ამბავი იმისა, თუ როგორ წაიღო ყორანმა მოწამლული პური
ღირს ბენედიქტეს ერთი ყორანი ჰყავდა მიჩვეული - სადილობის ჟამს მოფრინდებოდა და მისი ხელიდან პურს კენკავდა. ღირსმა ბენედიქტემ ამ ყორანს წინ დაუდო დეკანოზის გამოგზავნილი პური და უბრძანა: - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, აიღე ეს პური და ისეთ ადგილას წაიღე, კაცთაგან ვერავინ მიაგნოსო. ყორანი ფრთებგაფარჩხული დახტოდა, ყრანტალებდა, თითქოს ამბობდა, პურის წაღება არ მინდა, მაგრამ ბრძანების შეუსრულებლობაც არ შემიძლიაო. ღვთის კაცის ხელმეორე ბრძანებას დაჰყვა და პური შორს წაიღო. სამი საათის შემდეგ მობრუნდა და ღვთის კაცის ხელთაგან საკენკი მიიღო. ბენედიქტე მიხვდა, რომ დეკანოზი სიკვდილს უპირებდა და საკუთარ თავზე მეტად შეეწყალა იგი.
დეკანოზმა, რაკი მოძღვარი ვერ მოკლა, გადაწყვიტა, მოწაფეთა სულები დაეღუპა. იმ მონასტრის ბაღში, სადაც ბენედიქტე იმყოფებოდა, შვიდი შიშველი ქალი გაგზავნა, რათა მათ მოწაფეთა თვალწინ ეცეკვათ და მათში ბოროტი ვნებები აღეძრათ. ბენედიქტე ამას თავისი კელიიდან უცქერდა და ეშინოდა თავისი ახალბედა მოწაფეთა დაცემისა. ეს მხოლოდ მისადმი მტრობით ახსნა, ამიტომ მოაწესრიგა მონასტრის ცხოვრება, დაუდგინა ძმებს წინამძღვარი, თვითონ კი, რამდენიმე ძმასთან ერთად, სხვაგან წავიდა.
დეკანოზი ყოვლადძლიერმა ღმერთმა საშინლად დასაჯა. ის სათბურში იდგა, როცა ბენედიქტეს წასვლის ამბავი შეიტყო და ხარობდა თავისი წარმატებით. ამ დროს სათბური ჩამოინგრა და გასრისა ბენედიქტეს მტერი. ღვთის კაცის მოწაფემ, მავრმა მაშინვე აცნობა ეს ბენედიქტეს, რომელიც ამ ადგილიდან ათი მილის მოშორებით იმყოფებოდა. "დაბრუნდი, - უთხრა მას მოწაფემ, - შენი მდევნელი დაიღუპაო". ეს რომ შეიტყო, ღვთის კაცი მწარედ ატირდა. შეაწუხა მტრის დაღუპვამ და იმანაც, რომ მის მოწაფეს მტრის სიკვდილი გაუხარდა. მან ეპიტიმია დაადო მოწაფეს.
პეტრე: - საკვირველ ამბებს მიყვებით. ქვიდან წყლის გამოდენა მოსეს მახსენებს (რიცხვთ. 20,7-10), წყლის სიღრმიდან ამოტივტივებული რკინა - ელისეს (4 მეფეთა 6,5-7), წყალზე სვლა - პეტრეს (მათე 14,29), მორჩილება ყორნისა - ილიას (3 მეფეთა 17,6), მტრის სიკვდილზე ტირილი - დავითს (2 მეფეთა 1,11; 18,33). ასე მგონია, ეს კაცი ყველა მართალთა სულით იყო აღვსებული.
გრიგოლი: - ბენედიქტეს ღვთის სული ჰქონდა, რომელიც აღსრულებული გამოსყიდვის მადლით აღავსებს რჩეულთა გულებს. მასზე ბრძანებს იოანე: იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალს სოფლად (იოან. 1,9). მასზე კიდევ წერია: "და სავსებისაგან მისისა ჩვენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ" (იოანე 1,16). ღვთის წმინდა კაცებს შეეძლოთ ღვთისგან ძალნი მიეღოთ, მაგრამ არ შეეძლოთ, ის სხვებისთვის გადაეცათ. ხოლო სასწაული ძალისა თავის ერთგულ მოწაფეებს მისცა მან, რომელიც იონას სასწაულით საკუთარი თავის მიცემას დაჰპირდა მტერს (მათე 12,39), როცა ამპარტავნებს თავისი სიკვდილი გამოუცხადა და ღირსყო ისინი, მათ თვალწინ აღსრულებულიყო, მაშინ თავმდაბლებს თავისი მკვდრეთით აღდგომა ახილვინა, რათა პირველთ - რასაც ხედავდნენ, აბუჩად აეგდოთ, ხოლო მეორეთ - ეცქირათ და კეთილკრძალულებით ჰყვარებოდათ იგი. ამიტომ ამპარტავანნი სიკვდილში მხოლოდ იმას ხედავდნენ, რაც საძაგელია, ხოლო თავმდაბლებს სიკვდილზე ხელმწიფება აქვთ მიღებული.
პეტრე: - ახლა კი მოგვიყევით, ამის მერე სად ცხოვრობდა ეს წმინდა კაცი და როგორი სასწაულები აღასრულა იქ.
გრიგოლი: - წმინდა კაცი საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მტერს არ გაჰქცევია; ამის მერეც მძიმე ბრძოლა გადაიტანა თვით ბოროტების შემოქმედისგან, რომელიც ცხადად აღუდგა.
მონასტერი, რომელსაც კასინოს ეძახდნენ, ერთი მაღალი მთის ფერდობზე იდგა. მთის მწვერვალი მონასტერს სამი მილის სიმაღლიდან დაჰყურებდა. წვერზე მდგარ ძველ საკერპეში, წარმართთა ჩვეულებისამებრ, უგუნურნი აპოლონს სცემდნენ თაყვანს. იქვე, კორომში, ცრუმორწმუნეთა უგუნური ბრბო მრავალრიცხოვან მსხვერპლს შესწირავდა. წმინდა ბენედიქტემ კერპი დაამსხვრია, სამსხვერპლო დაამხო, კორომი გადაწვა და აპოლონის ტაძარი წმინდა მარტინის სამლოცველოდ გადააქცია. აპოლონის სამსხვერპლოს ადგილას კი წმინდა იოანეს ტაძარი ააშენა და იქ შეკრებილთ განუწყვეტელი ქადაგებით სარწმუნოებისკენ მოუწოდებდა.
უძველესმა მტერმა ვერ შეძლო მშვიდად დაეთმინა ეს ამბავი, ცხადად წარდგა ამ ღირსი მამის თვალთა წინაშე და მაღალი ხმით დაიტირებდა ამ დანაკარგს. მისი ხმა ძმებსაც ესმოდათ, თუმცა კი ეშმაკს ვერ ხედავდნენ. როგორც უთხრა მოწაფეებს დიდად პატივცემულმა მამამ, მან ეშმაკი ხორციელი თვალით იხილა. ყველას ესმოდა, რას ამბობდა ეშმაკი. უპირველესად სახელით უხმო წმინდა კაცს. როცა მან არ უპასუხა, გალანძღა, მაგრამ შემდეგ უხალისოდ დაუთმო გამარჯვება წმინდა ბენედიქტეს.
წმინდა კაცის ლოცვით აწეული ქვა
მოჩვენებით ხანძარზე
ამბავი მორჩილისა, კედელმა ჩამოქცევისას რომ დაიტანა და სიცოცხლე წმინდა ბენედიქტემ დაუბრუნა
ბენედიქტეს მოთქმით ამცნეს მომხდარი. წმინდა მამამ ბრძანა, დასახიჩრებული ძმა ჩემთან მოიყვანეთო. მიასვენეს. ქვებს სხეულის ასონი და ძვალნიც კი შეემუსრა. წმინდა კაცმა თავის სენაკში იმ ცხვრის ტყავზე დააწვენინა, რომელზეც ლოცულობდა ხოლმე. ძმები გარეთ გაუშვა, ჩაიკეტა და ჩვეულებრივზე გულმოდგინედ შეუდგა ლოცვას.
საკვირველი რამ მოხდა - წმინდა ბენედიქტემ უკვე ჯანმრთელი და უვნებელი ძმა იმავე საათს სხვებთან ერთად გაგზავნა კედლის დასამთავრებლად. ასე შეარცხვინა წმინდა ბენედიქტემ ძველთაძველი მტერი, რომელიც ყრმის დაღუპვით წმინდა ბენედიქტეს დაცინვას ცდილობდა.
მონაზონი, რომელიც საჭმელს სენაკის გარეთ მიიღებდა