დაუდევრად, მცონარებით აღვლენილი ლოცვა-ვედრება ფუჭადმეტყველებაა.
ყველაფერი ისე აკეთე და ყველაზე იმგვარად იფიქრე, რომ ღმერთს სათნოეყო; ხოლო თუ არ იქმ ამას და არ ისურვებ, ღმერთს სათნოეყო, ყველა შენი საქმე დაკარგავს თავის ღირებულებას.
არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია - მუცელღმერთობა, ვერცხლისმოყვარეობა და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება. ესაა მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპირისპირო სათნოებებიდანაც სამი უმთავრესია - თავშეკავება, უანგარობა და თავმდაბლობა, ხუთი დანარჩენი კი მათი მომდევნოა და მათგან გამომდინარეობს. ესაა - უზაკველობა, უწყინარობა, სიხარული, მხნეობა და თავის დამდაბლება, მათ კვალად კი მთელი წყებაა სხვა სათნოებებისა.
ადამის შეცოდება სწორედ იმას მოჰყვა, რომ მას უშრომლად და გაუჭირვებლად ჰქონდა მიღებული ყოველი სიკეთე. ამიტომაც მის მიერ საღმრთო მცნების დარღვევისთვის ღმერთმა სასჯელად ასე განგვიწესა ჩვენ, ადამის მთელ მოდგმას, რომ შრომით, ოფლისღვრითა და გაჭირვებით მოვიპოვებდეთ არსობის პურს ქვეყნიერი ცხოვრების ბოლომდე.
არსებობს ბუნებრივი მოწყინება უძლურებისაგან და არსებობსDმოწყინება ეშმაკისაგან. თუკი მათი გარჩევა გსურს, ასე გაარჩიე: ეშმაკისეული (მოწყინება) მოდის მანამდე, სანამ დასვენების დრო მოგივა. როცა კაცი რაიმეს კეთებას დაიწყებს, მოწყინება საქმის მესამედის ან მეოთხედის აღსრულებამდე მოვა, აიძულებს საქმის მიტოვებასა და წამოდგომას. ამ დროს მას არ უნდა ვუსმინოთ, უნდა ვილოცოთ და საქმე მოთმინებით გავაგრძელოთ. მტერი (ეშმაკი) დაინახავს, რომ მოწყინების გამო ვლოცულობთ და შეწყვეტს ბრძოლას, რამეთუ მას არ სურს ლოცვისთვის მიზეზის მოცემა. ხოლო ბუნებრივი მოწყინება მაშინ მოდის, როდესაც კაცი თავის ძალებზე აღმატებულად შრომობს და თავს აიძულებს, კიდევ მეტი იშრომოს. ასე წარმოიშობა ბუნებრივი მოწყინება სხეულის უძლურებისაგან. ამ შემთხვევაში ჩვენი ძალები გამოვცადოთ და სხეული მოვასვენოთ ღმრთის შიშით.
მოწყენილობა სულიერ ძალებს აუძლურებს, მზვაობრობა კი ღმრთისაგან განშორებულ გონებას ძაბავს, სნეულს აჯანსაღებს, მოხუცს ჭაბუკზე ძლიერს ხდის, თუკი ბევრი მოწმე ჰყავს იმ საქმეს, რასაც მზვაობრობით შეპყრობილი აღასრულებს. მაშინ გაიოლდება მარხვაც, მღვიძარებაც და ლოცვაც, რადგან მრავალთაგან მიღებული შექება გულმოდგინებას აღაგზნებს. მაგრამ შენ ნუ გაყიდი შრომას კაცობრივ დიდებაზე და მომავალ დიდებას ნუ გაცვლი არაფრად ღირებულ შექებაზე. კაცობრივი დიდება მტვრად იქცევა და მისმიერი ქებაც მიწაში გაქრება, ხოლო სათნოების დიდება საუკუნო იქნება.
ვინც მოყვასის წმინდა სიყვარულით იღლება, დაღლილობითვე ისვენებს, ხოლო ვისაც თავისი თავი უყვარს და არაფერს აკეთებს, ჯდომითაც იღლება.