მათ, ვინც მას დიდი მოწიწებითა და ინტერესით ეპყრობოდა, ახსოვთ ეს სასწაულები ყველა წვრილმანით და ამ ადამიანებს ვიმოწმებ სახელდობრ. რაღა თქმა უნდა, მდუმარედ იქნება მოხსენიებული ყველა ფარასიოტის სახელი, რომლებმაც სხვადასხვა სასწაულის შესახებ მიამბეს. თითქმის ყველა წვრილმანს შეიცავდა მედავითნე პროდრომოს კორცინოგლუს მიერ შეკრებილი ცნობები, რომელიც აგრეთვე თავად იყო ცოცხალი, უტყუარი წყარო კურთხეული ჰაჯიეფენდის ცხოვრების აღწერისათვის.
კლდეზე, გამოქვაბულში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამლოცველო იყო. ფარასიოტებმა ფართობის გასაზრდელად ფიცრული აივანი ააგეს, რომელიც კლდეზე იყო გადმოკიდებული. ზემოთ ასასვლელად უნდა აგევლო კლდეში ამოკვეთილი ორმოცი და კიდევ ასოცი ფიცრისგან აგებული საფეხური. ერთხელ მამა არსენი, ჩვეულებისამებრ, ლიტურგიის აღსასრულებლად პროდრომოსთან ერთად სამლოცველოსაკენ გაემართა. საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა არსენი ცოტა ხნით აივანზე გავიდა. იგი მოაჯირს დაეყრდნო. ამ დროს მოაჯირს ფიცარი აძვრა და მამა არსენი უფსკრულში გადავარდა. ხეობის მეორე მხარეს მყოფმა გლეხმა დაინახა მისი გადავარდნა, მიატოვა შებმული ხარები და ქვევით გაიქცა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მამა არსენი დაიმტვრა. პროდრომოსმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ისევ ტაძარს აწესრიგებდა. როდესაც გლეხი ხეობის ფსკერზე ჩავიდა, მამა არსენის სხეული უვნებელი, მაგრამ უძრავად მყოფი დაინახა და მივიდა მასთან, რათა შეხებოდა. ამ დროს მამა არსენმა უთხრა: "არ შემეხო, მე არაფერი მომსვლია". ის უმოძრაოდ იწვა არა იმიტომ, რომ დაიმტვრა, არამედ იმის გამო, რომ სულიერად აღტაცებული იყო, რადგან როდესაც უფსკრულში ვარდებოდა, ქალმა აიტაცა ხელში, დაუშვა მიწაზე და ასე დატოვა. შემდგომში მამა არსენი ხშირად ამბობდა, რომ ამ დროს თავს დედის ხელში მყოფი ჩვილივით გრძნობდა. გადატანილი მღელვარების შემდეგ იგი ფეხზე წამოდგა, ამოვიდა ხეობიდან და აიარა ას სამოცი საფეხური. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამლოცველოში დაბრუნებულმა მომხდარის შესახებ პროდრომოსს უამბო, რომელიც ტაძრის დალაგებით იყო დაკავებული და ჯერაც არაფერი იცოდა. მოგვიანებით გლეხი ფარასაში ჩავიდა და ხალხს უამბო, რისი მოწმეც გახდა.
1971 წელს შემთხვევითი საუბრის დროს ამ ამბის შესახებ გავიგე ბერი იოსებისაგან, ახალი სავანიდან, რომელმაც წაიკითხა ეს მამა იოაკიმ სპეცარისის წიგნში "წმინდა ზიარების შესახებ," რომელშიც ავტორი ამბობს, რომ თავად მონაწილეობდა ამ მსახურებაში:
"კიდევ ერთი მოვლენა მოხდა მართლმადიდებლობის დღესასწაულზე იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში. ღვთისმსახურებას ასრულებდა პატრიარქი ნიკოდიმოსი და მსახურებაში მონაწილეობდნენ ექვსი ეპისკოპოსი, ორმოცზე მეტი მღვდელი და თორმეტი დიაკონი. რა თქმა უნდა, მრავალი მომლოცველი მღვდელი იყო აღმოსავლეთიდან, რუსეთიდან და სხვა მხარეებიდან. მეც მსახურებაში მონაწილე მღვდლებს შორის ვიყავი. დიდი გამოსვლის შემდეგ, როდესაც პატრიარქმა წაიკითხა ლოცვა და აკურთხა წმინდა ძღვენი, მსხურებაში მონაწილე ერთ-ერთ მღვდელს სახე ძლიერ გაუბრწყინდა, რამაც ჩემზე დიდი ზემოქმედება მოახდინა. მღვდელი, როგორც ჩანს, სამოცდაათ წელს გადაბიჯებული იყო. მე ვიკითხე: "საიდან არის ეს მღვდელი?" მიპასუხეს: "კაბადოკიიდან, და მოვიდა, როგორც მომლოცველი". საღვთო ლიტურგიის შემდეგ მე დავინტერესდი, თუ იყო იქ ხალხი იმავე ადგილიდან, საიდანაც ეს მღვდელი იყო. "დიახ, - მომიგეს, - მღვდელთან ერთად სხვა მომლოცველებიც მოვიდნენ". "თუ შეიძლება, - ვთხოვე მე ერთ-ერთ იეროდიაკონს, - დაუძახე ერთ ან ორ მომლოცველს, რომლებიც ამ მღვდელთან ერთად მოვიდნენ". იეროდიაკონმა დაუძახა და მოვიდნენ სამნი. "თქვენ იქიდან ხართ, საიდანაც ის მღვდლი, რომელიც დღეს მსახურებაში მონაწილეობდა?" "რა თქმა უნდა, - მიპასუხეს მათ, - ზუსტად იმ ადგილიდან და ეს ჩვენი მღვდელია". მე კიდევ ვკითხე მათ: "როგორ ცხოვრობს იგი? კარგი მღვდელია?" მათ მითხრეს, რომ იგი წმინდა კაცია, სასწაულებს ახდენს, თუ ლოცვას წაიკითხავს რომელიმე სნეულისთვის, იგი იკურნება. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თურქებიც კი წმინდანად მიიჩნევდნენ, რადგან იგი მათ შორისაც ახდენდა სასწაულებს და კურნავდა სნეულთ".
აქამდე ჩვენ ძირითადად ვლაპარაკობდით მამა არსენის ცხოვრებასა და სასწაულებზე კაბადოკიაში, თუმცა უფრო დიდი საღვთო საქმეები წმინდა მამა არსენისა იწყება ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ საბერძნეთში, როდესაც მისმა დაღლილმა წმინდა ძვლებმა ცოტა შეისვენეს კურთხეულ მიწაში, კორფუს წმინდა კუნძულზე.
1970 წლიდან, როდესაც მამა არსენმა გამოცხადება დაიწყო, იგი განწყვეტლივ ახდენდა სასწაულებს. ამჟამად მრავალი ადამიანი იკურნება სხვადასხვა დაავადებისაგან, როდესაც მის სახელს მოუხმობს რწმენითა და მოწიწებით.
იანიციდან ღვთისმოსავმა ქალებმა მაგნიტოფონის ჩანაწერის სახით გამომიგზავნეს ოთხმოცდაათი წლის ფარასელი ქალის მონათხრობი, რომელსაც სახელად აგათია ერქვა. მასთან შესახვედრად 1982 წელს გავემართე, რაც მეტად დამეხმარა მეხსიერებაში აღმედგინა ბევრი რამ იმ ამბიდან, რომელიც ბავშვობისას მსმენოდა. ფარასელ ადამიანებთან საუბრის შემდეგ ჩავწერე ის, რაც მიამბეს.
ერთხელ მამა არსენი სოფლის მცხოვრებლებთან ერთად ლიტურგიის ჩასატარებლად წავიდა მიქაელ მთავარანგელოზის სამლოცველოში. სოფლიდან სამლოცველომდე საათნახევრიანი გზა იყო გასავლელი. სამლოცველოს შემოგარენში არაერთ ფარასიოტს ჰქონდა მიწის ნაკვეთი. ისინი, ფაქტობრივად, იქ ცხოვრობდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, მოსავლის აღებამდე. ამიტომ, როდესაც მამა არსენმა დაასრულა საღვთო ლიტურგია, აიღო ნაკურთხი წყალი, რათა მინდვრისთვის ესხურებინა. მომლოცველთა ნაწილი გაჰყვა მას, ხოლო დანარჩენები ტაძართან, ხის ჩრდილქვეშ ისხდნენ.
ამ ხეზე ფოთლებზე მეტი ძაფი და ნაკუწი ეკიდა, რომლებიც განსაცდელში მყოფმა ადამიანებმა ტოტებზე შეაბეს. უნდა ითქვას, რომ, როდესაც თავის ნაკვეთებში დარჩენილი ფარასელები ავად ხდებოდნენ, დიდი მანძილის გამო უჭირდათ ჰაჯიეფენდისთან წასვლა, სამლოცველო კი ყოველთვის ღია არ იყო, მას კეტავდნენ, რომ თურქებს არ წაებილწათ. ამიტომ ისინი მიდიოდნენ და ლოცულობდნენ მიქაელ მთავარანგელოზის სამლოცველოსთან, შემდეგ აგლეჯდნენ ძაფს ან ნაკუწს ტანსაცმლის იმ ნაწილს, რომელიც მტკივან ადგილს ეხებოდა და ხეზე აბამდნენ, თან ამბობდნენ: "წმიდაო, მიხსენ მე ტკივილისაგან, შენ წმიდა ხარ და ამის გაკეთება შეგიძლია". მიქაელ მთავარანგელოზი მაშინვე კურნავდა განსცდელში მყოფ მორწმუნეებს.
რაკი ნათლია მამა არსენს არ ასვენებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, იგი იძულებული გახდა ეთქვა მისთვის: "მისმინე, ნუთუ ფიქრობ, რომ მე ვაპირებ ნება დავრთო, განბანონ ის, ვინც მოვნათლე?" ის განუწყვეტლივ ლოცულობდა ელევთერიასათვის და აი, რა მოხდა! რამდენჯერაც სცადეს თურქებმა მისულიყვნენ გარდაცვლილი ქრისტიანის სხეულის განსაბანად, მათ ხელის განძრევაც კი ვერ შეძლეს. ამიტომ იგი განუბანავი დაკრძალეს თურქულ სასაფალაოზე.
ჰაჯიეფენდიმ მიცვალებულისგან დაშორებით მყოფმა შეასრულა მისთვის პანაშვიდი და განაგრძობდა ლოცვას. ამის შემდეგ კიდევ მოხდა ერთი რამ.
ელევთერიამ ყოველ ღამით დაიწყო თავის სახლში გამოცხადება, ყველაფერს თავდაყირა ატრიალებდა, ჭურჭელს ფანტავდა და ამბობდა: "რატომ მაწვალებთ მე ამ ჯოჯოხეთში, თქვენს სასაფლაოზე? მალე წამიყვანეთ აქედან და გამიშვით სახლში, ქრისტიანულ სასაფლაოზე". თურქულ ოჯახს გაუჭირდა ამის ატანა და გაემართნენ მამა არსენთან: იგი ყოველ ღამით გვაწვალებს, სახლს ყირამალა ატრიალებს და იმეორებს, რომ იგი თქვენს სასაფლაოზე დაკრძალონ, როგორც ჩანს, მას უყვარდა თქვენი სარწმუნოება". მამა არსენმა მიუგო ქმარს: "მე რას მეკითხები? მე ბერძენი ვარ და შენ - თურქი. მოიქეცი ისე, როგორც გინდა". მან უპასუხა: "არა, ჰაჯიეფენდი, მე არ მინდა ვიმოქმედო შენი კურთხევის გარეშე". მაშინ მამა არსენმა უთხრა: "ჩვენ თქვენთვის გავაკეთებთ გამონაკლისს. თქვენ ამოთხრით მას და მოასვენებთ, ხოლო ჩვენ დავკრძალავთ ჩვენი სასაფლაოს კუთხეში". მართლაც ამგვარად მოიქცნენ.
ამის შემდეგ გახარებული ელევთერია გამოცხადდა თურქების სახლში და ყველას სიკეთე უსურვა: "იცხოვრეთ ათასი წელი! მე ახლა სამოთხეში ვარ, ნათელში, ვნეტარებ უფლის ნიჭებით".
დაე, მოწყალე უფალმა მშვიდობა მისცეს ყველა იმ ერთგულის სულს, ვინც მოწოწებით შემოინახა ჩვენი ეკლესიის წმინდა მამათა გარდამოცემები და აგრეთვე წმინდად დაიცვა თავის მეხსიერებაში ცხოვრება და ღვაწლი წმინდა მამა არსენისა კაბადოკიაში და გადასცა ეს თავის შთამომავლობას. დაე, წმინდა მამა არსენმა უხვად მიმადლოს თავისი კურთხევა ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს, რომლებმაც შეგვატყობინეს სხვადასხვა ამბავი და დაგვეხმარნენ მისი ცხოვრების დაწერაში. ამინ.