინას მთის ქართველ მამებს კავშირი ჰქონდათ არაბულ-ქრისტიანულ სამყაროსთან. იქაურ ხელნაწერებში შემონახულია არაბული დამწერლობის კვალი. ჩვენამდე მოღწეულია არაბული ანბანი ქართველთათვის.
სინას მთის ქართველ მამათა მემკვიდრეობა ჯერ კიდევ შესასწავლია.