* სრულიად არავისზე და არასოდეს განაწყენება მხოლოდ ანგელოზებს ძალუძთ, ხოლო მცირედ აღშფოთება და მერე სწრაფად დამშვიდება ღვთის მოსიყვარულე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.
მშვიდი ზღვა სასიამოვნო სანახავია, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა სულის მშვიდი მდგომარეობა.
მშვიდობა - ესაა ვნებათაგან გათავისუფლება, რაც სულიწმინდის მოქმედების გარეშე ვერ მოიპოვება.
მყუდროება - ესაა უკეთურებათა მოკვეთა და თუნდაც რომ ზემოხსენებული ოთხი სათნოებაც შესძინოს მან თავის ლოცვას, ვერაფერი იქნება მისთვის მყუდროებაზე უფრო სწრაფი შემწე უვნებობისკენ.
ნუ ვეცდებით ვითომცდა სხვების დამშვიდებას, თუ თვითონვე არ გაგვაჩნია შინაგანი სულიერი სიმშვიდე.
* ქრისტეს მხურვალე სიყვარული ყოველგვარ ნივთიერ საკვებზე მეტად ასაზრდოებს, სულსა და სხეულს უამრავ კალორიას აწვდის, ხშირად წამლების გარეშეც კურნავს უკურნებელ სნეულებებს და სულებს ამშვიდებს.
სრული უშფოთველობა მას აქვს, ვისაც არ გააჩნია ვნება - არც საგნების მიმართ და არც მასზე მოგონებები.
ვეცადოთ, ყოველთვის წყნარად ვილაპარაკოთ, რათა გულით მდაბალნი ვიყოთ და მშვიდობა მოვუპოვოთ ჩვენს სულებს აწინდელ და მერმინდელ ცხოვრებაში.