მოწამენი: დომნინა და ასულნი მისნი: ვირინეა (ვერონიკა) და პროსდოკია (პროსკუდია), ედესელნი (+302-306) -04 (17) ოქტომბერი
16.10.2022
წმინდა დომნინა IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა ანტიოქიაში და იქაურ ქრისტიანთა შორის საკვირველი სილამაზითა და ღვთისმოსაობით ბრწყინავდა.
დაახლოებით, 303 წელს, დიოკლეტიანესეული დევნისას, ქალიშვილებითურთ დაუტევა სახლი და ედესას შეაფარა თავი.
მაგრამ მისი მეუღლე, გულმხურვალე წარმართი, ოჯახს მეომართა რაზმით გაედევნა და მალე წამოეწია კიდეც.
დომნინამ, უწყოდა რა, თუ რა შეურაცხყოფა ელოდათ მდევნელთაგან, ქალიშვილნი განამტკიცა და მოუწოდა, სიცოცხლე დაეთმოთ, ღვთისთვის აღთქმული უმანკოება კი - არა.
მეომრებმა მათი სამყოფელი მალე შენიშნეს, შეიპყრეს და იეროპოლის გზას გაუყენეს.
როდესაც გზად სატრაპეზოდ და სულის მოსათქმელად ერთ მდინარესთან შეჩერდნენ, დედა და შვილები ფარულად განმარტოვდნენ, ილოცეს და მდინარეს მისცეს თავი.