"ყოველნაირად ეცადე, ადამიანთა მიმართ ბოროტებისგან განიწმინდო სული, რადგან თუკი ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს.
მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას, ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ".
(ველიმიროვიჩი)
"სიყვარულს ძალუძს მოიძიოს სიტყვები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება აღაშენო მოყვასი. იგი გიჩვენებს ხერხს, გონებას და ენას წარგიმართავს და ეს საქმე არ მოითხოვს მჭევრმეტყველურ სიტყვებს".
"ისაუბრო რელიგიაზე და გასცე რჩევები - დიდი სხვაობაა. ეს უკანასკნელი უნდა აკეთოთ ღვთის შიშით, უკიდურესი სიფრთხილითა და ზომიერებით. დააკლებ მოყვასს ტვირთს - უბედურება არ არის. გადატვირთავ - და მოყვასი ადვილად შეიძლება განუკურნებლად დაზიანდეს, სამუდამოდ შეიქმნას ყველაფრისადმი უუნარო".
"ფშვინვიერ ადამიანთან უნდა ისაუბრო კაცობრივ ამბებზე; სულიერი გონების მქონესთან კი - ზეციურზე. სულიერ საკითხებზე არ უნდა ილაპარაკო მათთან, რომლებსაც მოსმენის სურვილსაც კი ვერ შეატყობ".
"სანამ რაიმეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა მას სულიერად ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა, იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო".
"გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა".
"ხოლო თანა-გუაც ჩვენ, ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთა ტვირთად და არა თავთა თვისთა სათნო ყოფად".
"ნუ იტყვი უგულო სიტყვებს: "მე არაფერი მაქვს ამ კაცთან საერთო". ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ეშმაკთან, ყოველ ადამიანთან კი ბევრი რამ გვაქვს საზიარო".
"შეაჩვიე შენი თავი იმას, რომ ყველა შემთხვევისას, რაც კი შეგხვდება ცხოვრებაში, ყოველთვის, ყოველ ჟამს, ყველას და თვით უფალსაც ეუბნებოდე - "მაპატიე".
როცა მოყვასს შეხვდები, აიძულე თავი შენი, პატივი მიაგო მას იმაზე მეტად, ვიდრე ეკუთვნოდეს. შეაქე იმისთვისაც, რაც მას არ გააჩნია. ხოლო როდესაც დაშორდები, ილაპარაკე მასზე ყველაფერი კარგი და ღირსპატივსაცემი, რადგანაც ამგვარი სიკეთით აიძულებ მას, შერცხვეს იმ პატივის გამო, რომელსაც მიაგებ და ასე დანერგავ მასში სათნოების თესლს. შენ მიერ შეძენილი ამგვარი ჩვევისგან შენზე აღიბეჭდება ხატი სახიერებისა, შეიძენ უმაღლეს სიმდაბლეს. გარდა ამისა, შენ მიერ პატივდებული, შენგან მიგებული პატივით დარცხვენილი, თუნდაც რაიმე ნაკლი გააჩნდეს, იოლად გამოსწორდება.
დაე, ყოველთვის გაგაჩნდეს ეს ზნე - ყველასადმი იყო კეთილგანწყობილი და თავაზიანი, ნურავის დაამწუხრებ ბოროტთა საქმეთა მიზეზით და ნურავისი შეგშურდება. ნუ იტვირთავ ვინმეს გაკიცხვასა და მხილებას".