მკვდარ ზღვასთან, სადაც მას იორდანე უერთდება, ერთი სენაკი იპოვეს, რომლის პატრონიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილიყო. სენაკთან პატარა ბაღიც იყო გაშენებული. გაუხარდათ სულიერ ძმებს, სენაკში დასახლდნენ და ასე დაიწყო მათი 29-წლიანი ერთად მოღვაწეობა. მრავალი ბრძოლა აღძრა ბოროტმა, მაგრამ ღვთის შეწევნითა და ერთმანეთის დახმარებით ყოველივე დაძლიეს, საკუთარი სხეული დათრგუნეს და სულს დაუმორჩილეს, ამაში განსაკუთრებით სვიმონი წარემატა და დიდ უვნებლობას მიაღწია, მისი სხეული ისე უგრძნობი გახდა დედათა მიმართ, თითქოს გამხმარი ხე ყოფილიყო.
ერთხელ სვიმონმა იოანეს უთხრა: ამიერიდან რაღა სარგებელი აქვს ჩვენს უდაბნოში ყოფნას? აქ მხოლოდ საკუთარ თავს ვარგებთ, თუ დამიჯერებ და სოფელში წავალთ, ბევრ სხვას ვაცხოვნებთო. მგონია, ძმაო, ეშმაკმა ჩაგინერგა ეგ ფიქრი, - უთხრა იოანემ, - რადგან შეშურდა შენი მყუდროდ ცხოვრება. დარჩი აქ, მოითმინე ვიდრე აღსასრულამდეო. მაგრამ შეუვალი იყო სვიმონი. იოანე მიხვდა, რომ ღვთისგან იყო შთაგონებული სვიმონის განზრახვა, მეტად აღარ აღდგომია წინ. ურჩია, ეცადე, მონასტერში შეგროვებული მადლი ერში არ გაფანტოო. დაემშვიდობნენ ერთმანეთს. სვიმონი დაჰპირდა, თუ ჩემი საქმე ღვთისთვის მოსაწონი იქნება, სიკვდილის წინ მოგინახულებ და რამდენიმე ხანში ჩემთან წაგიყვანო.
წამოვიდა წმინდა სვიმონი, მაგრამ მაშინვე არ დაუწყია სალოსობა, ჯერ იერუსალიმის სიწმინდეები მოილოცა, მერე კი გულმოდგინედ შესთხოვა ღმერთს - ჩემი საქმენი კაცთაგან დაფარეო. ასეც მოხდა: თუმცა შემდგომში წმინდა სვიმონმა მრავალი მოაქცია, მრავალი სასწაული მოახდინა, მაგრამ მასში ადამიანთა უმეტესობა ეშმაკეულს ხედავდა და მის საქციელზე იცინოდა.
დილით კი კვირის წირვაზე ეკლესიაში შევიდა და კანდელების მსხვრევა დაიწყო, მერე ამბიონზე ახტა და დედაკაცებს კაკლების სროლა დაუწყო. ძლივს გამოაგდეს ტაძრიდან. გარეთ გამოსულმა პურის გამყიდველებს ტაბლები გადაუქცია. გაბრაზებულმა ხალხმა ისე სცემა, ლამის სიკვდილის პირას მიიყვანა.
ერთ ცერცვის ვაჭარს შეეცოდა მოხუცი "სულელი" ბერი და თავისთან გამყიდველად დაადგინა, მაგრამ მან დრო იხელთა და მთელი ცერცვი, სკივრში შენახულ ფულთან ერთად, გლახაკებს დაურიგა. ამის გამო წვერით ითრიეს და გარეთ გამოაგდეს. ერთი საათის შემდეგ მოესმა, რომ გამყიდველის ცოლმა მსახურს ნაკვერჩხლის მოტანა სთხოვა. სვიმონი გაიქცა, ღუმლიდან ხელით გამოიღო ცხელი ნაკვერჩხალი და ქალს მიუტანა. რას შვრები, ხელს რად იწვავო, - შეჰკივლა ქალმა. სვიმონსაც ვითომ ხელი დაეწვა, კაბის კალთაში ჩაიყარა ნაკვერჩხალი და ქალს უთხრა: - თუ არ გინდა, ხელით ვაკმევდე, მაშინ კაბის კალთით ვაკმევო. რა თქმა უნდა, არც ხელი დასწვია და არც სამოსი. ამ ცხადი სასწაულის შემხედვარე მეცერცვემ და მისმა ცოლმა დაუტევეს სევეროსის მწვალებლობა და კათოლიკე ეკლესიას შეუერთდნენ. მამა სვიმონი კი ამ ადამიანებისგან განდიდებას გაექცა და სხვაგან წავიდა.
სვიმონი შვიდდღიანი შიმშილობის შემდეგ ყველას თვალწინ ხორცს ჭამდა, თავის "სიგიჟეში" რომ დაერწმუნებინა ხალხი, ხშირად ადამიანურ სირცხვილსაც გადალახავდა ხოლმე და ბაზარში დედიშობილა დადიოდა. ხოლო "ოდეს გარე განსვლა უნებნ, დაჯდის, სადაცა დაემთხვის, წინაშე კაცთა, შოვრის უბანთა" (ანუ შუა ბაზარში მოისაქმებდა ხოლმე).
წმინდა სვიმონმა კაცთა დაფარული ცოდვები იცოდა, ამხილებდა და არცხვენდა ეშმაკს. ქურდი ქურდობაზე ხელს იღებდა, სხვისი ქონების მიმტაცებელი წართმეულს აბრუნებდა, კომედიანტი ხალხის დაცინვას თავს ანებებდა. ზოგს ცალკე გაესაუბრებოდა, ზოგს სხვებთან ერთად ამხილებდა, მესამეს კი იგავით ეტყოდა ჩადენილ უსჯულოებაზე. მთელ ქალაქს სასიკვდინე ცოდვისგან იფარავდა. უნანელ ცოდვილებს ისე ეშინოდათ, მის დანახვაზე გარბოდნენ, რომ არ ემხილებინა. ამბობდნენ, ეშმაკისგან იქმს ყველაფერსო. ბევრი, ვინც ამბობდა, წმინდანიაო, მისი საქციელის შემხედვარე გაიძახოდა, - არა, შევცდით, გიჟია და ეშმაკეულიო. ქუჩაში ხან ნორმალურად გაივლიდა, ხანაც კოჭლობდა, ხანაც ხტუნვა-ხტუნვით, ზოგჯერ დაფორთხავდა მიწაზე, ზოგჯერ კი კუტივით იჯდა. ყოველ ახალმთვარეობაზე თავს ეშმაკეულად აჩვენებდა. დიდ მარხვას, ორმოც დღეს უჭმელი განვლიდა, დიდ ხუთშაბათს კი შუა მოედანზე ხორცის ჭამას შეუდგებოდა. "რამდენად გიყიდია ხორცი, სულელო?" - ეტყოდა დიაკონი. "ორმოც ფულად", - ეტყოდა, რაც მის ორმოცდღიან მკაცრ მარხვას ნიშნავდა.
ემესის ახლოს მონასტერი იყო. იქაური ორი ბერი ორიგენეს ნაწერებს კითხულობდა და გამოიკვლევდა. ერთი ამბობდა: მისი ნაშრომები ბევრი რამის ცოდნის შედეგია და ღვთისგან არ არისო. მეორე კი უმტკიცებდა: ღვთის მადლის გარეშე არ შეიძლება თავად დაწერო ისეთი რამ, რასაც დღემდე იღებს ქრისტეს ეკლესიაო. დიდი ხნის კამათის შემდეგ გადაწყვიტეს, იორდანეს უდაბნოში მოღვაწე მამებისთვის ეკითხათ რჩევა. ასე მიადგნენ წმინდა იოანეს. "ზღვა დაგიტოვებიათ და დამშრალ ტბასთან მოსულხართ წყლის ასაღებად, - უთხრა ემესელ ბერებს წმინდა იოანემ, - ამნაირ საქმეზე განსჯის ნიჭი ღმერთს ჩემთვის არ მოუცია, წადით თქვენს ქალაქში სვიმონ სალოსთან და ის გიპასუხებთო".
ჩამოვიდნენ ბერები ემესაში. ხალხს სიცილად არ ეყო მათი ნათქვამი: - მაგ გიჟმა, ბერობის შემარცხვენელმა რა უნდა გითხრათო. ბერები სალოსთან მივიდნენ. ნახეს, მიწაზე ცერცვი დაედგა და დათვივით ჭამდა. ერთმა მათგანმა გაიფიქრა: რა ტყუილად გამოგვგზავნეს ამასთანო. წმინდა სვიმონი წამოდგა და რისხვით თქვა: - ტყუილად მოხვედით, ისაა გიჟი, ვინც ჩემთან გამოგგზავნათო. მერე წამოდგა, განმკითხველ ბერს კისერში ხელი წამოარტყა და უთხრა: რატომ ლანძღავ ცერცვს, ორმოცი დღე სველდებოდა. ორიგენეს ასეთი რამ არ უჭამია, მაგრამ ზღვაში შესცურა, იქიდან ვეღარ გამოვიდა და ჩაიძირაო. ბერებს მეტი რაღა უნდოდათ, მადლობა შესწირეს ღმერთს და წმინდა ბერის პასუხით გაოცებულნი უკან დაბრუნდნენ.
...მთელ ღამეს ღირსი მამა ლოცვაში ატარებდა, დილით კი დაწნავდა ზეთისხილის რტოთაგან გვირგვინს, დაიდგამდა თავზე, ქალაქში გადიოდა და გაიძახოდა: - დიდება გამარჯვებულ მეფეს და მის ქალაქს! როგორც თვითონ აუხსნა დიაკონ იოანეს, ქალაქად ის სულს თვლიდა და მეფედ - ვნებებზე გამარჯვებულ გონებას.
დადგა მისი აღსასრულის ჟამიც. ახლა ჩემს სულიერ ძმასთან, იოანესთან ვიყავი, - უთხრა ერთხელ დიაკონს, - ვპოვე იგი სულიერად წარმატებული, სრულიად სათნოჰყოფია ღმერთს. ორივე ვხედავდით მის თავზე დადგმულ გვირგვინს წარწერით: "უდაბნოში მოთმინებისთვის". უცნობმა დიდებულმა კაცმა მითხრა: მოვედ ჩემთან, სულელო, და მიიღე ერთი კი არა, მრავალი გვირგვინი, მრავალ ადამიანთა სულების გადარჩენისთვისო. სიკვდილის წინ ტკბილად დაარიგა წმინდა სვიმონმა დიაკონი იოანე, კაცთა განუკითხველობა და შეწყალება ასწავლა. ორი დღის შემდეგ აღესრულა, სრულიად მარტოდმარტო.
რომ არ გამოჩნდა, ნაცნობმა გლახაკებმა "შინ" მიაკითხეს. ზედ ვაზის ნასხლავი წაეფარებინა. მთელი სიცოცხლე სულელობდა, სიკვდილის ჟამსაც არ მოიშალა. იმის მაგივრად, ზედ დაწოლილიყო, ნასხლავი ტანზე წაიფარა და ისე მოკვდაო, - თქვეს გლახაკებმა, მოჰკიდეს ხელი და განბანის, სანთელ-საკმევლის გარეშე უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე წაასვენეს. ჩაიარეს ერთი ქრისტიანი ურიის სახლთან, რომელიც წმინდა სვიმონის მიერ იყო მოქცეული. ურიას ქუჩიდან გამოუთქმელი სიტკბოების გალობა შემოესმა. გაიხედა და რას ხედავს, მხოლოდ ორ კაცს მიაქვს სვიმონ სალოსის სხეული. ნეტარ ხარ შენ, სალოსო, - ამოიოხრა ურიამ, - რადგან კაცთაგან არავინ გამოჩნდა, ვინც შენ "სულთათანას" გიგალობებდა და ღმერთმა ზეციური ძალნი მოავლინა საგალობოდო. შეუერთდა პროცესიას. ღირსი მამა მიწას მიაბარეს. დიაკონმა მისი სიკვდილი როცა გაიგო, გათხარა საფლავი, გარდაცვლილისთვის უკეთესი პატივი რომ ეცა, მაგრამ მისი სხეული იქ აღარ დახვდა. მაშინ ემესელები, თითქოს ღრმა ძილიდან გამოიღვიძესო, მიხვდნენ წმინდა სვიმონის ფასს, გაიხსენეს მისი წინასწარმეტყველებანი, საქციელი. წმინდა სვიმონთან ერთად მისი სულიერი ძმა იოანეც გარდაიცვალა და ახლა ერთად ადიდებენ სახიერ ღმერთს.
ასეთი იყო ცხოვრება წმინდა სვიმონ სალოსისა.