არაფერში არ შეიძლება ადამიანი ისე იყოს დარწმუნებული დედამიწაზე, როგორც სიკვდილში. იცოცხლებ კიდევ თუ არა, ეს არ იცი; გახდები თუ არა უფრო მდიდარი, არ იცი;
გახდები თუ არა უფრო ჯანმრთელი, ვიდრე ახლა ხარ, ესეც არ იცი, მაგრამ იმას, რომ მოკვდები, იცი. და ვერავინ ვერ შეედავება ამ ჭეშმარიტებას. გესმის, რა თქვა ღმერთმა სამყაროს დასაწყისში: "სიკუდილითა მოსწყდეთ" (დაბ.2:17)? ხოლო საღვთო წერილი იესო ზირაქის ძესთან ამბობს: "ყოველნი მოჰკუდებით" (ზირ.8:8).
იცოდე ერთი რამ: სიკვდილი არის სიცოცხლე მათთვის, ვინც არ ივიწყებს მას. სანამ ჩვენმა წინაპრებმა, პირველმშობლებმა ადამმა და ევამ არ დაივიწყეს სიკვდილი, ისინი სამოთხეში ცხოვრობდნენ. ხოლო როცა დაივიწყეს სიკვდილი - მოკვდნენ სულით, და ცხრაასზე მეტი წლის შემდეგ მოკვდნენ სხეულითაც.
ამრიგად, სიკვდილი, როგორც ამბობს წმინდა იოანე დამასკელი, არის სიცოცხლე მათთვის, ვინც არ ივიწყებს მას. სიკვდილი, თუ ჩვენ არ ვივიწყებთ მას, გვაძლევს მარადიულ სიცოცხლეს.
წმინდა ბასილს ჰკითხა დიდმა ფილოსოფოსმა ევბულმა, მისმა მეგობარმა ალექსანდრიიდან:
- რომელი ფილოსოფიაა ყველაზე დიდი ქვეყანაზე, განსაკუთრებით ქრისტიანულ სამყაროში?
მან უპასუხა:
- მუდამ სიკვდილზე ფიქრი.
ეს არის უმაღლესი ფილოსოფია! რატომ? ვინც სიკვდილზე ფიქრობს, ის სულით არ კვდება. ვინც სიკვდილზე ფიქრობს, ის თავს იცავს ცოდვისგან. რადგან გესმის, რას ამბობს მოციქული პავლე: "საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს" (რომ.6:23). ვინც სიკვდილს იხსენებს, ის არ სცოდავს. გესმის, რას ამბობს იესო, ზირაქის ძე, თავის სიბრძნის წიგნში: "მოიჴსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა ჰსცოდო" (ზირ.7:39).
მაშ, გახსოვდეს! დიდი მოციქული პავლე, ეს უდიდესი რჩეული ჭურჭელი, ქრისტეს მიერ წარმართთა საცხონებლად მოვლენილი, მოისმინე, რას ამბობს: "ყოველ დღე ჩვენ მუდამ გვაქვს გონებაში სიკვდილის ხსოვნა" (იხ. რომ.8:38). და კიდევ: მე "მარადღე მოვკუდები" (1კორ.15:31)! ყოველდღე კვდებოდა ის ცოდვისთვის და ყოველდღე ჰქონდა სიკვდილის ხსოვნა თავის გულში. რათა სულით არ მომკვდარიყო.
ვინც ივიწყებს სიკვდილს, ის ადვილად ხვდება მის მახეში, კვდება სულით და მიემართება გეენაში!
ღვთიური მამები გვასწავლიან ასე: "ადამიანო, თუ გსურს აიყვანო მრჩეველი და მასწავლებელი ცხოვრებაში, რომ მან უეჭველად მიგიყვანოს ხსნის გზაზე, ნუ აიყვან ნურავის სხვას, გარდა სიკვდილისა! საუკეთესო მრჩეველი, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს ზეციურ სასუფეველში, არის სიკვდილი. ოღონდ არ დაგვავიწყდეს ეს მრჩეველი, ეს დამრიგებელი, ეს მასწავლებელი, არამედ მუდამ გვყავდეს იგი ჩვენი გონების თვალწინ".
სიკვდილი ისე ბრძნულად გირჩევს, თუ არ დაგავიწყდება იგი, რომ თვით სოლომონსაც კი თავისი სიბრძნით არ შეუძლია ისე გასწავლოს, როგორც სიკვდილი გასწავლის. რადგან ამბობენ ღვთიური მამები: "და სოლომონიც არ ჩავარდებოდა ქალებთან სიძვის ვნებასა და მონობაში, რომ ჰყოლოდა თვალწინ სიკვდილი".
მისთვისაც მასწავლებელი, რომ ყოფილიყო სიკვდილი, მაშინ იგი, მასზე გაცილებით უფრო ბრძენი, შეაკავებდა მას ცოდვისგან. მაგრამ მან დაივიწყა სიკვდილი და ჩაიძირა ბოროტების ჭაობში, რადგან არ ისურვა ჰყოლოდა ასეთი მრჩეველი, რომელიც ყველაზე ძვირფასია, ანუ სიკვდილი.
აი, როგორ აკავებს სიკვდილი ცოდვისგან.
ხორცი ფიქრობს სულის წინააღმდეგ, როგორც ამბობს წმინდა მოციქული პავლე (იხ. გალ.5:17). როდესაც სხეული აღდგება საბრძოლველად სულის წინააღმდეგ, რათა შებილწოს იგი, მაშინ ჰკითხე სიკვდილს:
- რას იტყვი, სიკვდილო? ჩავიდინო ეს ცოდვა, რომლისკენაც მე სხეული მიბიძგებს?
და ის გიპასუხებს:
- ნუ ჩაიდენ ცოდვას, რადგან ჩემს ხელში მოხვდები და გეენაში ჩაგაგდებ!
ეშმაკი გიბიძგებს ქურდობისკენ? ჰკითხე სიკვდილს. და ის გეტყვის:
- ნუ მოიპარავ, ეს ხომ მცნებაა, და ჩემს ხელში მოხვდები!
გიზიდავს ეშმაკი სიძვისკენ? გაქეზებს ეშმაკი უწმაწურობისკენ, ლოთობისკენ, მოწევისკენ, ყოველგვარი ბოროტებისკენ? ჰკითხე სიკვდილს:
- რას მიბრძანებ გავაკეთო, სიკვდილო?
და ნახავ, რას გეტყვის სიკვდილი:
- ნუ გააკეთებ ამას, რადგან ჩემს ხელში მოხვდები! შენ ხომ მალე მოკვდები! აქ ხომ არავინ დარჩება, და მე გეენაში ჩაგაგდებ!
ასე რომ, სიკვდილი სარგებელს მოგვიტანს, და ჩვენ მუდამ უნდა გვყავდეს იგი თვალწინ! ხოლო როცა ეშმაკი გიბიძგებს ცოდვის ჩასადენად, ჰკითხე სიკვდილს:
- რას იტყვი, სიკვდილო? შენ ხარ ჩემი მასწავლებელი! რა უნდა გავაკეთო?
- ნუ გააკეთებ ამას, რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, და შენ სულით მოკვდები და ჩემს კლანჭებში მოხვდები, და მე გეენაში ჩაგაგდებ, და იქ იტანჯები უკუნითი უკუნისამდე!
ამიტომ, აი როგორ კარგია სიკვდილი, თუ მას მრჩევლად დავინიშნავთ! სიკვდილზე ფიქრი მუდამ გვაკავებს ცოდვისგან და გვასწავლის მხოლოდ სიკეთის კეთებას. ამიტომ ვაი მას, ვინც ივიწყებს სიკვდილს, რადგან ის სხეულით მოკვდება თავის დროზე, ხოლო სულით კვდება უკვე იმ წამს, როცა ცოდვას ჩაიდენს.
თუ ჩვენ მუდამ გვეყოლებოდა სიკვდილი თვალწინ, მაშინ არ ჩავიდენდით ცოდვას არა მხოლოდ საქმით, არამედ სიტყვითა და ფიქრითაც, რადგან ღმერთი განსჯის ფიქრით ჩადენილ ცოდვასაც ისევე, როგორც საქმით ჩადენილ ცოდვას.
რას ამბობს ღვთიური მამა ეფრემ ასური? "ნუ ჩავარდებით დაუდევრობაში, ჩემო ძმანო, ფიქრით ჩადენილი ცოდვების გამო, თითქოს ისინი მსუბუქი იყოს. თუ ფიქრით ჩადენილი ცოდვები მსუბუქი იყო, მაშინ თავად ქრისტე, ღვთის სიბრძნე, არ ჩათვლიდა მრუშობად ქალის გულისთქმას და მკვლელობად ძმის სიძულვილს". შენ მხოლოდ ვნებით იფიქრე ქალზე - და მრუშად იქეცი! მხოლოდ ბოროტად იფიქრე შენს ძმაზე - და უკვე გძულს იგი, შენ მკვლელი ხარ! გაიგე? მრუშობა ერთი ფიქრის გამო და მკვლელობა ძმის სიძულვილის გამო.
ხედავ? თუმცა სიკვდილი აქაც არ გტოვებს. სიკვდილი გაკავებს იმისგან, რომ გადახვიდე ცოდვაზე არა მხოლოდ საქმით, არამედ ფიქრითაც. რადგან ღმერთი განსჯის ფიქრებს როგორც საქმეებს, მადლის რჯულში.
რადგან ის მოვიდა არა რჯულის დასარღვევად, არამედ მის სრულყოფამდე მისაყვანად. ძველ რჯულში ეწერა: "არა იპარო" (რჯ.5:19). ხოლო აქ, მადლის რჯულში - არც კი მოისურვო სხვისი ნივთი. ასე რომ, ქრისტე გაკავებს, რომ არც კი იფიქრო ვნებით სხვის ნივთზე.
ჩემო ძმანო, ნეტარი და სამგზის ნეტარია ის ადამიანი, რომელმაც მრჩევლად სიკვდილი აიყვანა. ყოველთვის, როცა მას სიზარმაცე შეებრძოლება, რომ არ აღასრულოს ლოცვა, არ შეასრულოს მოძღვრის მიცემული ეპიტიმია; როცა მას ეშმაკი შეებრძოლება, რომ არ დაიცვას მარხვები, ნება დართოს თავს სამარხვო საჭმელზე, როცა ეს არ შეიძლება; ან როცა მას ეშმაკი შეებრძოლება, რომ იქურდოს, ან დააგროვოს ქონება, ან შური იძიოს სხვაზე, ან იმრუშოს, ან შეიგინოს, ან დათვრეს, ან მოწიოს, - დაე, ჰკითხოს სიკვდილს:
- რას იტყვი, სიკვდილო, გავაკეთო ეს?
და სიკვდილი ეტყვის მას:
- არა. ნუ გააკეთებ ამას! რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია. მე მაშინვე მოვალ ცოდვის კვალდაკვალ, წაგიყვან შენ და გეენაში ჩაგაგდებ!
აი როგორ ხდება სიკვდილი, რომლისაც გვეშინია, ჩვენი უდიდესი მეგობარი და საუკეთესო მრჩეველი ცხოვრებაში, საუკუნო სიცოცხლეში.
ჩვენი, ქრისტიანების, ფილოსოფია არ არის სიკვდილისგან გაქცევა. მაშ რა? სიკვდილისთვის მზადება! იმის მოლოდინი, რომ ის მოვა ჩვენთან. და როგორ? წრფელად აღიარო შენი ცოდვები, შეასრულო შენი ეპიტიმია, შერიგდე ყველასთან, შეწყვიტო ცოდვების ჩადენა, აკეთო კეთილი საქმეები - და მაშინ ჩვენ დაველოდებით სიკვდილს, როგორც ელოდებიან დიდ აღლუმს, როგორც ელოდებიან დიდ დღესასწაულს.
მოისმინე, რას ამბობს წმინდა ეფრემი: "კაცს, რომელსაც სინდისი ამხელს ცოდვებში, ძალიან ეშინია სიკვდილის, ხოლო მართალი კაცი ელოდება სიკვდილს, როგორც დიდ დღესასწაულს!" რომ ის დადგეს, გადაიყვანოს იგი სიკვდილიდან სიცოცხლეში, რადგან აწმყო საუკუნე არის სულის სიკვდილი მათთვის, ვინც მისი [ამ საუკუნის] მონა ხდება.
ჩვენ გვეშინია: "ჰოი, ვაი მე, მოვა სიკვდილი!" გვეშინია! მაგრამ ნუ შეგვეშინდება სიკვდილის. შეგვეშინდეს ცოდვის, რადგან ცოდვა გვაგდებს სიკვდილში. რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ნამდვილი სიკვდილი სულისა - ცოდვაშია!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი