17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა
17.05.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში.
მისი უწმინდესობის კურთხევით, ოჯახის დღე დიდი ზეიმით აღინიშნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც: მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ფოთში, თელავში, სენაკში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ახალციხეში, მარტვილში, ოზურგეთში, ონში, ცაგერში, დუშეთში, ზესტაფონში და სხვ.