ღირსი მამა ეფრემ არიზონელი სულთმოფენობის დღესასწაულზე ერთ-ერთ ქადაგებას ასე ამთავრებს:
ჩვენ გვეშინია და ძრწოლით ვფიქრობთ იმაზე, რომ ანტიქრისტეს მოსვლისას წამების დათმენა მოგვიწევს! ადამიანური ძალებით ვერავინ შეძლებს ამის ატანას. კბილი გვტკივა და მაშინვე კბილის ექიმთან მივრბივართ, თავი გვტკივა და მაშინვე აბს ვსვამთ. თუმცა, როდესაც ღვთის ძალა და მადლი გადმოგვეფინება, როდესაც ჩვენზე გარდამოვა ღვთიური ცეცხლი და გარდაგვქმნის, ჩვენს გულსა და სულს გრანიტივით მტკიცეს გახდის, მაშინ წამებასაც გადავიტანთ და, გვირგვინდადგმულნი, მსაჯულის მარჯვნივ დავდგებით. და იცით, ისინი, ვინც ბოლო ჟამს დაითმენენ წამებას, უფრო დიდებულნი იქნებიან, ვიდრე ძველი მოწამეები, რადგან ისინი ბნელი ძალებისგან დაითმენენ წამებას და აღიარებენ ქრისტეს ღვთაებრივ რწმენას, ჯვარცმულ ქრისტეს (1 კორ. 1:23), ხორციელად მოსულს (1 იოანე 4:2).
მოგიყვებით ამის შესახებ ერთ ისტორიას.
ერთ ჯადოქარს, სახელად მესიტისს, ჰყავდა მეგობარი, მოშურნე ქრისტიანი. ამ ქრისტიანის ჯადოქრობაში ჩათრევის სურვილით, მოგვმა უთხრა:
-წამო, გავისეირნოთ ქალაქგარეთ (ანუ კონსტანტინოპოლის გარეთ)
-წამო – დათანხმდა ქრისტიანი, ისე რომ არაფერს ეჭვობდა.
გზად, ჯადოქრობის ძალით, მათ კოშკი გამოეცხადათ. შიგნით შესულმა ქრისტიანმა თავი დემონურ შეკრებაზე აღმოაჩინა. როგორც კი ეშმაკმა ჯადოქარი დაინახა, პატივით მიიღო, შემდეგ კი ქრისტიანზე იკითხა:
-ვინ არის ეს?
-ეს შენი მონაა, – უთხრა ჯადოქარმა.
-შენ ჩემი მონა ხარ? – ჰკითხა ეშმაკმა.
-მე მამისა და ძისა და სულიწმიდის მონა ვარ, – თქვა ქრისტიანმა და პირჯვარი გადაიწერა.
და მაშინვე ეს ყველაფერი გაქრა, ისევე როგორც მესიტისი, რომელიც ეშმაკებმა ჯოჯოხეთში წაიყვანეს. ქრისტიანმა ცხენების აღვირს ხელი მოჰკიდა და უკან დაბრუნდა. გზად ის თავის სარდალ მეგობარს შეხვდა და შესთავაზა:
-მოდი, წავიდეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ვლაქერნის ტაძარში და ვილოცოთ?
-წავიდეთ.
ისინი შევიდნენ ეკლესიაში, სადაც არავინ იყო. დაიჩოქეს, დაიწყეს ლოცვა. და სარდალმა შეამჩნია, რომ კანკელის ხატზე გამოსახული ქრისტეს თვალები მისი მეგობრისკენ იყო მიმართული. თავიდან იფიქრა, რომ ხატი ასე იყო დახატული. შეიცვალა ადგილი, მოუარა აქედან-იქიდან, მაგრამ ყველა მხრიდან ისე ჩანდა რომ ქრისტეს თვალები მისი მეგობრისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მან გულდაწყვეტით თქვა:
-ქრისტე ჩემო, მეც შემომხედე! რატომ არ მიყურებ?
მას ხატიდან ხმა მოესმა:
-შენ იმას გასცემ, რასაც მე გიგზავნი! (რადგან ეს სარდალი მეტად მოწყალე იყო). თუმცა ჩემი მზერა მასზეა მიპყრობილი, რადგან მისი ვალი მაქვს. მან მე აღმიარა დემონების წინაშე. და მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციური მამის წინაშე!" (შდრ. მათ. 10:32).
ხედავთ, რა არის რწმენის აღიარების ჯილდო!
ასევე ჩვენც, თუმცა ახლა ჩვენი მანკიერებებისა და ცოდვების გამო თითქოს უიმედოდ ვართ, მაგრამ თუ მტკიცედ დავრჩებით რწმენის აღიარებაში და მოწამეები აღმოვჩნდებით (თუნდაც დაუმსახურებლად, სათანადო ძალისხმევის გარეშე), მაშინ ანგელოზთა და წმინდანთა დასის შუაგულში აღმოვჩნდებით ზეციურ იერუსალიმში და გვირგვინს დავიდგამთ თავზე, მზესავით ვიკაშკაშებთ ქრისტეს გვერდით, ვიხილავთ მის ღვთაებრივ სახეს და ვიზეიმებთ მარადიულ პასექს!
დაე, ღირსნი გავხდეთ ჩვენც, მდაბალნი და არაფრის მაქნისნი, სულიწმიდის მოფენისა, რათა მან მოგვცეს ჩვენი ცოდვების მიტევება, მოგვიტანოს სულიერი აღორძინება, რათა შევძლოთ ქრისტეს სიყვარულის გამო წამების ღირსნი გავხდეთ და ვტკბებოდეთ მარადიული პასექით. ამინ. იყავნ.
სურათზე: ვლაქერნის ღვთსმშობლის სახელობის ტაძრის კანკელი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი





