"ნაგავი ხარ, ვასიკო". მას შემდეგ, რაც სასწაულებრივად შეიძინა სახარება და ქრისტე შეიცნო, ეს წმინდა წიგნი ხელიდან არ გაუშვია. პატარა ვასიკო (მამა გაბრიელს ერისკაცობაში გოდერძი ერქვა, მაგრამ მამის პატივსაცემად ყველა ვასიკოს ეძახდა) დღემუდამ თავის სახარებას კითხულოდა, სხვა არაფერი აინტერესებდა. სწავლაზე ხელი აიღო, ზერელედ გადაავლებდა გაკვეთილებს თვალს და ისევ სახარებასა და მღვდლის მიცემულ წიგნებს მიუბრუნდებოდა. ცოტას რომ წაიკითხავდა, მერე დიდხანს ფიქრობდა, ასე - დაღამებამდე. ძილის წინ თავის ოთახში დიდხანს ლოცულობდა. "იმ დროიდან რაღაც უპატიო დაწოლა და ძილი დაიწყო. ხანდახან ლოგინში არ ჩაწვებოდა, კუთხეში მოკუნტული იძინებდა. დიდი რწმენა ჰქონდა პატარა ბიჭს. ერთხელ წმინდა გიორგი გამოეცხადა და თავისი ტაძარის დალაგება სთხოვა. ვასიკო "ქრისტეს სახელით" ასწევდა ეკლესიის ეზოში მიყრილ მძიმე ლოდებს, ასეთ მძიმეს, რომ იმ უბნის ფალავნებიც კი ვერ ძრავდნენ.
მისი ნათქვამი ყოველთვის მართლდებოდა. საიდან იცი ყველას პასუხიო. უფალი მაძლევს გულისხმისყოფას. ეს საქმე ჩემი კი არა, მისია, ის განადიდეთო, - პასუხობდა. მაგრამ, ეტყობა, ამძიმებდა ადამიანებისგან გამოხატული პატივისცემა და ხანდახან უცნაურ საქმეს სჩადიოდა. უბანში, თუ გამოსაჩენ ადგილას ნაგავი ეყარა, მივიდოდა და პირდაპირ შიგ ჩაჯდებოდა, თან ხმამაღლა ამბობდა: - არ დაგავიწყდეს, ვასიკო, რომ ეს ნაგავი ხარ და თავი დიდი ვინმე არ გეგონოსო.
ოჯახის წევრები ამის გამო მკაცრადა სჯიდნენ".
ზოგი გონს ეგებოდა, შეინანებდა და ეტყოდა: "არა, დავიტოვებთ და პატივით მოვექცევითო". სხვები გამოუტანდნენ ხატს. ამ საქციელით ყველა გაკვირვებული რჩებოდა, - აი, სასწაული, ამან რა იცოდა, ხატი შენახული სადა გვქონდა, მართლაც უცნაური ბავშვიაო.
მამა გაბრიელი დედის ცრემლმა ძალზე შეაწუხა. მცირე ხანს დუმდა, მერე კი ლმობიერი ხმით აღმოთქვა: "მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო". დიახ, სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. ერთხელ, როცა განრისხებულმა დედამ სახარება საპირფარეშოში ჩააგდო, ვასიკომ მაშინვე ამოიღო, გაასუფთავა და იმავე ღამეს სახლი დატოვა. მაშინ ის თორმეტი წლისა იყო. ბიჭი ჯერ სამი დღე სვეტიცხოველში ცხოვრობდა, მერე ზედაზენზე, ბოლოს ბეთანიელ მამებს შეაფარა თავი. იქიდან წამოსული, სუსხიან ზამთარში გარეთ უპატრონოდ გაგდებული, ერთმა კეთილმა ქალმა შეიფარა, რომელიც სახელგანთქმული მკითხავი მარგო აღმოჩნდა. ერთხელ მარგო ავად გახდა. ვასიკომ უთხრა, ნუ გეშინია, შენს მაგივრად ხალხს მე მივიღებო. მართლაც, მოსულ ხალხს ქრისტეს უქადაგებდა, ეუბნებოდა, მკითხავთან სიარულით დიდ ცოდვას სჩადითო. ღვთისაგან ისეთი გონება მიეცა, რომ მომსვლელთა დანახვისას მათი ცხოვრება ეხსნებოდა და პირდაპირ სახელით მიმართავდა. განსაცდელებს უთქმელად ეუბნებოდა და მათ სათავეს - ცოდვებს ამხელდა, მოუწოდებდა ქრისტიანულად ეცხოვრათ, აღსარება ეთქვათ მოძღვრისთვის. ვასიკომ მარგოსაც უქადაგა ქრისტე, უთხრა, რა დიდ ცოდვას სჩადიოდა მკითხაობით და მასაც თავი დაუნებებია ამ საქმისთვის, რაც მკითხავთა წრეში და მათთან მოსიარულე ხალხში დიდი მითქმა-მოთქმის ამბად ქცეულა!
დედას შეუნანია თავისი საქციელი, უთქვამს, ოღონდ სახლში დაბრუნდი და როგორც გინდა, ისე იცხოვრეო. გადიოდა წლები, ვასიკო ოჯახს თავისი შრომით როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა. თუმცა "ქრისტეს პოვნის" სურვილი არ განელებია. თვეში ერთხელ ბეთანიელ მამებთან მიდიოდა რამდენიმე დღით, ანდა ეკლესია-მონასტრებს მოილოცავდა. იმ პერიოდში მთავრობამ ვერის სასაფლაო გააუქმა, იქ ყოფილა ქართველი იუნკრების საფლავებიც, რომლებიც ბულდოზერით მიუსწორ-მოუსწორებიათ. ზოგიერთი მიცვალებულის ძვალი უპატიოდ მიმოფანტული ეყარა. ვასიკო ღამღამობით ფარულად აგროვებდა მიცვალებულთა ძვლებს და უსაფრთხო ადგილას კვლავ მიწას აბარებდა.
ქრისტეს ძიებაში. გამოხდა ხანი. ვასიკომ ჯარი მოიარა, შინ დაბრუნებულმა ეზოში პატარა საცხოვრისი აიშენა და ოჯახის ხმაურს გარიდებულმა სიმშვიდეში, თავისთავს ჩაღრმავებულმა განაგრძო მოღვაწეობა.
1960 წელს, მრავალი თხოვნის შემდეგ, მამა გაბრიელი ბეთანიაში დაადგინეს თავის მოძღვართან, წმინდა გიორგისთან (მხეიძე). მონასტრის მთელ სამეურნეო საქმეს ბერი გაბრიელი უძღვებოდა, კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა და სვეტიცხოველში სწირავდა. წმინდა გიორგი 1962 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა. წმინდა იოანე-გიორგი წმინდა იოანეს (მაისურაძე) გვერდით დაკრძალეს. მამა გაბრიელმა მათ სამარესთან კვიპაროსი ჩარგო, რომელიც დღეს დიდი, ლამაზი ხეა. ორმოცი დღე პანაშვიდს უხდიდა თავის მოძღვარს მამა გაბრიელი, მერე კი უშიშროების წარმომადგენლები ასულან და მისთვის ბეთანიის მონასტრის დატოვება მოუთხოვიათ. "ერთი სიკვდილი მაშინ გავათავე, როდესაც ბეთანიიდან წამოვედიო", - ამბობდა შემდგომში ნაღვლიანად მამა გაბრიელი. პატრიარქმა ეფრემმა ის წმინდა სამების ტაძარში განაწესა.
ეკლესია. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო მამა გაბრიელმა თავისი სახლის ეზოში მცირე ზომის ეკლესიის აშენება. მთელი ეკლესია ისე ააშენა, დამხმარე არ ჰყოლია. "ერთი ლურსმანიც კი სხვას არ აქვს დაჭედებული. ყველაფერი მარტომ ააშენა", - ჰყვებიან დები. თუმცა არა... ვალენტინა ფაილოძემ დედა პარასკევას მოუთხრო საკვირველი ამბავი, თუ როგორ შეესწრო იგი ტაძრის მშენებლობას. ცემენტით სავსე ვედროები ჰაერში თავისთავად მოძრაობდნენ და ზევით, გამზადებულ ჩარჩოებში იცლებოდნენ. მამა გაბრიელი კი დაბლა ეზოში იდგა, ცემენტს ზელდა და ვედროებში ასხამდა. მამა გაბრიელმა ვალენტინა მკაცრად გააფრთხილა, არავისთვის ეთქვა ეს. როცა მამა გაბრიელს გაუგია, რომ ამბავი გამჟღავნდა, გამწყრალა და დედა პარასკევასთავის უთქვამს: "მე რა შუაში ვარ, მარტო ვმუშაობ და საქმე ძალიან რომ გამიგრძელდა, ღმერთმა მოწყალება გაიღოო". ეს ტაძარი იქცა მამა გაბრიელის სულის სამჭედლოდ, ხან ორი-სამი თვით ჩაიკეტებოდა და გარეთ არ გამოდიოდა. ამ ტაძარში ყოველთვის სერიოზული იყო, მაშინაც კი, როცა ქალაქში სალოსობდა.
ტაძარზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ეს საოცრება საკუთარი თვალით უნდა ნახოს კაცმა, ამ ტაძრის აგებით, რომლის კარებზეც "თავისუფალი საქართველო" და გარეთ კედელზე "მოთმინება" აწერია, მამა გაბრიელმა ავტოპორტრეტი დაგვიტოვა.
ციხიდან ახალი გამოსული იყო მამა გაბრიელი, სულის გასამხნევებლად წმინდა ბარბარეს ტაძარს ასუფთავებდა. დაიღალა და ჩასთვლიმა. ამ დროს რამდენჯერმე იქვე მდგომი ჯვარცმიდან ხმა მოესმა: "გძინავს, გაბრიელ, დაიღალე, მე ვტირი შენთვის". მიხვდა ბერი, საიდანაც მოდიოდა თანამგრძნობი ხმა, ხელებით ჯვარცმას მიენდო და ისინი იესოს პატიოსანი ცრემლით დაენამა.
სალოსობა. ციხიდან გამოსული გაბრიელ ბერისთვის საბჭოთა ხელისუფლების უმკაცრესი მოთხოვნით ყველა ეკლესიის კარები ჩაიკეტა. სწორედ იმ დროიდან იღებს მამა გაბრიელი სალოსობის უმძიმეს ტვირთს. იგი ხუთი წლის განმავლობაში ზამთარ-ზაფხულ, თოვლში, ყინვაში, ქარში, წვიმაში, მწველ სიცხეში ცხოვრობდა ღია ცისქვეშ - სასაფლაოებს შეფარებული. დადიოდა ფეხშიშველა და გლახაკად ჩაცმული, თავზე რვალის დიადემადადგმული. "როდესაც თავი დიდი ვინმე ან სხვაზე კარგი მეგონა, მაშინ მივმართავდი ამას და როდესაც ხალხი დამცინოდა, ვმდაბლდებოდი და ვხედავდი ჩემს თავს, რა ნაგავიც ვიყავი", - ასე განმარტავდა შემდგომში მამა გაბრიელი.
თვალსაჩინო რომ გახდეს, თუ რაოდენ სძულდა მამა გაბრიელს ადამიანური პატივი, კიდევ ერთ ფაქტს მოგითხრობთ მამა კირიონის წიგნიდან. მამა გაბრიელის და ჰყვებოდა: "ჩვენ მას ვერ ვუგებდით, ის ბავშვობიდან სხვანაირი ფაქიზი სულის ადამიანი იყო. როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი, როგორც ეს მორწმუნეებმა იციან, თავისებურ პატივს სცემდა. გაბრიელი კი, შინ რომ მოვიდოდა, თავის ეკლესიაში შესული, ხშირად გულსაკლავად ტიროდა. ერთხელ ეკლესიის კარი ღია ჰქონდა და ტირილის ხმა რომ გავიგე, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე: - ვასიკო, ძმაო, რად ტირი ასე, რაიმე ცუდი ხომ არ არის შენს თავს-მეთქი. იცით, რა მიპასუხა: - დაო, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზე მკოცნისო.
მოკლედ, მამა გაბრიელმა დაუტევა სახლი და სასაფლაოებზე დაიწყო ცხოვრება. "უფალმა სასაფლაოებზე ცხოვრებისას შიში ამხადა, მოყვასო, და მიმახვედრა, რომ ადამიანს ღვთის წინაშე არაფრის არ უნდა ეშინოდეს, ცოდვის გარდა".
ხშირად ყოფილა, ალუბლის წვენს სვამდა და ხალხს თავს მთვრალად აჩვენებდა. ერთხელ ერთი ყმაწვილი უცქერდა სამთავროს ეზოში, თავის სენაკის წინ მდგარ ბერ გაბრიელს და გონებაში განიკითხავდა. ბერი ბოთლიდან ღვინოს ისხამდა და ხმამაღლა სადღეგრძელოს თქმით სვამდა. ამ სიტუაციას სხვებიც უცქერდნენ, ზოგი გაიღიმებდა და გზას გააგრძელებდა; ზოგი მაშინვე თვალს არიდებდა. ეს ყმაწვილი კი უძრავად იდგა და არ აშორებდა მზერას. მამა გაბრიელმა მიიხმო, ამ დროს მან თავი ანება სალოსობას და თავისი შინაგანი ნამდვილი სახით შეხედა ახალგაზრდას. ღვინო დაუსხა - შესვიო. ვაჟმა მოსვა და სახე შეეცვალა - წყლით გაზავებული ალუბლის წვენი აღმოჩნდა.
- არავინ განიკითხო დაბადებული ღმრთისა. შენ რომ განგიკითხო და შენზე კარგი რომ მეგონოს თავი, საძაგელი ვიქნები უფლის წინაშე. ეს დაიხსომე, მოყვასო, და მშვიდობით წარვედინ, - დაარიგა ვაჟი მამა გაბრიელმა.
"ასე იყო საჭირო, რადგან ეს იყო მოღვაწეობის ღვინო. ამ დაბრკოლების ლოდის გარეშე შეუძლებელი იყო დაყენება იმ პატივისა და დიდებისა, რაც მისი საკვირველი მადლმოსილების გამო მცირედ მაინც დაუყენებელი ხდებოდა" (მამა კირიონი). ერთსაც გავიხსენებთ. დედა თებრონია ჰყვებოდა: "ქალაქ ზაგორსკში ვიყავი ჩასული მამა ნაუმთან, სულიერი რჩევის საკითხავად - პირადული იყო. საქართველოში რომ დავბრუნდი, სამთავრო მოვილოცე და მამა გაბრიელსაც შევხვდი, კაკლებთან იჯდა და თავისებურად იქცეოდა. ნასვამიც იყო. მთხოვა, კელიაში წამიყვანეო; ნასვამობის გამო ხელკავით მიმყავდა და კელიას რომ მივუახლოვდით, სახეში შემომხედა და ფხიზელი ხმით მითხრა: "თებრონია, ზაგორსკში რომ არ წასულიყავი, მე ვერ გეტყოდი მაგას?" - და ზუსტად, სიტყვასიტყვით ის გამიმეორა, რაც მამა ნაუმმა მითხრა ზაგორსკში. გაოგნებული დავრჩი, ხელი გამიშვა და კელიაში შევიდა".
სამთავროში. 1987 წლიდან მამა გაბრიელმა სამთავროში ე.წ. კაკლოვანში, პატარა ფიცრულში დაიწყო ცხოვრება. ამ ფიცრულს ადრე საქათმედ იყენებდნენ. ამ პერიოდში რამდენიმე დღით დატოვებდა მონასტერს და მერე კვლავ უბრუნდებოდა თავის ფიცრულს. წარმოუდგენელი იყო იქ ზამთარში ცხოვრება, მაგრამ მაინც ცხოვროდა. აკი, დასცინოდნენ კიდეც: "რა ძალა ადგას, მართლა სულელია და არა სალოსი". 1990 წელს მამა გაბრიელმა დაუტევა სამთავროს მონასტერი და შიომღვიმეში წავიდა, იქ დაყუდება გადაწყვიტა, მაგრამ გამოცხადებით უფლისგან ბრძანება მიიღო: "წადი სამთავროში და ხალხს ემსახურე" და მანაც ხალხის - მოყვასის მიმართ თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება.
მამა გაბრიელის სამთავროში ცხოვრებაზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, წინასწარმეტყველების მადლზე, საოცარ მოღვაწეობაზე, მარხვაზე, ღამისთევებით ლოცვაზე, სასწაულთმოქმედებაზე, რომელსაც სალოსობით მალავდა. "იყო დიდი პერიოდები, როცა აღარ სალოსობდა და თავისი ნამდვილი, შინაგანი სახით იწყებდა ცხოვრებას. ამ დროს ნამდვილად აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ მოკვდავს. ასეთ დროს კელიიდან თითქმის აღარ გამოდიოდა, მოსულს მხოლოდ დალოცავდა და თუკი არაფერს ჰკითხავდნენ, არც თავად იტყოდა სიტყვას" (მამა კირიონი). იგი ბევრს ესაუბრებოდა სულიერ შვილებს, განამხნევებდა, განამზადებდა მომავალი განსაცდელებისთვის. "როგორ მინდა მალე გაიზარდოთო", - ეუბნებოდა სამთავროელ დედებს.
მრავალგზის უნახავთ სამთავროელ დედებს და სხვათაც თოვლსა და ყინვაში ფეხშიშველა, ყინვისაგან ფეხებზე კანდახეთქილი, დაწყლულებული. როცა ჰკითხეს, ასე რატომ წირავ თავსო, - ჩემი ქვეყნისთვის ვლოცულობო. მაშინაც კი, სიცოცხლის ბოლოს, როცა ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა, მცირე განძრევაც კი საშინელ ტკივილს ჰგვრიდა, მაინც ჩააყვანინა ტაძარში თავი და სამთავროს ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაჩოქილი, ცრემლით შეევედრა: "დედაო ღმრთისაო, ცისა და ქვეყნის დედუფალო მარიამ, გევედრები, დაიფარე შენი წილხვდომილი ერი დაღუპვისაგან. მე შემიწირე, ოღონდ საქართველო გადაარჩინე". აუსრულა ვედრება უფლის დედამ და 1995 წლის 2 ნოემბერს ღმრთივ შეისვენა ღირსმა გაბრიელმა.
ჩვენი, თანამედროვეთა ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ ღირს მამა გაბრიელს, ჩვენთვის მლოცველსა და მოყვარულს. ნურავის გაუკვირდება მისადმი ქართველი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული, ჩვენ ხომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და არა ნეკროფილები, და არანაკლებ გვჭირდება ღვთისა და მის წმინდანთაგან შეწევნა, ვიდრე ქალაქ ბარის მოქალაქეებს, რომლებმაც მირონ-ლუკიიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები მოიპარეს.