თავი III
(გაგრძელება)
გრიგოლი: - წმინდა კაცს რომ მოესურვებინა, გაეგრძელებინა იმ ადამიანების მართვა, რომელთაც იგი სძულდათ და არ ეთანხმებოდნენ მისი ცხოვრების წესს, ამით შეიძლება მხნეობა და სიმშვიდე დაეკარგა და მიედრიკა თვალნი ღვთისანი საკუთარი თავის ჭვრეტისკენ. მერე კი, ყოველდღიურად, მათი გამოუსწორებლობით გათანგული ნაკლებად იზრუნებდა საკუთარი თავისთვის, თავსა თვისსაც უეჭველად დაუტევებდა და სხვათაც (სულიერ შვილებსაც) ვერ შეიძენდა. ფიქრებით ძლიერ დაძაბულთ, გონი მიგველევა ხოლმე და ხორცში მყოფნი სულიერად არა ვართ საკუთარ თავთან (გონს არ ვართ). რამეთუ საკუთარი თავის ვერმჭვრეტელნი, ფიქრებით სხვაგან დავეხეტებით. ვერ ვიტყვით, რომ გონებაზე იყო ის კაცი, რომელიც შორეულ ქვეყანაში წავიდა, გაფლანგა ქონება, მერე კი იმ ქვეყნის მკვიდრს ღორების მწყემსად დაუდგა. ხედავდა, როგორ ძღებოდნენ ღორნი, თვითონ კი შიმშილით გული მისდიოდა. შემდეგ კი, როცა დაიწყო ფიქრი დაკარგულ სიკეთეებზე, "მოეგო თავსა თვისსა, სთქუა, რაოდენთა სასყიდლით დადგინებულსა მამისა ჩემისათა ჰმატს პური" (ლუკა 15,17). თუ ის საკუთარ თავთან (გონებაზე) იყო, მაშინ საკუთარ თავს საიდანღა დაუბრუნდა? ამ აზრით ვთქვი იმ დიდად პატივცემულ კაცზე, ბენედიქტეზე, რომ მან თავის თავთან დაიწყო ცხოვრება: მუდამ საკუთარი თავის სადარაჯოზე იდგა, შემოქმედის თვალთა წინაშე აყენებდა საკუთარ თავს, ყოველთვის გამოსცდიდა მას. ის გონების თვალით მუდამ საკუთარ თავს ჭვრეტდა.
პეტრე: - რას ნიშნავს მოციქულ პეტრეზე დაწერილი სიტყვა, როცა ის ანგელოზმა საპყრობილიდან გამოიყვანა? ის "მოეგო გონებასა თვისსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თვისი და განმარინა მე ხელთაგან ჰეროდესა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაისა" (საქმე მოციქ. 12,11).
გრიგოლი: - ორმაგად შეიძლება აიხსნას. ჩვენ გონმიღებულნი ვართ, როცა დაცემული გულისთქმებით საკუთარ თავზე დაბლა ვეშვებით, ანდა ჭვრეტის მადლის მიერ ვმაღლდებით საკუთარ თავზე. ის კაცი, რომელიც ღორს მწყემსავდა, არაწმინდებითა და გონების ცთომილებით საკუთარ თავზე დაბლა დაეშვა. ხოლო ანგელოზის მიერ გამოყვანილი გონებით ზეაწეული წმინდა პეტრე, თუმცა არ იყო თავსა თვისსა, მაგრამ მასზე აღმატებული გახლდათ. ისინი დაუბრუნდნენ თავსა თვისსა, როდესაც ერთში ცოდვილი საქმეების შემდეგ სინდისი ალაპარაკდა, ხოლო მეორე - ჭვრეტის სიმაღლიდან დაუბრუნდა ჩვეულებრივ მდგომარეობას. ასე რომ, დიდად პატივცემულმა ბენედიქტემ უდაბნოში თავით თვისით დაიწყო ცხოვრება, რამეთუ განსჯით იცავდა საკუთარ თავს და ოდეს ჭვრეტის სიყვარული ზეასწევდა, მაშინ უეჭველად გონს აღარ იყო (ანუ საკუთარ თავს ზევით აიწეოდა).
პეტრე: - ეს ასეა, მაგრამ ბენედიქტეს შეეძლო მიეტოვებინა ის ძმობა, რომლის ხელმძღვანელობაც იკისრა?
გრიგოლი: - ვფიქრობ, კეთილგონიერად მაშინ უნდა დავითმინოთ ბოროტთა თავდასხმები, როდესაც ერთგვარ სიკეთეს ვხედავთ, რომელიც გეხმარება (ცხონებაში). სადაც არ შეიძლება ველოდეთ კეთილ ნაყოფს, იქ ზოგჯერ ზედმეტია ბოროტ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკეთესი ნაყოფი შეიძლება შევწიროთ ღმერთს. რა უნდა ეცადა წმინდა კაცს, როცა შეიტყო ყველა მის წინააღმდეგ იყო აღძრული? ხშირად ასეთი რამ გადახდებათ ხოლმე სრულყოფილ სულებს (რაზეც დადუმება არ ეგების). როცა თავიანთი ამაო შრომის მნახველნი სხვა მხარეს გადადიან იმ იმედით, რომ იქ მათი შრომა ნაყოფიერი იქნება. ამიტომ იმ სახელგანთქმულმა კაცმა, რომელსაც გული ეტყოდა განსვლად და ქრისტეს თანა ყოფად, რომლისთვისაც ცხოვრება ქრისტე იყო და სიკვდილი შესაძინელი (ფილიპ. 1, 23), რომელიც არა მარტო თვითონ ეძებდა განსაცდელს, არამედ სხვათაც აღძრავდა მათი დათმენისთვის - თვით მან, რომ გაქცეოდა ჰურიათა დევნას, ზღუდეზე კალათით ჩაეშვა და ჩუმად წასვლა მოისურვა (საქმე მოციქ. 9,23-25), ნუთუ ვიტყვით, რომ პავლე მოციქულს სიკვდილის ეშინოდა მაშინ, როცა როგორც თვითონ მოწმობს, სწყუროდა ამ ქვეყნიდან განსვლა ქრისტეს სიყვარულისთვის (2 კორ. 11,22)? არა! მაგრამ როცა დაინახა, იმ ადგილას ბევრი შრომა მოელოდა, ნაყოფი კი მცირე ექნებოდა, საკუთარი თავი შეინახა სხვა ნაყოფიერ ადგილას ღვაწლისთვის. მან, როგორც უფლის მეომარმა, ტყვეობაში ყოფნა არ ისურვა და ბრძოლის ველს მიაშურა. ამიტომ თუ ყურადღებით მისმენ, შეგიძლია დაინახო, რომ ღირსმა ბენედიქტემ აქ დატოვა ძმები განუსწავლელნი, მაგრამ სხვა ადგილებში სულიერი სიკვდილისგან მრავალი გააცოცხლა.
პეტრე: - სამართლიანია შენს მიერ მოხმობილი მოწმობა, რომელიც ნათლად ამტკიცებს ნათქვამს, ხოლო ახლა კი განაგრძე თხრობა ამ უდიდესი მოღვაწის ცხოვრებაზე.
გრიგოლი: - ამასობაში, როგორც წმინდა კაცი, თანდათანობით აღორძინდებოდა სათნოებებსა და სასწაულებში, მრავალნი შეიკრიბა ამ უდაბნოში ყოვლისშემძლე ღმერთის მსახურნი, ისე რომ, ბენედიქტემ ყოვლისშემძლე უფლის შეწევნით იქ ააგო თორმეტი მონასტერი, რომელთაც წინამძღვრები განუჩინა, თითოში თორმეტ-თორმეტი ბერი დაასახლა. თავისთან კი რამდენიმე მოწაფე დაიტოვა, რადგან თვლიდა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ისინი მასთან აღიზრდებოდნენ. წმინდა ბენედიქტესთან რომაელმა დიდებულებმა და ღვთისმოშიშმა ხალხმაც იწყეს სიარული. ისინი მას შვილებს აბარებდნენ ღვთის შიშში აღსაზრდელად. მას მიაბარეს თავიანთი იმედის მომცემი შვილები: ეკვიციუსმა - მავრი, ტერტულიანე პატრიკმა - პლაციდი. ყრმა მავრი თავისი წინამძღვრის თანაშემწე შეიქმნა, ხოლო პლაციდა, ჯერ კიდევ ყრმა, მოსაგრე ცხოვრებას შეუდგა.
პეტრე: - უდიდესი და გონების სარგო რამ მომიყევით. რაც მეტს ვისმენ წმინდა კაცის მიერ მოხდენილ სასწაულებს, უფრო მეტის შეტყობა მწყურია.