ერთხელ ქალაქი ტუდერტი გამოიარეს გუთებმა, რომლებიც ჩვენკენ მიდიოდნენ. ტუდერტის მეზობელი სოფლიდან ორი ბიჭი მოიტაცეს. ეს ამბავი შეიტყო წმინდა ფორტუნატმა, გუთები მაშინვე მიიხმო. მშვიდად დაუწყო საუბარი და ალერსით სცადა შეერბილებინა მათი მძვინვარება. მერე კი ჰკითხა: რას ინებებთ იმ ბიჭების გამოსასყიდად? მე მათ გამოვისყიდი, თქვენ კი ჩემდამი კეთილგანწყობის ნიშნად ბავშვები დამიბრუნეთო. ამაზე უფროსმა გუთმა უპასუხა: "სხვა რამე გვთხოვე, შენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ამ ბიჭებს კი არანაირ საფასურად არ მოგცემთო". წმინდანი მას მშვიდად დაემუქრა: "შვილო, ტყუილად განამწარებ შენს მამას. ნუ დამამწუხრებ, რომ რაიმე უსიამოვნო ამბავი არ შეგემთხვასო". მაგრამ გულგაუხეშებულმა გუთმა უარი უთხრა წმინდანს და წავიდა.
მეორე დღეს, სანამ გზას გაუდგებოდნენ, გუთი კვლავ მივიდა წმინდა ფორტუნატთან და მანაც კიდევ ერთხელ სთხოვა ბავშვების დაბრუნება. ისევ უარი მიიღო. რადგან დამამწუხრე, გზაზე მშვიდად ვერ ივლიო, - უთხრა მას უკმაყოფილო წმინდანმა. გუთმა ყურადღება არ მიაქცია ნათქვამს, ბანაკში დაბრუნდა, ბიჭები ცხენზე შესვა, თავის მეგობრებს გააყოლა, თვითონაც ცხენით უკან მიჰყვა. როცა წმინდა პავლეს ეკლესიას ჩაუარეს, ცხენმა წაიფორხილა, მხედარი ძირს ჩამოვარდა და ფეხი მოსტყდა. გუთი ასწიეს და უკანვე წაიყვანეს. მან კი მაშინვე გაუგზავნა კაცი ეპისკოპოსს - ბავშვების წასაყვანად მსახური გამომიგზავნეთო. ფორტუნატის მსახურს ბიჭები გადასცა და მღვდელმთავართან დააბარა: "წადი და უთხარი უფალსა ჩემსა ეპისკოპოსს: შენ არ აკურთხე იგი და ვნებას შეემთხვია, მიირქვი ახლა შენი ბავშვები და შეეწიე მათ". მსახურმა ბავშვები ეპისკოპოსს წაუყვანა. ნეტარმა ფორტუნატმა მსახურს ნაკურთხი წყალი გაატანა სნეულთან - ახლავე ასხურეთო. მსახური მივიდა გუთთან, მთელ სხეულზე ასხურა ნაკურთხი წყალი და უცებ საკვირველი და გონებამიუწვდომელი ამბავი მოხდა - ძვალი უმალ გამთელდა. გუთი წამოდგა და გზა ისე გააგრძელა, თითქოს არასოდეს არაფერი დამართნოდა. ამგვარად, ჯიუტი გუთი ღმერთმა დასაჯა და ბავშვები უსასყიდლოდ დააბრუნა".
ბერიკაცმა წმინდა ფორტუნატის სხვა სასწაულებიც მომითხრო. უკვე გვიანი იყო, სულიერი სწავლების მსურველნიც მელოდებოდნენ, ამიტომ დიდხანს ვეღარ მოვუსმინე ბერიკაცს, თუმცა ამის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, სიამოვნებით გავესაუბრებოდი.
მეორედ სტუმრობისას ბერიკაცმა წმინდა ფოტუნატზე უფრო საკვირველი რამ მომიყვა: ქალაქ ტუდერტში ცხოვრობდა მეტად პატიოსანი და ღვთისმოშიში კაცი, მარკელაოზი თავის ორ ღვიძლ დასთან ერთად. იგი ავად იყო და აღდგომის შაბათს, საღამოს გარდაიცვალა. სასაფლაო შორს იყო და იმ დღეს დაუმარხავი დარჩა. დაკრძალვის დღეს დამწუხრებულმა მარკელაოზის დებმა წმინდა ფორტუნატთან მიირბინეს და ქვითინით შეევედრნენ: - ვიცით, რომ მოციქულთა სასწაულებს იქმ. კურნავ კეთროვნებს, ბრმებს თვალს უხელ, მოდი და გააცოცხლე ჩვენი მკვდარი ძმაო. აცრემლებულმა წმინდანმა დებს უთხრა: "წადით და ნუღარ ითხოვთ ამას, რამეთუ ყოველივე ყოვლისშემძლე ღვთის ნებაა, მისი შეწინააღმდეგება არავის შეუძლიაო". დები წავიდნენ, ეპისკოპოსი კი კვლავ წუხდა მათი ძმის სიკვდილის გამო. მეორე დღეს, კვირას, გათენებისას, ორ მსახურთან ერთად გარდაცვლილის სახლში შევიდა. დაემხო მის წინ, ღვთისადმი ლოცვა აღავლინა, დაჯდა გარდაცვლილის ახლოს და ჩუმად სახელით მოუწოდა: "ძმაო მარკელაოზ!" გარდაცვლილი, თითქოს ძილ-ღვიძილიდან გამოერკვაო, თვალები გაახილა, ეპისკოპოსს შეხედა და თქვა: "ეს რა დამემართა, ეს რა მომივიდაო!" "მაინც რა დაგემართა?" - ჰკითხა ეპისკოპოსმა. "წუხელ ორმა ვინმემ სხეულს გაყრილი ჩემი სული მშვენიერ ადგილას წაიყვანა. ახლა ერთი მათგანი ისევ მოვიდა: "წაიყვანეთ უკან, შინ ეპისკოპოსი ფორტუნატი ეწვიაო", - თქვა და წამოდგა. მას მერე დიდხანს იცოცხლა, თუმცა არ დაუკარგავს ის ნეტარება, პირველად სიკვდილის შემდეგ რომ მიიღო, რამეთუ თავის პირველ სიკვდილამდე სათნოეყო ყოვლისშემძლე ღმერთს. წმინდანის ლოცვით გაძლიერებული მერკელაოზი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფრო ღვთისმოშიშად ცხოვრობდა. მაგრამ წმინდა ფორტუნატის დიდებულ სათნოებათა დამამტკიცებლად თვალთა წინაშე მუდამ გვაქვს მისი უხრწნელი სხეული. ისევე, როგორც სიცოცხლეში, ის ყოველთვის განასხამდა ეშმაკებს, კურნავდა სნეულს, რომელიც მასთან სარწმუნოებით მიდიოდა. ასევეა მისი გარდაცვალების შემდეგაც.
ჩემო საყვარელო პეტრე, მინდა გიამბო ვალერიის პროვინციაში მცხოვრებ წმინდანთა მიერ აღსრულებულ უდიდეს სასწაულებზე, რომლებსაც დიდად პატივცემული იულიანე მომითხრობს ხოლმე.
პეტრე: - ჭეშმარიტად მეტად საკვირველი ამბავი მოყევით. მსგავსი რამ არასოდეს გამიგონია. ამბობენ, ახლა ასეთი დიდი წმინდანები აღარ არიანო!
გრიგოლი: - საყვარელო პეტრე, ვფიქრობ, დღესაც არის მრავალი ასეთი ადამიანი. და თუ სასწაულს არ ახდენენ, არ ნიშნავს, რომ წმინდანები არ არიან. ცხოვრებაზე უნდა ვიმსჯელოთ არა გარეგნული ნიშნებით, არამედ ღვაწლის (მოსაგრეობის) მნიშვნელობით. არიან ადამიანები, რომლებიც, თუმცა სასწაულს არ იქმან, მაგრამ სასწაულმოქმედზე ნაკლებნი არ არიან.
პეტრე: - რითი დავრწმუნდე, რომ ის, ვინც სასწაულს არ ახდენს, ზოგჯერ სასწაულმოქმედზე ნაკლები არაფრითაა?
გრიგოლი: - მაგალითად, განა არ იცი, რომ პეტრე და პავლე მოციქულთა თავნი არიან?
პეტრე: - ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ პავლე საკუთარ თავს მოციქულთა შორის ყველაზე მცირეს უწოდებს, მაგრამ მან ყველაზე მეტად იღვაწა.
გრიგოლი: - გაიხსენე, პეტრე წყალზე დადიოდა (მათე 14,29), პავლეს კი სამგზის ნავი დაენთქა (2 კორ. 11,25). აი, დამოკიდებულება ერთი და იმავე სტიქიის მიმართ. პავლეს ხომალდით ცურვაც აღარ შეეძლო, პეტრე კი ზღვაზე, როგორც ხმელზე, ისე დააბიჯებდა. განა აშკარა არ არის, რომ თუმცა სასწაულმოქმედებაში ერთნაირი ძალი არ გამოამჟღავნეს, მაგრამ ერთნაირია ღვთის წინაშე მათი დამსახურება.
პეტრე: - შენმიერი ახსნა სრულიად დამაკმაყოფილებელია. უკვე აშკარად ვხედავ, რომ ადამიანის ცხოვრებას უნდა ვუყუროთ და არა სასწაულებს. მაგრამ რადგან სასწაული დამამტკიცებელია წმინდა ცხოვრებისა, გთხოვ, მომიყევი კიდევ რაიმე და კეთილი მაგალითებით დაარწყულე სული.
გრიგოლი: - ჩვენი მაცხოვრის სადიდებლად, წმინდა ბენედიქტეს ზოგიერთ სასწაულზე მოგითხრობ. მაგრამ უდროობის გამო საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ!