უწმინდესის ლოცვა კუთხევით 2006-2013 წლებში აღდგა სვეტი წმინდა ანტონ მარტოდმყოფელისა, ასევე წმინდა ბარბარესა და ნიკოლოზის ეკლესიები, რომლებიც სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კეცის ხელთუქმნელი ხატის სადიდებლად იგეგმება ყოვლადწმინდა სამების ტაძრისა და კელიების მშენებლობა - ეს სიახლე ამ მადლიანი ტაძრების აღმშენებელმა, ბატონმა ვალერი მამნიაშვილმა გვამცნო.
XIII საუკუნის დასაწყისში, ანჩისხატის საქართველოში შემობრძანებამდე დაახლოებით შვიდი საუკუნით ადრე, წმინდა ანტონ მარტოდმყოფელმა საქართველოში შემოაბრძანა წინდა ტილოდან წმინდა კეცზე გადასული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი - კერამიონი.

ხელთუქმნელი ხატის ისტორია კი ასეთია: ედესის მეფე ავგაროზი უკურნებელი სენით იყო დაავადებული, მას გაეგონა იესო ნაზარეველის მიერ მოხდენილი სასწაულების შესახებ , სწამდა რომ იესო იყო ჭეშმარიტი ღმერთი და მხოლოდ სიტყვით შეეძლო მისი განკურნება. მან გააგზავნა მალემსრბოლი და მხატვარი იერუსალიმში, რათა მხატვარს დაეხატა იესოს სახე. შეხვდა მათ უფალი იერუსალიმში, მაგრამ მხატვარმა ვერ შეძლო მისი სახის დახატვა. მაშინ, უფალმა გამოართვა მხატვარს ტილო, დაიბანა პირი, დაიდო სახეზე ტილო და მეყსეულად გამოიხატა ტილოზე სახე უფლისა. მისცა ხატი მათ და წარავლინა ისინი ავგაროზთან. საღამოს ისინი ქალაქ იერაპოლის მახლობლად მივიდნენ და ერთი მეკეცის სახლში გაჩერდნენ. ხატი უფლისა მათ ორ კეცს შორის დამალეს. შუაღამისას ზეიდან ცეცხლის სვეტი გამოჩნდა და უფლის ხატს დაადგა. დილით, როცა უფლის ხატი კეცებიდან ამოაბრძანეს სასწაული იხილეს - მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კეცზე გადასულიყო. ეს სასწაული იერაპოლის გამგებელმა შეიტყო და კეცის ხატი თავის სასახლეში წააბრძანა. ტილოზე გადასული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ჩააბრძანეს ედესაში და მეფე ავგაროზი მასთან შეხებისთანავე განიკურნა.
მე-6 საუკუნეში კეცის ხელთუქმნელი ხატი მწვალებელ ნესტორიანთა ტაძარში იხილა ასურელმა მამამ - წმინდა ანტონმა და როცა იგი ასურელ მამებთან ერთად საქართველოსკენ გამოეშურა კეცის ხელთუქმნელი ხატი თან წამოაბრძანა. წმინდა ანტონი ჯერ კახეთში მოღვაწეობდა, შემდეგ კი აკრიანის მთაზე გამოქვაბულში განმარტოებით დასახლდა. ახლომახლო სოფლებიდან შეიტყვეს მისი წმინდა ცხოვრების შესახებ, მრავალ ადამიანს სურდა მასავით ეცხოვრა, ამ ადამიანებისთვის მან მონასტერი დააარსა, თვითონ კი მაღლა მთაზე ააგო კოშკი და 15 წელი, სიცოცხლის ბოლომდე, მუდამ მაცხოვრის კეცის ხელთუქმნელი ხატის წინ ლოცულობდა.
წმინდა ანტონ მარტოდმყოფელი გარდაცვალების შემდეგ კეცის ხელთუქმნელი ხატი რვა საუკუნე მონასტერში ბრძანდებოდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. საქართველოს მეფე დავით VII - ლაშა-გიორგის ძე (1246-1270) "სალმობათა მუცლისათა" დასნეულებული ხლებია მონასტერში კეცის ხატსა და საკაცეზე უღონოდ მწოლარე შევედრებია განკურნებას, ხატს იმწუთსვე მოუხდენია სასწაული და მეფე ჯანმრთელი დაბრუნებულა თბილისს.
საქართველოს მეფის გიორგი VII-ის (1393-1407) გამეფების პერიოდში თემურ ლენგის ჯარებმა ალყაში მოაქციეს ღვთაების მონასტერი. რუსთავ-მარტყოფის ეპისკოპოსმა გიორგიმ ყველასათვის უცნობ ადგილას გადამალა ხელთუქმნელი ხატი - კეცისა, თვითონ კი მრავალ ბერთან ერთად შეაწყდა მტერს. იგი მოწამეობრივად აღესრულა. მას შემდეგ მრავალი თაობა ეძებდა კეცის ხატს, მაგრამ ამაოდ.
მტერმა მთლიანად დაანგრია მონასტერი, წმინდა ანტონ მარტოდმყოფელის სვეტი, ეკლესიები და კელიები. დაბლა მონასტერში ექვსი საუკუნის განმავლობაში აღდგა ყველაფერი.

***
უწმინდესის ლოცვა კუთხევით 2006-2013 წლებში აღდგა სვეტი წმინდა ანტონ მარტოდმყოფელისა, ასევე წმინდა ბარბარესა და ნიკოლოზის ეკლესიები, რომლებიც სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კეცის ხელთუქმნელი ხატის სადიდებლად იგეგმება ყოვლადწმინდა სამების ტაძრისა და კელიების მშენებლობა. აგრეთვე, 2007-2013 წლებში ნანგრევებიდან აღდგა ანგელოზის მთის წმინდა გიორგის ტაძარი. ამჟამად, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსის, მეუფე გრიგოლის (კაცია) კურთხევით მიმდინარეობს სამრეკლოსა და კელიების დაპროექტება.
უწმინდესისა და მარტყოფი-გარდაბნის ეპისკოპოსის გრიგოლის ლოცვა-კურთხევით გადაწყვეტილია, წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის, სოფელ ნორიოში დედათა მონასტრისა და ანგელოზის მთაზე წმინდა კოზმა და დამიანეს მონასტრების აღმშენებლობა.
კეცის ხელთუქმნელი ხატი დღესაც უხილავად მფარველობს მონასტერსა და სრულიად საქართველოს. როგორც ჩვენი საყვარელი წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი ბრძანებს, - როცა ათონის მთიდან ჩამობრძანდება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, როცა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი მუზეუმიდან ანჩისხატის ეკლესიაში გადაბრძანდება, როცა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და ანტონ მარტოდმყოფელის მიერ ჩამობრძანებული მაცხოვრის კეცის ხელთუქმნელი ხატი გამოჩნდება, მაშინ გაბრწყინდება საქართველო!

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა მაცხოვრის კეცის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ფონდი, რომლის მიზანია ყველა ამ ეკლესია-მონასტრის აღდგენა. ღმერთმა და დედა ღვთისმშობელმა ინებოს, რომ ფონდის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს სრულიად საქართველომ. ღვთის დიდებით, მოყვასის სიყვარულით, ერთსულოვნებითა და თავმდაბლობით შესაძლებელია ყველა ამ ეკლესია-მონასტრის აღმშენებლობა. ღირსეული შვილები ვყოფილიყავით ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი მოღვაწეობითა და ერთსულოვნებით ღმერთმა ინებოს, რომ გამოჩნდეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კეცისა, რათა უფალმა გაამთლიანოს და გააბრწყინოს ჩვენი საქართველო.
მაცხოვრის კეცის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ფონდი
"ბანკი ქართუ" -
საბანკო კოდი: CRTUGE22
ანგარიშის ნომერი:IBAN: GE39CR0030086127543608
"თიბისი ბანკი" -
საბანკო კოდი: TBCBGE 22
ანგარიშის ნომერი: GE42 TB79 0823 6080 1000 03
ყველა მობილური ოპერატორიდან შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901 700 505, თქვენი გადმორიცხული თითოეული ლარი მოხმარდება ამ აღმშენებლობას.
აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბატონ ვალერი მამნიაშვილს, ნომერზე: 597 55 74 04.