თავი XIII
ბერ ვალენტიანეს ძმაზე
პეტრე: - ვხედავ, რომ წმინდა კაცზე იყო ელისესნაირი სული ხედვისა (4 მეფეთა 5,25-26), რომელმაც შეიტყო, რა გააკეთა მისმა მოწაფემ, თითქოს ისიც იქვე ყოფილიყო.
ამბავი მეფე ტოტილას ფარისევლობისა, რომელიც წმინდანმა ამხილა
წინასწარმეტყველებები ტოტილას და ქალაქ კანუზის ეპისკოპოსს
წმინდა ბენედიქტესთან სტუმრად ხშირად მოდიოდა ხოლმე კანუზის ეკლესიის მეთაური, რომელიც თავისი ცხოვრების გამო ძალზე უყვარდა ღირს მამას. როცა იგი ბენედიქტეს მეფე ტოტილას შემოსევასა და რომის შესაძლო დაქცევაზე ესაუბრებოდა, თქვა: "ეს მეფე ისე დაანგრევს ქალაქს, მერე მასში ვერავინ იცხოვრებსო". წმინდა კაცმა კი უპასუხა: "წარმართები ვერ გაანადგურებენ ქალაქს, მაგრამ იმისთანა ქარიშხლები დაატყდება თავს და მიწისძვრები ისე შეარყევენ, რომ თავისთავად დაიქცევაო". ამ წინასწარმეტყველების საიდუმლოებანი ჩვენთვის დღის სინათლეზე ცხადად გამოჩნდა: ვხედავთ ქალაქში დანგრეულ კედლებს, დაბზარულ სახლებს, დაქცეულ ეკლესიებს, ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ძველი შენობა იქცევა ნანგრევებად. თუმცა ბენედიქტეს მოწაფე ჰონორეტი, რომლისგანაც ეს შევიტყვე, ირწმუნება: "ეს (წინასწარმეტყველება) თვითონ არ მომისმენია, მაგრამ ძმებისგან გამიგონიაო".
ეკლესიის მსახურზე, დროებით რომ განიკურნა დემონისგან
პეტრე: - ეს წმინდა კაცი, ვფიქრობ, თვით ღვთის საიდუმლოებას სწვდებოდა, რადგან განსჭვრიტა მომავალი, - თუ ეკლესიის მსახური მღვდლობას გაბედავდა, ეშმაკს მიეცემოდა.
გრიგოლი: - როგორ არ შეიძლება ღვთის საიდუმლოება იცოდეს მან, ვინც დაიმარხა უფლის მცნებები, როცა (წმინდა პავლესთან) წერია: "ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს" (I კორ. 6,17).
პეტრე: - მაშინ რატომ ამბობს სხვა ადგილას ეს სახელგანთქმული მქადაგებელი: "ვინ ცნა გონებაი უფლისაი? ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?" შეუსაბამოდ მეჩვენება, რომ შეუერთდე ვინმეს და ვერ სცნა გონებაი მისი.
გრიგოლი: - წმინდა კაცნი, რადგან ერთ სულ არიან ღმერთთან, მაშინ მათთვის შეუცნობი არ იქნება გონება ღვთისა, რამეთუ იგივე მოციქული ამბობს: "ვინმე უკვე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეცა ღმრთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან" და რათა აჩვენოს, ღვთისა რომ იცის, უმატებს: "ხოლო ჩვენ სული არა ამის სოფლისაი მოგვიღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღვთისაგან". კიდევ ამბობს: "რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა, ხოლო ჩვენ ღმერთმან გამოგვიცხადა სულისა მიერ თვისისა" .
პეტრე: - ესე იგი, თუ ამ მოციქულს ღვთის სულმა გამოუცხადა არსება ღვთისა, მაშინ როგორღა იტყვის ჩემს მიერ მოყვანილი სიტყვების ზემოთ: "ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი!" (რომ. 11,33). ამ სიტყვების მერე კვლავ ახალი შეკითხვა მიჩნდება. დავით წინასწარმეტყველი ეუბნება უფალს: "ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი" (ფსალმ. 118, 13). თუ უფრო ძნელი საქმეა იცოდე, ვიდრე იქადაგო, მაშინ პავლე მოციქული რატომ ამტკიცებს: "გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი", დავითი კი მოწმობს, რომ მან არა მარტო ღვთის ყველა გზა იცოდა, არამედ ბაგეებით ღაღადებდა კიდეც?
გრიგოლი: - ერთზეც და მეორეზეც უკვე მოკლედ გიპასუხე, როცა გითხარი, წმინდა კაცი რამდენადაც შეერთებულია ღმერთთან, მისთვის შეუცნობი არაა გონება ღმრთისა-მეთქი. რამეთუ სათნოებათა გზით უფლის მიმდევარი ამ გზაზე შეუერთდება კიდეც მას. მაგრამ რადგან ხორცის სიმძიმით არიან დამძიმებულნი, არ შეუძლიათ მუდმივად ღმერთთან ყოფნა. მაგრამ რამდენადაც ისინი უერთდებიან ღმერთს, უწყიან დაფარულნი გზანი ღმრთისანი, ხოლო როცა განეშორებიან - არ იციან. რადგან ისინი კვლავ არასრულყოფილად სწვდებიან უფლის საიდუმლოებებს, იმას მოწმობს, რომ "გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი". ხოლო როცა გონებით უფალს მიეჯაჭვება, ამ შეერთებისას, წმინდა წერილის სიტყვებით ანდა საიდუმლო გამოცხადებით, გულისხმაყოფენ, შეიცნობენ ღვთის გზებს და ქადაგებენ, ანუ მათ არ იციან ის გზა (საიდუმლო), რომელზეც დუმს თვითონ ღმერთი, მაგრამ ღვთისგან უწყებული იციან. ამიტომაც დავით წინასწარმეტყველმა როცა თქვა: - ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნიო, იქვე დაუმატა: "პირისა შენისანი". თითქოსდა ამით ამბობს: "ყოველი გზის შეცნობა და ქადაგება შევძელ, რომელიც შევიცან პირისა შენისაგან. რამეთუ იმას, რასაც შენ არ ამბობ, უეჭველია, ფარავ ჩვენი გონებისთვის". ამიტომაც ერთნაირია წინასწარმეტყველისა და მოციქულის აზრები - მიუწვდომელია გზანი ღმრთისანი. თუმცა რომელსაც გამოთქვამს პირი უფლისა, გვეუწყება კაცთა ბაგეებით, რამეთუ შეუძლიათ ადამიანებს ღვთისგან განცხადებული გზების შეცნობა, დაფარულისა კი არ ძალუძთ.
პეტრე: - ამგვარად, ჩემი კამათი შეიცავდა მათსავე პასუხსაც. მომიყევით, კიდევ რა იცით ამ კაცის მიერ მოხდენილ სასწაულებზე.