მიმართეთ ძმას მხიარულად და სიყვარულით. გიყვარდეთ იგი, ემსახურეთ მას: ისიც ქრისტეს ასოთაგანია. ნუ შეურაცხყოფთ მას ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც კი.
თქვა ბერმა: თუკი ძმას ცოდვაში ჩავარდნილს იხილავ და ეშმაკი მისი განკითხვის სურვილს ჩაგიდებს გულში, გაფრთხილდი და ნუ შეიწყნარებ, არამედ მიუგე: წყეულ იყავ შენ, ეშმაკო, რამეთუ ეგ საქმე ჩემი ძმისა არ არის, შენია და შენზე იყოს. ჯვრით აღიბეჭდე სხეული და დაიცავი გონება, რომ შენი ძმა არ განიკითხო, თორემ სულიწმინდა განგეშორება.
ძმის ცოდვა ჩვენს ცოდვად უნდა მიგვაჩნდეს და მხოლოდ მისი მაცდუნებელი ეშმაკი გვძულდეს. როდესაც მავანი სხვას ორმოში ჩააგდებს, ჩვენ ჩავარდნილს კი არ ვკიცხავთ, არამედ იმას, ვინც უბიძგა. ზუსტად ასევეა აქაც. ისეც ხდება, რომ კაცი საქმეს აკეთებს, რომელიც მხილველებს უწესოდ ეჩვენებათ, მაგრამ საქმე კეთილი განზრახვით აღესრულება, როგორც ეს ცნობილ წმინდა ბერს შეემთხვა: იგი იპოდრომის ახლოს მიდიოდა და იქ გარკვეული განზრახვით შევიდა. როდესაც ნახა, თუ როგორ ცდილობდა თითოეული სხვის გასწრებასა და დამარცხებას, თქვა: ხედავ, როგორი მონდომებით იღვწიან ეშმაკის მსახურნი? ჩვენ, ცათა სასუფევლის მემკვიდრეებმა, უფრო მეტად არ უნდა ვიღვაწოთ? ბერი ამ სანახაობიდან უწინდელზე მეტად გულმოდგინე სულიერი მოღვაწე გახდა. ჩვენ არც ის ვიცით, იქნებ ცოდვაში ჩავარდნილი ძმა სინანულის მეშვეობით, თავმდაბლობითა და აღსარებით ღმრთის სათნო გახდეს. ფარისეველი მზვაობრობის გამო წავიდა დასჯილი. ეს რომ ვიცით, მეზვერის სიმდაბლეს მივბაძოთ და საკუთარი თავი განვიკითხოთ, რათა განვმართლდეთ; და ფარისევლის განდიდებას გავექცეთ, რომ არ დავისაჯოთ.
როდესაც საჭიროა კეთილისყოფა, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს, ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, გაარჩიე შენიანი უცხოსგან. თუკი შენი ღვიძლი ძმა არ არის შენთან გაერთანებული ჭეშმარიტების კანონით, მაშინ იგი უფრო უცხო უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სკვითი; და პირიქით, თუ სკვითსა და სავრომატს უპყრიათ მართალი დოგმატები და სწამთ იგივე, რაც შენ, მაშინ ისინი ღვიძლ ძმაზე ახლოს უნდა იყვნენ შენთან. ბარბაროსსა და არაბარბაროსს განვარჩევთ არა ენითა და წარმომავლობით, არამედ აზრებისა და სულის მიხედვით. ადამიანი უპირატესად ის არის, ვინც მართალ სწავლებას იმარხავს სარწმუნოებაზე და კეთილისმსახურ ცხოვრებას ეწევა.
დიდია ღვთაებრივი სიყვარულის ძალა, ღვთაებრივი სიყვარული ფარავს მრავალრიცხოვან ცოდვას, ცვლის კანონებს, გვასრულებინებს ყველა მცნებას. ეს სიყვარული საშუალებას გვაძლევს, მივუახლოვდეთ სიცოცხლის წყაროს პრინციპით - "მსგავსი მსგავსს ეძებს".
ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ, რომ მონაწილე ვართ ამ სიყვარულისა. ყოველ ჩვენგანს უყვარს ვიღაც ან რაღაც. იშვიათი ადამიანებიც არსებობენ, რომელთაც არავინ და არაფერი უყვართ. ისინი უკვე აქ არიან წყვდიადში, მაგრამ ეს იშვიათი მოვლენაა. ჩვენ ყველას გვიყვარს ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, ჩვენებრ მოაზროვნენი. მაგრამ ეს არის კი ის სიყვარული, რომელსაც ელოდება ჩვენგან ქრისტე? ნათესავების სიყვარული ეგოისტური სიყვარულია თავისიანისა. ასევეა მეგობრების, ახლობლების სიყვარული. მრავალრიცხოვანი მოვლენისა და პიროვნებისგან ვირჩევთ ჩვენთან ნათესაურს, მსგავსს, ვრთავთ მათ ჩვენს გაფართოებულ მე-ში და გვიყვარს ისინი. მაგრამ საკმარისია გადაიხარო ოდნავ იქიდან, რისთვისაც ჩვენ ავირჩიეთ, იმწამს ვღვრით მათზე სიძულვილს, ზიზღს, უკეთეს შემთხვევაში - გულგრილობას. ეს ადამიანური, ამქვეყნიური, ბუნებრივი გრძნობაა, რომელიც უფრო ხშირად ძალიან ფასობს ამ ქვეყანაზე, მაგრამ კარგავს აზრს მუდმივი ცხოვრების ნათელში. ის არამყარია - ასეთი სიყვარული ადვილად გადადის საწინააღმდეგოში - იღებს დემონურ ხასიათს.
თუ ჩვენში არის ჭეშმარიტად სიყვარულის სტიქია, ის ყველაზე ერთნაირად გავრცელდება - კეთილზე და ბოროტზე, სასიამოვნოზე და საზიზღარზე. სახარებისეული სიბრძნე არ შეიძლება იყოს შეუძლებელი, შეუსრულებელი, მაშინ სახარება იქნებოდა ლამაზი სიტყვების ნაკრები, რომელთა განხორციელებაც ცხოვრებაში შეუძლებელია.
ძმას ბოროტებას ნუ გაუკეთებ, ცუდს ნურაფერს ეტყვი, ცილს ნუ დასწამებ, ნუ შეურაცხყოფ. ამგვარად, ნელ-ნელა მას სიკეთესაც გაუკეთებ - სიტყვით ანუგეშებ, თანაუგრძნობ, შეეწევი იმით, რასაც საჭიროებს. ასე ახვალ ერთი საფეხურიდან მეორეზე და, ღვთის შეწევნით, კიბის თავსაც მიაღწევ, რომელსაც ზეცაში აჰყავხარ. მოყვასის შეწევნაში თანდათანობით იქამდეც მიხვალ, რომ სიკეთესა და წარმატებას მისთვის ისევე მოინდომებ, როგორც საკუთარი თავისთვის. სწორედ ეს არის "შეიყვარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი".