პეტრე: - თქვი, მამა ელეფთერს გული ღრმად შემუსვრილი ჰქონდაო. მსურს სრულყოფილად გავიგო, თუ რა ძალა აქვს ცრემლს. რამდენი სახისაა გულის შემუსვრილება?
გრიგოლი: - როცა მონანული თავისთვის თითოეულ ცოდვას იგლოვს, მაშინ გულისშემუსვრილების რამდენიმე სახე არსებობს. ამიტომ ამბობს იერემიაც მონანულის პირით: "გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თვალთა ჩემთა" (გოდება იერემიასი 3,48). უმთავრესად არის ორი სახის გულისშემუსვრილება: პირველი, როცა ღმერთს მოწყურებული გული შიშით შეიმუსრება, მეორე - სიყვარულით შემუსვრილება. პირველ შემთხვევაში სული მწარედ გოდებს, როცა ცოდვებს იგონებს და ეშინია, საუკუნო სატანჯველს არ მიეცეს. როცა განგრძელებული მწუხარება და შფოთი წარხოცავს ამ შიშს, მაშინ სულში, გადარჩენის წინათგრძნობის წყალობით, ერთგვარი სიმშვიდე დატრიალდება და აბრიალდება სიყვარული ზეციური ნეტარების მიმართ. ადრე იგი თუ საუკუნო სატანჯველის შიშით ტიროდა, ახლა უფრო მეტად მოთქვამს იმიტომ, რომ იგი ღვთის სასუფეველში არ არის. რამეთუ სული ჭვრეტს ანგელოზთა დასებს, ნეტარ სულებს, საუკუნოდ რომ ჭვრეტენ ღმერთს და განადიდებენ და უფრო მეტად ტირის, რომ საუკუნო ნეტარებას განშორებულია. ამგვარად, შიშით სრულ შემუსვრილებას სული სიყვარულით შემუსვრილებამდე მიჰყავს. ეს ამბავი მშვენივრად არის წარმოდგენილი ისტორიულ მოთხრობაში: ასხანმა, ხალების ასულმა, "ღაღადყო კაჰრაულით და რქუა მას ხალებმან: რაი არს შენდა? და რქუა მას: მომეც მე კურთხევაი, რამეთუ ქვეყნად ნაგებდ მიმეც მე, მომეც მე ღოლათმაიმი და მისცა მას ხალებმან ღოლათი ზენაი და ღოლათი ქვენაი" (ისუ ნავე 15,17-19). ვირზე მჯდარი ასხანი სახეა უგუნური ხორციელი სურვილების მქონე სულისა. როგორც მან სულთქმით სთხოვა მამას ტენიანი მიწა (ღოლაფ მაიმი წყაროებს ნიშნავს), ასევე ჩვენც დიდი ვაებით უნდა გამოვითხოვოთ ცრემლის ნიჭი, რამეთუ ზოგიერთებმა მიიღეს ნიჭი იმისა, რომ თავისუფლად დაიცვან ჭეშმარიტება, დაეხმარონ დაჩაგრულებს, ღარიბებს შეწევნა აღმოუჩინონ, იყვნენ სარწმუნოებაში მოშურნენი, მაგრამ ცრემლთა დენის ნიჭი არ მიუღიათ. ისინი ფლობენ ნახევრად გამოფიტულსა და მშრალ მიწას, მათ ტენიანი მიწაც სჭირდებათ. დაე, აღასრულონ კეთილი საქმეები, მათივე განმადიდებელი: აუცილებელია, საჭიროა, რომ მათ ან სატანჯველის შიშით ანდა ზეციური სიყვარულის გამო გამოიგლოვონ ჩადენილი ცოდვები. მაგრამ, როგორც ვთქვი, არსებობს ორნაირი გულისშემუსვრილება. მამა მათ აძლევს მიწას ზენასაც და ქვენასაც. სული ზენა მიწას მოიპოვებს, როცა ზეციური სასუფევლის სურვილი მასში მწუხარების ცრემლებს აღძრავს. სული ქვენა მიწას შეიძენს, როცა ტირის, თრთის ჯოჯოხეთის სატანჯველთა მოლოდინში. თუმცა პირველად მიეცემათ ქვენა მიწა, მერე კი ზენა. მაგრამ რადგან სიყვარულისგან გულისშემუსვრილება ღირსებით უფრო აღმატებულია, აუცილებელი იყო, პირველად ზენა მიწა მოხსენიებულიყო.
პეტრე: - კმაყოფილი ვარ შენეული ახსნით. მაგრამ არიან დღეს ელეფთერის მსგავსი სრულყოფილი ადამიანები?
სხვათა შორის, ამ დროს საავადმყოფოში სხვებთან ერთად იმყოფებოდა შეშლილი კაცი. ერთხელ მას სნეულებამ შემოუტია და საშინელი ხმით აღრიალდა, ავადმყოფები ისე შეაწუხა, რომ დაძინება ვეღარავინ შეძლო. თურმე ფრიად პატივცემული დეკანოზი წამოდგა საწოლიდან, მდუმარედ მიუახლოვდა გონმიღებულს, ხელნი დააწყო და ლოცვა დაიწყო. როცა ავადმყოფმა თავი უკეთ იგრძნო, სამლოცველო ოთახში შეიყვანა, სადაც მისთვის უკვე გულმოდგინედ ლოცულობდა. ამის მერე გონზე მოსული ავადმყოფი აღარავის აწუხებდა...
პეტრე: - ფრიად ჭკუის სასწავლებელია - მიწაზე ასეთი დიდი სასწაულმოქმედები იხილო და საკუთარ თანამოქალაქეებში ჭვრიტო ზეციური იერუსალიმი.
საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა. ლონგობარდებმა წმინდა მოწამე ლავრენტის ეკლესია გადაწვეს. მის აღსადგენად წმინდა კაცმა ბევრი ოსტატი და მუშახელი მოიწვია. საჭირო იყო მათთვის ყოველდღიურად საფასური გადაეხადათ. შიმშილით ძალაგამოცლილი მუშები დაჟინებით ითხოვდნენ პურს. ღვთის კაცმა გარეგნულად სცადა მათი გამხნევება და დაჰპირდა, მოგიტანთ პურსო, შინაგანად კი საშინლად იტანჯებოდა, რადგან არ შეეძლო დაპირებული საჭმლის მოტანა. როცა ის შეწუხებული ბოლთას სცემდა, ღუმელთანაც მივიდა, რომელშიც მეზობლის ქალებმა წინადღეს პური გამოაცხვეს, დაიხარა და შიგ შეიხედა - ნეტავ პური ხომ არ დარჩათო. მართლაც ღუმელში საკვირველი სიდიდისა და უჩვეულოდ თეთრი პური დაინახა. პური კი გამოიღო, მაგრამ მუშებთან მიტანას ვერ ბედავდა - თუ სხვისია, მაშინ კეთილ საქმეს კი ჩავიდენ, მაგრამ შევცოდავ კიდეცო. მეზობელ ქალებს ჰკითხა, რომელიმეს ხომ არ დაგრჩათ ღუმელშიო. მათ იუარეს. გახარებულმა ღვთის კაცმა მიირბინა ამ ერთი პურით უამრავ მუშასთან, აჩვენა და შესთავაზა, ყოვლისშემძლე უფლისთვის მადლობა შეეწირათ. მერე კი პური გატეხა და მიიპატიჟა მუშები. როცა ისინი დანაყრდნენ, წმინდანმა მონარჩენი მოაგროვა და ის უფრო მეტი შეგროვდა, ვიდრე თვითონ პური იყო. მონარჩენით მეორე დღესაც დანაყრდნენ მუშები. შეუჭმელად დარჩენილი მანამდელზე მეტი აღმოჩნდა და ასე ხდებოდა ყოველდღე. მუშები და ხელოსნები ათი დღის განმავლობაში ერთ პურს ჭამდნენ და ნაყრდებოდნენ. თითქოს პურის რაოდენობა ჭამის დროს იზრდებოდა და საკვები მჭამელთა ბაგეებში მრავლდებოდა.
პეტრე: - ეს საოცარი და განმაცვიფრებელი სასწაულია, გვაგონებს უფლის მიერ მოხდენილ სასწაულს!