...კონსტანტინოპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან. ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი - გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი - იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს).
ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს: "ჩვენ თანასწორნი ვართ უფლის წინაშე. შეწყვიტეთ შფოთი და ერთ დღეს დააწესეთ ჩვენი ხსენება".
რაც ცეცხლში მრავალგზის გამოცდილ ოქროს ემართება, ჩვეულებისაებრ იგივე ემართება განსაცდელგამოვლილ ოქროს სულებსაც. გარკვეული დროით ცეცხლში გაჩერებული ოქრო ბევრად უფრო წმინდა და ბრწყინვალე ხდება: და ოქროს მსგავსსულიანი ადამიანებიც, გადიან რა განუწყვეტელი განსაცდელების ბრძმედს, ოქროზე ბევრად უფრო ბრწყინვალენი და ძვირფასნი ხდებიან.
* ვინც სათნოებით ცხოვრებას იწყებს, ჯერ პირველ საფეხურზე უნდა მოიმაგროს ფეხი და იქიდან განუწყვეტლივ ვიდოდეს მაღლა და მაღლა მანამ, სანამ თანდათანობით წარმატებებით კაცობრივი ბუნებისთვის მისაწვდომ სიმაღლეზე არ დადგება. ისევე როგორც კიბეზე პირველი აბიჯება დედამიწისაგან განშორებას ნიშნავს, ასევე იმისთვის, ვისაც საღმრთო სჯულით ცხოვრება სურს, წარმატების დასაბამი ბოროტისგან განშორებაა. საერთოდ კი ნებისმიერ საქმეზე ბევრად ადვილია ყოველგვარი უმოქმედობა. მაგალითად, მცნებათაგან - არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო - თითოეული მხოლოდ უმოქმედობასა და უმოძრაობას მოითხოვს, მაშინ როცა მოღვაწეთა შესაფერისი მოქმედებაა: "შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი... გაყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა" და "რომელნი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა". აქ მოქმედებათა აღსრულება უკვე მამაც სულს მოითხოვს, ამიტომაც გიკვირდეს სიბრძნე იმისა, ვისაც უფრო ადვილისა და მისაწვდომის გავლით სრულყოფისკენ მივყავართ.
* მცნება მაშინაა ჩვენთან, როცა სიკეთის შემეცნებას მოვახერხებთ. ხოლო თუ მზაკვარ ფიქრებს ვერ ჩავახშობთ და გონებას მივუშვებთ, რომ ვნებებს დაემონოს, ცოდვა გაცოცხლდება, გონება კი მოკვდება, იქცევა გვამად ცოდვით დაცემის გამო. ამიტომაც ნეტარია ის, ვინც არ გაჩერდა უშჯულოთა გზაზე, არამედ კეთილგონიერების წყალობით ღმრთისმოსავის ცხოვრებას შეუდგა.
* როცა ადამიანი აზრს მარადიულისკენ წარმართავს - სათნოებას ირჩევს, ხოლო რაჟამს მზერას აწმყოს მიაპყრობს - უპირატესობას ტკბობას ანიჭებს. აქ ხორციელ ტკბობას ხედავს, იქ - ხორცის დამონებას; აქ - მემთვრალეობას, იქ - მარხვას; აქ - თავშეუკავებელ სიცილს, იქ - ცრემლების სიუხვეს; აქ - ცეკვა-თამაშს, იქ - ლოცვა-ვედრებას; აქ სალამურის ხმა ესმის, იქ - ოხვრისა; აქ მრუშობაა, იქ - ქალწულება. რამდენადაც გონებისთვის ჭეშმარიტი სიკეთე მხოლოდ რწმენის გზითაა მისაწვდომი (რადგანაც იგი დაშორებულია ჩვენგან, თვალი ვერ ხედავს და ყურსაც მასზე არაფერი ესმის), ცოდვათა სიტკბოება კი ხელთა გვაქვს და ყოველი ჩვენი გრძნობიდან ჩვენში ცდუნება მოედინება, ნეტარია ის, ვინც დაღუპვისაკენ კი არ მიიქცა ტკბობათა საცდურით, არამედ ხსნის იმედი მოთმინებით შეინარჩუნა და ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევისას არ დაადგა გზას, რომელსაც ბოროტებისკენ მივყავართ.
* ახლაც ვიცი ისეთები, რომელთაც სიჭაბუკეში წარიწყმიდეს ხორციელი ვნებებით თავი და ჭაღარით შემოსილნიც კი ბოროტი ჩვევის გამო ცოდვას სჩადიან. როგორც ღორებს ტლაპოში გორაობისას სულ უფრო და უფრო ეკრობათ ტალახი, ასევე ესენიც, ავხორცობის წყალობით, ყოველდღე ახალი სირცხვილით იფარებიან.
* ცეცხლს, რაჟამს იგი ადვილად დასაწვავ ნივთიერებას შეეხება, არ შეუძლია მთლიანად არ მოედოს მას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ძლიერი ქარიც დაუბერავს, რომელსაც ალი ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს. ასევეა ცოდვაც - შეეხება რა ერთს, როცა ბიწიერნი სულნი გააღვივებენ, არ შეუძლია, არ გადავიდეს იმაზე, ვინც ახლომახლოა.
* ასეთი ცხოვრება რა ცხოვრებაა? ერთი კუბოდან წამომდგარი სხვა კუბოსკენ მივეშურები და ამოსული სამარიდან შეუბრალებელ ცეცხლში დავიმარხები. და თვით ეს დროც, ვიდრეღა ვსუნთქავ, ნაკადულია მსწრაფლმდენი მდინარისა, რომელშიც ერთი მიდის და მეორე მოდის, და არაფერია მდგრადი. აქ ყოველივე ერთი მტვერია, რომელიც თვალებს მივსებს და ღვთიურ სინათლეს უფრო და უფრო განვეშორები. კედელ-კედელ, ხან აქ, ხან იქ - ხელისცეცებით დავხეტიალობ დიდი ცხოვრების მიღმა. გავკადნიერდები ერთ მართალ სიტყვაზე: ღვთის თამაშია ადამიანი, ერთი იმათგანი, ქალაქებში როგორსაც ვხედავთ. გარედან ხელით ნაკეთი ნიღაბი აქვს აფარებული; ხოლო როდესაც ჩამოხსნილი აქვს, სირცხვილისგან ვქვავდები, მოულოდნელად ისეთი სხვაგვარი გამოგვეცხადება. ასეთია საბრალო მოკვდავთა მთელი ცხოვრება. ზოგიერთებს გულზე მეოცნებე იმედი მოჰფენია, თუმცაღა თავს დიდხანს არ იქცევენ.
* ვინ ვარ მე, საიდან მოველ ამ ცხოვრებაში? და მას შემდეგ, რაც მიწა თავის წიაღში მიმიღებს, როგორი აღმოვჩნდები აღმდგარი მტვრიდან? სად დამაყენებს მაღალი ღმერთი? და აქედან წარტაცებულს შემიყვანს კი მყუდრო ნავსაყუდელში? მრავალი გზაა მრავალსალმობიერ ცხოვრებაში და თითოეულზე თავ-თავისი წუხილი გვხვდება; არ არის კაცთათვის სიკეთე, რომელსაც ბოროტება არ ერთვოდეს. და კიდევ: კარგია, თუ ჭირ-ვარამს დიდი საწყაულისთვის არ მიუღწევია! სიმდიდრე არაა საიმედო; საყდარი სიზმარას მზვაობრობაა; ქვეშევრდომობა სამძიმოა; სიღატაკე ბორკილებია; სილამაზე - ელვის ხანმოკლე ციაგი; ახალგაზრდობა - დროებითი დუღილი; ჭაღარა - სიცოცხლის წუხილიანი ჩასვენება; სიტყვები მიფრინავენ; დიდება კვამლია; კეთილშობილება - ძველი სისხლი; ძალა ველური ტახის მონაპოვარიცაა; განძღომა სითავხედეა; მეუღლეობა - უღელი; მრავალშვილიერება - გარდაუვალი საზრუნავი; უშვილობა - ავადმყოფობა; სახალხო შეკრებები - მანკიერებათა სასწავლებელი; უმოქმედობა ადუნებს; მოჩვენებითობა მიწაზე მხოხავთ შეჰფერით; სხვისი პური მწარეა; მიწათმოქმედება ძნელია; მეზღვაურთა დიდი ნაწილი დაიღუპა; მამული საკუთარი ორმოა; სხვისი მხარე კიცხვაა; მოკვდავთ ყველაფერი უძნელდებათ; ყველაფერი აქაური - სიცილია, ბურუსია, აჩრდილია, მოლანდებაა, ცვარია, სიოა, ბუმბულია, ორთქლია, სიზმარია, ტალღაა, ნაკადულია, ხომალდის კვალია, ქარია, მტვერია, წრეა მიწყივ მბრუნავი, განმაახლებელი ყოველი უწინდელის მსგავსისა, უძრავიცა და მოქანავეც, დაქცევადიც და უცვალებელიც - წლის დროებში, დღეებში, ღამეებში, შრომაში, სიკვდილებში, საზრუნავებში, თავშესაქცევებში, სნეულებაში, დაცემებში, წარმატებებში.
* მრავალი ლურსმნით გამაგრებული მცირე ხომალდი უფრო მეტ ტვირთს ზიდავს, ვიდრე ცუდად აგებული დიდი გემი. ღვთიურ კართან ვიწრო ბილიკია მიმყვანებელი, მაგრამ მრავალ ბილიკს გაჰყავხარ შარაგზაზე. დე, ერთნი იარებოდნენ ერთი ბილიკით, სხვები - სხვით, ვისაც რომელზე მიუთითებს თითოეულის ბუნება. ეს კია - ყველა შეუდგეს ამ ვიწრო ბილიკს. ყველას ერთნაირად არ სიამოვნებს ესა თუ ის საჭმელი; ქრისტიანებსაც მხოლოდ ერთი ცხოვრების წესი როგორ შეჰფერით.
* თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, მე შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი და ამიტომ - იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიურიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენიებენ ზეცაში; შექმნილი ღმერთი, რომელიც ქრისტეს ვნებათა გზით მიემართება უხრწნელი და წარუვალი საუკუნო დიდებისაკენ.
შალვა კეკელიამ