სხვათა მიმართ ლმობიერი და მოწყალე მამა არსენი მეტად მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ. დიდი სიყვარულის გამო აღასრულებდა მეტანიებს და მარხულობდა იმათ ნაცვლად, ვისაც თავად არ შეეძლო ამის გაკეთება. როგორც სულიერი მამა, არ ადებდა ეპიტიმიებს ადამიანებს, ცდილობდა მათ მიყვანას ისეთ სულიერ მდგომარეობამდე, როდესაც ისინი სულიერი მოშურნეობით თავად მოითხოვდნენ რაიმე სულიერ სავარჯიშოს, საქველმოქმედო სამუშაოს ან კურთხევას ნებისმიერ კეთილ საქმეზე, რომლის შესასრულებლადაც მზად იყვნენ.
როდესაც მამა არსენი ეშმაკების მიერ შეპყრობილ ან დადამბლავებულ პატარა ბავშვს ხედავდა და ხვდებოდა, რომ ამაში მშობლები იყვნენ დამნაშავენი, ბავშვის განკურნების შემდეგ ეპიტიმიას მშობლებს ადებდა. ერთხელ ჰაჯი-ეფენდის დამბლადაცემული ბავშვი მოუყვანეს. წაუკითა ლოცვები და მას შემდეგ, რაც ბავშვი განიკურნა, ეპიტიმია დაადო მშობლებს, რადგან ღვთის მადლით შეიტყო, რომ ბავშვი მათი მიზეზით იყო ავად.
პარასკეობით სენაკში დაყუდებულიყო სულიერი მოღვაწეობისა და ლოცვისათვის. ამ დღეებში მამა არსენის შემცვლელი მისი სენაკის ზღურბლი იყო. თუ ავადმყოფი მოდიოდა შორიდან, რაკი არ იცოდა მისი დაყუდების კანონის შესახებ, კარზე აკაკუნებდა. მამა არსენი აღებდა კარს, მაგრამ არაფერს ამბობდა. ნიშნების მეშვეობით იგებდა დაავადების შესახებ, პოულობდა შესაბამის ლოცვას, კითხულობდა მას და სნეული იკურნებოდა. სხვა შემთხვევაში, როდესაც ხალხი კარზე აკაკუნებდა, ის პასუხობდა. უეჭველია, მამა არსენი ამ დროს სულიერი ჭვრეტის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოვლენები გვიჩვენებდა, რომ იმ დღეებში, როდესაც წმინდა მამა დაყუდებაში იმყოფებოდა და ლოცულობდა, ღვთაებრივი ძალები გადმოდიოდა მასზე და თავადაც აჰყავდათ ანგელოზებს ზეცაში.
სენაკში წმინდა მამას მხრებზე ტომარა ჰქონდა მოსხმული. ბევრი სთხოვდა მოხსნას, რადგან მასთან ოფიციალური პირებიც მოდიოდნენ, მაგრამ პასუხობდა: "მე არ შემიძლია ამ ტომარის მოხსნა, რადგან დედაჩემის საჩუქარია". როგორც ჩანს, აქაც რაღაც საიდუმლო ჰქონდა მამა არსენს, შესაძლოა, ის ძაძასა და ნაცარში ლოცულობდა (მათ 11,21, ლუკა 10,13), რადგან, ჩვეულებრივ, მისი კანკელის ქვეშ ნაცარი იყო მიმობნეული, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად, მისი მედავითნე, ფარულად ათვალიერებდა კეთილი ცნობისმოყვარეობის გამო.
იმ სასწაულების გამო, რომელთაც მამა არსენი აღასრულებდა ღვთის მადლით, ხალხი წმინდანის საკადრის პატივს მიაგებდა. ის მართლაც წმინდანი იყო. ხალხისგან მოსალოდნელი განდიდება მამა არსენს რთულ მდგომარეობაში აყენებდა და აიძულებდა, უფრო მეტად დაემალა თავისი სიწმინდე, რათა გაქცეოდა კაცთა ქება-დიდებას. გაამპარტავნების საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა, მაგრამ კაცთამიერი ქება-დიდება თავისთავად გახდებოდა საკმარისი ჯილდო მისი ღვაწლისათვის ამ ამაო ცხოვრებაში. ამგვარ პირობებში მის ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენდა დროდადრო ქრისტესთვის სალოსის სახის მიღება და თავის მოჩვენება სხვა ადამიანად, ვიდრე ის სინამდვილეში იყო. ის უცნაურად უნდა მოქცეულიყო, რასაც აკეთებდა კიდეც. იმისათვის, რომ არ ჩაეთვალათ მშვიდად, თავს აჩვენებდა გაღიზიანებულად; რომ არ ჩაეთვალათ მმარხველად, თავს აჩვენებდა გაუმაძღრად; თუ ვინმე ეუბნებოდა, - წმინდანი ხარო, პასუხობდა: "შენი ოჯახი სულაც არ არის ოჯახი". როდესაც მისგან ესოდენ დამამცირებელი სიტყვები ესმოდა, დამწუხრებული აღარ უწოდებდა მას წმინდანს და ამბობდა: - ის წმინდანი იქნებოდა, ღირსეულად რომ იქცეოდეს.
ხშირად, როდესაც მამა არსენი ცდილობდა გაღიზიანებულად მოეჩვენებინა თავი, ეს ოსტატურად არ გამოსდიოდა, რადგან მის თვალებში ღიმილი გამოსჭვიოდა, თუმცა სიტყვებით მაინც ცდილობდა დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ცოდვილია და უამრავი ვნება აქვს. ამბობდა: "ხომ ხედავთ, რა კაცი ვარ, და თქვენ კი რას ფიქრობთ? რანაირი წმინდანი ვარ?" განსაკუთრებით მკაცრად და უცნაურად იგი ქალებს ექცეოდა, რადგან ისინი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და თავგამოდებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მასზე ზრუნვაში. ამიტომ, როდესაც რომელიმე მათგანს მოჰქონდა მისთვის საჭმელი, უკმეხად მიახლიდა, - ძალიან ცოტააო და არ იღებდა. ზოგჯერ უხეშად ამბობდა, - საჭმელი უგემურიაო და აგდებდა მის მომტანს.Qქალები იბნეოდნენ და არ იცოდნენ, რით ესიამოვნებინათ მისთვის.
სხვა დღეებში მამა არსენი ჩვეულებრივად მსახურობდა თავის სენაკში ან წმინდა მოწამეთა - ბარაქისეს და იონას სახელობის ტაძარში. იგი ღვთისმსახურებას საღამოს 9 საათზე (საერო დროით) იწყებდა და ასრულებდა დილის 3 საათზე, რის შემდეგაც 2-3 საათით ისვენებდა. ხშირად კვირის ჩვეულებრივ დღეებში მამა არსენი მიდიოდა უახლოესი სამლოცველოსაკენ და მცირე დასვენების შემდეგ ლიტურგიას აღასრულებდა. მწუხრის ლოცვა აღესრულებოდა წმინდა მოწამეთა ტაძარში. იგი არასდროს მგზავრობდა სახედრით ან ცხენით, მიდიოდა ფეხით და შემდგომ მთელი მსახურების განმავლობაში ფეხზე იდგა. მამა არსენის არაჩვეულებრივი შემბრალებლობა არ აძლევდა მას ცხოველთა დატვირთვისა და საკუთარი თავის დასვენების უფლებას. მეტიც, იგი ფეხშიშველი დადიოდა ხოლმე. როდესაც ხალხი ხვებოდა, დროებით იცვამდა ფეხზე, ხოლო განშორების შემდეგ ისევ ტომარაში დებდა ფეხსაცმელს.
ერთხელ ადანის გავლით იერუსალიმში მიმავალი გაჩერდა ფარასელი ქალის სახლში. გრძელი გზისა და ფეხშიშველა სიარულის გამო ფეხები დაუსივდა და არ ჩაეტია ფეხსაცმელში. მიუხედავად საშინელი დაღლილობისა (ხუთდღიანი მგზავრობის შემდეგ), დაწვა არა ლოგინზე, არამედ იატაკზე. მისი წასვლის შემდეგ სახლის მეპატრონეები თავად მიხვდნენ ამას, რადგან ქვეშაგები იყო სრულიად სუფთა და განზრახ ხელით დაჭმუჭნილი, რაც იმისთვის გააკეთა, რომ დიასახლისს გახარებოდა (რომ მამა არსენმა დაისვენა) და ამასთანავე, დაეფარა თავისი ღვაწლი.