თავი XXXXII. სად შეიძლება იყოს ჯოჯოხეთი?
გრიგოლი: - ვერ გავკადნიერდები რაიმე კონკრეტული ვთქვა ამ საკითხზე. ზოგი ჯოჯოხეთს დედამიწის რომელიღაც ადგილას მიიჩნევდა. სხვები ფიქრობდნენ, რომ იგი მიწისქვეშ იყო. მაგრამ თუ ჩვენ ჯოჯოხეთს ქვესკნელს ვეძახით, მაშინ ჯოჯოხეთი ქვევით იმყოფება და ჯოჯოხეთი მიწისთვის ის იქნება, რაც მიწაა ზეცისთვის. შესაძლოა, ამიტომაც ამბობს დავით მეფსალმუნე: "იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა" (ფს. 85,13), რათა დაგვანახოს, რომ მიწა არის თითქოსდა ზემო ჯოჯოხეთი, მიწის ქვეშ კი ქვესკნელის ჯოჯოხეთია. ამ აზრს ეთანხმება წმინდა იოანეს სიტყვები, როცა ის ამბობს, რომ იხილა წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი, და არავინ აღმოჩნდა ღირსი არც ზეცაში, არც მიწაზე (ქვეყანასა ზედა) და არც მიწის ქვეშ (უფსკრულთა შინა), რომ ბეჭდები გაეტეხა და წიგნი გაეხსნა: "და მე ვტიროდი ფრიად" (გამოცხ. 5,4) - შემატებს ამ სიტყვებს. თუმც მერე ამბობს, რომ წიგნი გახსნა "ლომმან თესლისაგან იუდაისა". და რა იგულისხმება ამ წიგნში, თუ არა წმინდა წერილი? იგი მხოლოდ ჩვენმა მაცხოვარმა გახსნა, რომელმაც თავისი განკაცებით, სიკვდილით, აღდგომითა და ამაღლებით განგვიცხადა წმინდა წერილის ყველა საიდუმლო და ვერავინ შეძლო ამ წიგნის გახსნა ვერც ზეცაში, ანუ ვერც ანგელოზებმა, ვერც მიწაზე, ანუ ჯერ კიდევ ხორცში მყოფმა ადამიანებმა, და ვერც მიწის ქვეშ, ანუ სხეულდატოვებულმა სულებმა. ამათგან ვერავინ უფლის გარდა ვერ შეძლო განეცხადებინა ჩვენთვის წმინდა წერილის საიდუმლო. როცა ამბობენ, რომ მიწის ქვეშ არავინ აღმოჩნდა ღირსი წიგნის გახსნისაო, მაშინ მე ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ, ჯოჯოხეთი მიწის ქვეშ ვიგულისხმო.
პეტრე: - ჯოჯოხეთის ცეცხლი ერთნაირია თუ იმდენნაირი, რამდენი ცოდვაც არსებობს? მათთვის გამზადებული ჯოჯოხეთის ცეცხლიც სხვადასხვანაირია?
პეტრე: - ნუთუ იქ საუკუნოდ დაიწვებიან ისინი, რომლებიც ერთხელ იქნებიან ცეცხლში შთაგდებულნი?
პეტრე: - ზოგიერთმა შეიძლება თქვას: "ღმერთი მხოლოდ იმიტომ ემუქრება ცოდვილებს საუკუნო სატანჯველით, რომ შეაჩეროს ისინი ცოდვის ჩადენისგანო.
გრიგოლი: - თუ სიცრუეა ის, რითაც ღმერთი იმუქრებოდა ცოდვილების უსჯულოების ჩადენისგან შესაჩერებლად, მაშინ ტყუილი ყოფილა ისიც, რისი დაპირებითაც აღძრავდა მართლებს სამოღვაწეოდ. მაგრამ უგუნურის გარდა ვინ გაბედავს ამის თქმას? თუ დაემუქრებოდა იმით, რასაც არ აასრულებდა, მაშინ უნდა ვუწოდოთ (რაც საშინელია სათქმელადაც) ცრუ.
პეტრე: - რამდენად ეთანხმება სამართლიანობას ის, რომ დანაშაულისთვის, რომელსაც სასრული აქვს, უსასრულო სასჯელი უნდა დავითმინოთ?
გრიგოლი: - სამართლიანი იქნებოდა შენი გაურკვევლობა, თუკი გაბრაზებული მსაჯული მარტო საქმეებს განიხილავდა და არა ადამიანთა გულებს. უწმინდურთა ცოდვებს იმიტომ ჰქონდა დასასრული, რომ დასასრული ჰქონდა მათ ცხოვრებას. ისინი ისურვებდნენ, დაუსრულებლად ეცოცხლათ, რომ დაუსრულებლად ცოდვის ქმნის საშუალება ჰქონოდათ. ვინც არასოდეს ანებებს ცოდვის ქმნას თავს სიცოცხლის მანძილზე, ჩანს, რომ სურს მუდამ ცოდვაში ცხოვრობდეს. შესაბამისად, სავსებით სამართლიანია მსაჯულის მხრიდან, რომ საუკუნოდ დაისაჯონ ისინი, ვისაც ამ სოფელში არასოდეს მოუსურვებია ცოდვისგან თავის დაღწევა.
პეტრე: - არც ერთ ერთგულ მონას ზედმეტი სიმკაცრით არ დასჯის მართალი ბატონი, ხოლო ბოროტი მონის დაცემას მის გამოსასწორებლად ბრძანებს: ბოროტ მონას გამოსწორების იმედით სცემენ. თუ უწმინდურნი, გეენიის ცეცხლს მიცემულნი, ვერ გამოსწორდებიან, მაშ, რა მიზნით ენთება საუკუნო ცეცხლი?
გრიგოლი: - ყოვლისშემძლე მოწყალე ღმერთი კეთილთ სიმკაცრის გარეშე მართავს და საუკუნოდ დასჯის უწმინდურთ და იგი ამ სასჯელს არ შეწყვეტს. საუკუნო სატანჯველისთვის განკუთვნილი ცოდვილნი, თუმცა საკუთარი ბიწიერებისთვის იტანჯებიან, სხვა მიზნითაც დაიწვებიან. ყველა მართალი იხილავს ღმერთში ნეტარებას, რომელსაც მიიღებენ ისინი და სატანჯველს, რომელსაც გაექცნენ. და რაც უფრო აშკარად დაინახავენ ცოდვების გამო საუკუნო ტანჯვას, რომელსაც მათ ღვთის შეწევნით სძლიეს, მით უფრო იგრძნობენ, რომ საუკუნო მოვალენი არიან საღმრთო მადლისა.
პეტრე: - როგორ ჩავთვლით წმინდანად მათ, რომლებიც არ ილოცებენ თავიანთი ცეცხლს მიცემული მტრებისთვის მაშინ, როცა თქმულა: "ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქვენ" (მათე 5,44)?
გრიგოლი: - მტრებისთვის მაშინ ლოცულობენ, როცა ძალუძთ მათი გულები ნაყოფიერი სინანულისკენ მოაქციონ და ამ მოქცევით აცხოვნონ. მოციქული გვამცნობს: "მო-ხოლო-თუ-სცეს უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა და განიფრთხიან საფრთხისა მისგან ეშმაკისგან მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისისა" (2 ტიმოთ. 2,25-26). მაშ, როგორ უნდა ვილოცოთ ცოდვილთათვის, მაშინ, როცა მათ აღარ ძალუძთ თავიანთი ბიწიერების კეთილად შეცვლა? მაშინ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ილოცო საუკუნო ცეცხლისთვის განკითხული ადამიანებისთვის, იქნება იგივე, თუ რატომაც არ ვლოცულობთ ახლა საუკუნო სატანჯველმისჯილი ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. რა მიზეზით არ ლოცულობენ წმინდა კაცები ურწმუნოდ და ბიწიერად ნაცხოვრები მიცვალებულებისთვის - შეიტყვეს მათთვის მისჯილი საუკუნო სატანჯველის შესახებ და არ სურთ მართალი მსაჯულის წინაშე ამაო ლოცვა აღავლინონ? თუ ახლა მცხოვრები მართალნი არ თანაუგრძნობენ გარდაცვლილ და სატანჯველმისჯილ ცოდვილებს, როცა თვითონ ხორცში მყოფნი ხშირად შეიგრძნობენ რაიმეს დასჯის შესაფერს, მით უფრო მკაცრად შეხედავენ ბიწიერ ადამიანთა ტანჯვას მაშინ, როცა ყოველგვარ ხრწნად ვნებათაგან თავისუფალნი უფრო მტკიცედ და სავსედ შეითვისებენ სიწმინდეს.
პეტრე: - სულს როგორ შეიძლება ვუწოდოთ უკვდავი, თუ ვიცით, რომ საუკუნო ცეცხლში სიკვდილი მიესჯება?
პეტრე: - სიკვდილის ჟამს ვის არ შეეშინდება ამ ენით გამოუთქმელი სამსჯავროსი, როგორიც არ უნდა იყოს საქმენი მისნი. თუმცა იცის, რასაც აკეთებს, მაგრამ არ უწყის, როგორ განიხილავენ მის საქმეებს?
მეორე ძმა, მერული, მუდმივად ტიროდა და ლოცულობდა. ჭამის ან ძილის გარდა, მის ბაგეთაგან მოუკლებლად ისმოდა ფსალმუნთგალობა. მას ჰქონდა ღამეული ხილვა: ზეციდან მის თავზე თეთრი ყვავილების გვირგვინი დაეშვა. ამის მერე ავად გახდა და გარდაიცვალა მშვიდი და ნათელი სულით. 14 წლის შემდეგ მონასტრის მაშინდელმა წინამძღვარმა პეტრემ მოისურვა მის ახლოს თავისთვის საფლავი გაეთხარა, მერულის სამარიდან ყვავილთა კეთილსურნელება წამოვიდა. აქედან აშკარა გახდა, რომ ჭეშმარიტი ყოფილა მისი ღამეული ხილვა.
იმავე მონასტერში იყო ძმა იოანე, დიდად ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც აღემატებოდა თანატოლებს განსჯით, თავმდაბლობით, სასიამოვნო ურთიერთობითა და მოსაგრეობით. ავად გახდა და სიკვდილის პირად მივიდა. ღამის ხილვაში გამოეცხადა ვინმე მამა, მან წკეპლა გადაარტყა და უთხრა: "ადექი, შენ არ მოკვდები ამ სნეულებით, მაგრამ იყავი მზად, ვინაიდან მცირე ხანსღა იღვაწებ აქ!" ამის მერე ის მაშინვე გამოჯანმრთელდა. გვიამბო თავისი ხილვის თაობაზე. კიდევ ორი წელი იყო ამ ქვეყანაში და დიდ ღვთისმსახურებას მიეცა. მესამე წელს ერთი ძმა მოკვდა და მონასტრის სასაფლაოზე დავკრძალეთ. სასაფლაოდან ჩვენი გამოსვლის მერე, როგორც თვითონ გვიამბო ფერდაკარგულმა და აკანკალებულმა იოანემ, იგი იქ დარჩა. მოუხმო საფლავიდან გარდაცვლილმა ძმამ და აუწყა სიკვდილის მოახლოება. ათი დღის შემდეგ სნეულებით გატანჯულს განშორდა ხორცის საკვრელნი და გარდაიცვალა.