მოწამებრივი აღსასრული მმართველმა წმინდა ბარბარესა და წმინდა იულიანას თავის მოკვეთა განუჩინა. წმინდა იულიანას თავი ერთ-ერთმა მეომარმა მოკვეთა.
სასტიკ დიოსკორეს - ბარბარეს მამას, არათუ გული სტკიოდა შვილის ტანჯვის გამო, მისი ჯალათობაც არ შერცხვა. ერთი ხელი გოგონას ჩაავლო, მეორე შიშველ მახვილს და ქალაქგარეთ, დასჯის ადგილზე წაიყვანა.
გზაში წმინდა ბარბარე ღმერთს ევედრებოდა:
- დაუსაბამოო ღმერთო! შენი მხევლისა ისმინე! შენი მადლი მოჰფინე ყოველ ადამიანს, ვინც ჩემს ტანჯვას მოიხსენებს. არ მიეახლოს მას უეცარი ავადმყოფობა და არ მიეწიოს მოულოდნელი სიკვდილი.
ბარბარეს ამ ლოცვის პასუხად ზეციდან ხმა გაისმა, რომელმაც თხოვნის შესრულება აღუთქვა.
მოწამე სიხარულით წავიდა სიკვდილთან შესაგებებლად, უნდოდა, სწრაფად დაეტოვებინა სხეული და უფალთან წასულიყო.
დანიშნულ ადგილს რომ მიაღწიეს, ქრისტეს კრავმა ბარბარემ თავისი წმინდა თავი მახვილს შეუშვირა და უმოწყალო მამამ მას თავი მოჰკვეთა.
დიოსკორეს და მმართველ მარტიანეს ღვთის უეცარი რისხვა დაატყდათ: პირველს - როცა ის მთიდან ეშვებოდა, ხოლო მეორეს - თავის სახლში მეხი დაეცათ და ისე ჩაინაცრნენ, რომ მათი ფერფლიც ვერსად იპოვეს.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე