გრიგოლი - რად გიკვირს, ჩემო საყვარელო პეტრე? განა ჩვენ ყველანი ცოდვისკენ მიდრეკილნი არა ვართ? ნუთუ არ იცი, რომ წინასწარმეტყველის სულით ავსებულმა დავითმა განიკითხა მონის მიერ ცილწამებული იონათანის ძე (2 მეფეთა 16,3-4)? ჩვენ ხომ გვწამს, რომ ღვთის გამოუკვლეველი მსჯავრით, დავითის ბრძანება სამართლიანი იყო, მაგრამ ისიც ვიცით, რომ იმავე დროს ადამიანური გაგებით - უსამართლობა. ამის მერე კიდევ გვიკვირს, რომ წინასწარმეტყველის მადლს მოკლებულებს ცილისმწამებლის ენა ზოგჯერ შეგვაცოდინებს? მით უმეტეს, არ უნდა გაგიკვირდეს, როცა ამგვარ განსაცდელში ვარდებიან უმაღლესი მწყემსმთავარნი, რომელთაც მრავალი საზრუნავი აქვთ. მრავალ საგანზე გაფანტული ყურადღება ნაკლებად შეჩერდება ერთ რამეზე, და რაც უფრო ფართოა ჩვენი საქმიანობისათვის საგანთა წრე, მით უფრო ადვილად ტყუვდება ჩვენი გონება რომელიმე ერთ მათგანთან ურთიერთობისას.
პეტრე - სამართლიანია თქვენი სიტყვები, წმინდაო მამაო.
გრიგოლი - უთუოდ უნდა მოგითხრო ზოგიერთი რამ, რაც ამ წინამძღვარზე მიამბო ფრიად პატივცემულმა კაცმა ვალენტინმა. მისი თქმით, წმინდა ეკვიციუსის სხეული ნეტარი მოწამის, ლავრენტის სახელობის ტაძარში დაასვენეს. ერთხელ ამ წმინდანის კუბოზე ერთმა ახალმოწამემ პურიანი ჭურჭელი დადო, არც კი უფიქრია, გაეკითხა, რამხელა წმინდანი იყო დასვენებული, რომ მერე თაყვანი ეცა მისთვის. უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა. ტაძარში არაფერი განძრეულა, ეს ჭურჭელი კუბოდან მოისროლა. ასე რომ, ყველასთვის ნათელი გახდა, თუ როგორი დიდი მამა იყო დასვენებული ტაძარში.
გავიხსენებ პატივცემული ფორტუნატის ნაამბობს - მე მას დიდ პატივს ვცემ არა მარტო ხანდაზმული ასაკის გამო, არამედ სულიერი ღვაწლისა და გულის უბრალოებისთვის. ვალერიის მხარეს ლონგობარდები (გუთების ერთ-ერთი ტომი) დაესხნენ თავს. წმინდა ეკვიციუსის მონასტრის ბერები ნახსენებ ტაძარში, წმინდანის საფლავთან დაიმალნენ. გამძვინვარებული ლონგობარდები ტაძარში შეიჭრნენ და ბერები გარეთ გამოყარეს საწამებლად. ძმათაგან ერთ-ერთმა ღრმა მწუხარებით შეღაღადა: "ჰოი წმინდაო ეკვიციუს, ნუთუ გინდა, რომ ჯალათები ნებისაებრ მოგვექცნენ?" მაშინვე არაწმინდა სულმა შეიპყრო ლონგობარდები, მიწაზე დასცა და იქამდე ტანჯავდა, სანამ ამის შესახებ არ შეიტყვეს ტაძრის გარეთ მყოფმა თავისიანებმა. ამის შემდეგ მათგან ვეღარავინ გაბედა, ასე კადნიერად დასხმოდა თავს წმინდა ადგილს. ამგვარად დაიცვა წმინდა ეკვიციუსმა თავისი მოწაფეები და შემდგომ ბევრს შეეწია, ვინც მის კუბოს შეუვრდა.
პეტრე - მამაო, მართლაც განსაცვიფრებელი რამ მომიყევით. მაგრამ მსურს შევიტყო, სულიერი სიმდაბლის რომელ საფეხურზე იყო ეს ადამიანი, რომელიც ასეთ უჩვეულო საქმეებს მოიმოქმედებდა.
გრიგოლი - კარგია, რომ სასწაულთმოქმედებისას ცდილობ კაცის სულიერი მდგომარეობა შეიტყო, რამეთუ სასწაულების გარეგნული მოქმედება კაცის სულს დიდ საცდურში აგდებს. წმინდა კონსტანტინეს სულიერ სიმდაბლეში შემდგომი მონათხრობი უფრო დაგარწმუნებს.
პეტრე - დიახ, ამხელა სასწაულის შემდეგ ჩემს დასამოძღვრად მის სულიერ სიმდაბლეზე მოთხრობაღა დაგრჩენიათ.
გრიგოლი - სხვადასხვა მხრიდან უამრავი ხალხი მოდიოდა მის სანახავად. ერთხელ შორეული ოლქიდან მოვიდა ვიღაც. ამ დროს წმინდა კონსტანტინე ხის სკამზე იდგა და კანდელებს ასწორებდა. წმინდანი ტანდაბალი გახლდათ, გამხდარი და შეუხედავი. წმინდანის სანახავად მოსული კაცი ყველას სთხოვდა, მამა კონსტანტინე მანახეთო. აუსრულეს სათხოვარი, მაგრამ რადგან უბირი ადამიანები სულიერ სათნოებებზე ხშირად გარეგნული შესახედაობით მსჯელობენ, ამ კაცსაც არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ეს წმინდა კონსტანტინე იყო. ის, რაც მას წმინდანზე გაეგონა, ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ახლა ხედავდა. "შეუძლებელია, ასეთი სახელგანთქმული კაცი უსახური იყოსო", - ფიქრობდა. როცა ყველამ დაუდასტურა, სწორედ ეგ არის წმინდა კონსტანტინეო, დაცინვით თქვა: - მეგონა, ვინმე დიდებულ ადამიანს ვნახავდი. ეს კი კაცსაც არა ჰგავსო. როგორც კი მისი სიტყვები მოესმა წმინდა კონსტანტინეს, თავი ანება კანდელების გასწორებას, გახარებული სწრაფად მივიდა სტუმართან, მკლავებში მოიმწყვდია, უჩვეულო სიყვარულით ეამბორა და მადლიერებით აღსავსე გულით უთხრა: - მხოლოდ შენ შემაფასე სამართლიანადო. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რამდენად ღრმა იყო წმინდანის სიმდაბლე, როცა მან დიდი სიყვარული აჩვენა თავის უხიაგად მომხსენებელს. კაცის სულიერი ხარისხი შეიცნობა იმით, თუ რამდენად დაითმენს შეურაცხყოფას. როგორც ამაყებს უყვართ სხვათაგან პატივისცემა, ასევე უხარიათ თავმდაბლებს, როცა ამცირებენ. ისინი მშვიდნი რჩებიან, როცა სხვები არად აგდებენ, რადგან ხედავენ, რომ მათ მიერ საკუთარ თავზე ჩამოყალიბებულ აზრს სხვებიც ამტკიცებენ.
პეტრე - ახლა კი ვხედავ, მამაო, რამდენადაც დიდი იყო ეს კაცი თავისი სასწაულმოქმედებით, უფრო აღმატებული ყოფილა თავისი სიმდაბლით.
პეტრე - განვიხილავ, მამაო, და განვცვიფრდები!
წმინდანმა ღმერთს მიმართა შეწევნისთვის და შუაღამის სიჩუმეში ლოცვას ჩაუღრმავდა. დილით ძმებს ლოდი მოწყვეტილი დახვდათ.
ერთხელ ეს წმინდა კაცი ტაძრის კარიბჭეში შუშის კანდელებს წმენდდა. ერთი ხელიდან გაუვარდა და დაიმსხვრა. წინამძღვრის მოსალოდნელი მრისხანებით შეშინებულმა ნონოზმა ნამსხვრევები მოაგროვა, საკურთხევლის წინ დადო და დიდი გოდებით შეუდგა ლოცვას. ლოცვა დაიწყო და დაინახა, რომ კანდელი მთელი იყო. ამ ორი სასწაულით ის ორ წმინდა მამას მიემსგავსა: კლდის გადადგმით - წმინდა გრიგოლს, რომელმაც სიტყვით მთა გადააადგილა, ხოლო კანდელის აღდგენით - წმინდა დონატს, რომელმაც ასევე აღადგინა გატეხილი ჭურჭელი.
პეტრე - ვხედავ, მამაო, რომ ძველად მოხდენილი სასწაულები დღესაც მეორდება.
გრიგოლი - თუ გინდა, ერთ სასწაულზეც მოგითხრობ, რომლის მოხდენითაც წმინდა ნონოზი ელისე წინასწარმეტყველს მიემსგავსა.
პეტრე - მოუთმენლად ველოდები, რომ მოვისმინო.
გრიგოლი - ერთხელ მონასტერში ზეთი შემოაკლდათ. ზეთისხილის კრეფის დრო იდგა, მაგრამ მონასტრის ბაღში ზეთისხილის ხეებს ნაყოფი არ ესხა. წინამძღვარმა ძმები გაგზავნა მეზობელ მხარეში ზეთისხილის კრეფაში მოსახლეობის დასახმარებლად - გასამრჯელოთი მონასტრისთვის ზეთი უნდა ეყიდათ. მაგრამ ღვთის კაცი ნონოზი, თავისი დიდი სიმდაბლით, შეეწინააღმდეგა ამას, ეშინოდა, მონასტრიდან გასულ ძმებს რაიმე სულიერი ვნება არ შემთხვეოდათ. და რადგან მონასტრის ბაღში, ხეებზე აქა-იქ ება ზეთისხილი, ნონოზმა ძმებს უბრძანა, დაკრიფეთ, გამოწურეთ და მომიტანეთო. ძმებმა ბრძანება შეასრულეს და ზეთი პატარა ჭურჭლით მიუტანეს. როცა ყველა წავიდა, წმინდა ნონოზმა ჭურჭელი საკურთხევლის წინ დადგა და ღმერთს შეევედრა. მერე ძმებს უბრძანა, ამ ჭურჭლიდან ცოტ-ცოტა ზეთი მონასტრის ყველა ჭურჭელში ჩაასხითო. მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭელი თითქმის ცარიელი იყო, წმინდანმა მათზე თავსახურის დაფარება უბრძანა. ხოლო როცა კვლავ გახსნეს, ზეთით სავსე აღმოჩნდა.
პეტრე - აშკარად ჩანს, რომ მუდმივად აღსრულდება თვითონ ჭეშმარიტების მიერ ნათქვამი: "მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ" (იოანე 5,17).