შვილო, შენს სნეულებას ნუ წაუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს, განაგდე ცდუნება, გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან... მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი. არის ჟამი, როცა მათ ხელშია წარმატება. რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, რომ შეეწიონ სნეულთათვის შვების მისაცემად და მათ სასიცოცხლოდ.
სიძაბუნე, უძლურება და ტანჯვა ადამიანს განსაკუთრებულ ვითარებაში აყენებს. ეს ვითარება ან უნდა გავიგოთ როგორც ღვთის მოწოდება, მისკენ მოქცევის შესაძლებლობა, სინანული ან მოთმინება იმ ცოდვათაგან განსაწმენდელად, რომელთაგან თავის დაღწევას ჩვენით ვერ შევძლებდით, ან როგორც განსაცდელი, ღვაწლი, რომლითაც ადამიანი მოწამის "გვირგვინს მოიხვეჭს". სწორედ ამაში მდგომარეობს არსი ქრისტიანული შეხედულებებისა ავადმყოფობაზე, როგორც "ღვთის მოწოდებაზე".