ერთ დიდ პარკში სახალხო სეირნობისთვის ემზადებოდნენ. შიგ მხოლოდ ბილეთებით უშვებდნენ. ბევრს სურდა შესვლა, მაგრამ ფული არ ჰქონდათ. ერთმა მდიდარმა კაცმა გადაწყვიტა, ადამიანური ვნებები გამოეცადა და ბავშვების ჯგროში მუჭით ყალბი ოქროს მონეტები გადაყარა, რომელთა შორის ერთი ნამდვილი ვერცხლის დინარიც ერია. ბავშვები ეცნენ მონეტებს: იკამათეს, იჩხუბეს, ყველა მონეტა წამოკრიფეს. ვერცხლის დინარს კი ყურადღება არავინ მიაქცია, რადგან ფიქრობდნენ, ოქრო ვერცხლზე ძვირფასიაო. ვისაც ეს ყალბი მონეტები ეჭირა, თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ როცა ბილეთების საყიდლად მივიდნენ, გაირკვა, რომ ფული ყალბი იყო. პოლიციელმა ისინი ციხეში წაიყვანა. ერთი მათგანი ყველაზე გონებამახვილი აღმოჩნდა: როცა დაინახა, მის მეგობრებს რა დაემართა, ყალბი მონეტა მაშინვე მოისროლა, ვერცხლის მონეტა აიღო, ბილეთი იყიდა და პარკში შევიდა.
ახსნა ამგვარია: მხიარულება - ზეციური სასუფეველია ანდა მოუკლებელი სიხარულის სამეფო. ყალბი მონეტები - ხორციელი სურვილებია, მიწიერი პატივმოყვარეობაა და თავის მოტყუება, რომელიც ადამიანს ჭეშმარიტი სიხარულის სამეფოს განაშორებს და მიჰყავს ბნელისა და ტანჯვის სამეფოში. ნამდვილი ვერცხლი სიმბოლოა მართალი სულის შინაგანი სიკეთისა და სიმართლისა. ამსოფლიური ელვარებით მოტყუებული ბავშვები - ცოდვილები არიან. ხოლო ის ბავშვი, რომელმაც ყალბი ოქროს მონეტა გადააგდო და ვერცხლის მონეტის მოსაძებნად გაიქცა, სიმბოლოა მონანული ცოდვილისა.
კაცო ღმრთისაო, თვითონ შენ ხარ ნამდვილი ბატონი, ქრისტიანული აზრით ხომ ნამდვილი ბატონი ისაა, ვინც ყველანაირ განსაცდელსა და ტანჯვაში საბატონო სული შემოინახა. ერისკაცული, წარმართული აზროვნებით კი ბატონად ის ითვლება, ვინც თავის სულს ყოველდღიურად განსაცდელში აგდებს გარეგნული ხელმწიფებით - ძალაუფლებით, სიმდიდრითა და დიდებით. ჩვენზე კი არ ბატონობენ, არამედ ჩვენშია ჭეშმარიტი ხელმწიფება. უზრუნველობა და უსაქმურობა - სულის დაღუპვისა და პიროვნების გახრწნის გარანტიაა.
შინ ორი გუთანი გვქონდა: ერთი სუფთა და მბრწყინავი, მეორე კი დაჟანგული და უფერული. პაპაჩემს ჩვევაც ჰქონდა: სუფთასა და მბრწყინავ სამუშაო იარაღს "ბატონ გუთანს" ეძახდა. "მე და ბატონი გუთანი დღეს მიწის მოსახნავად წავალთო, - ამბობდა, - იმ ჟანგიანს კი თავი დაანებეთ, დაე უფრო დაიჟანგოსო". მსახურებით მიიღწევა ნამდვილი ბატონობა, სულის ბრწყინვალება და ხასიათის სილამაზე. მოვედი, რათა გემსახუროთ, - უთხრა უფალმა მოციქულებს. ის მათ მიწაზე მსახურად ყოფნას ასწავლიდა, რომ შეენახათ საუფლო სული და ებატონათ ზეცაში. მოციქულნიც იყვნენ გუთანივით წმინდანი და ბრწყინვალენი, მათი საშუალებით კი სამყაროს პატრონმა დაამუშავა სოფელი და დათესა მასში კეთილნაყოფიერი თესლი ზეციური სასუფევლისა და ზეციური მეუფებისა. ნამდვილი ბატონი ისაა, ვისაც საუფლო სული აქვს და საუფლო ხასიათი. ვინც მეხსიერებაში იმარხავს ზეციური სამეუფო წარმოშობის ამბავს, ვინც თავის მოკლე მიწიერ ცხოვრებას უქმობაში კი არ ატარებს, არამედ ღმერთს ადიდებს და იღვწის მოყვასისა და საკუთარი სულის ხსნისთვის, ვინც სიმდიდრისას თავს გლახაკად თვლის და სიღატაკისას - ღმერთით მდიდრად, ვინც ყველაფერს მადლიერებით იღებს, სასოებით ითმენს და რწმენით კვდება. ვისაც მოციქულის სიტყვისაებრ სათნო უჩნს ყოფნა "უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესათვის" (2 კორ. 12,10).
ვინც დაუტევა მოჩვენებითი მიწიერი ბატონობა, შეუდგა ქრისტეს - იგია ღვთისმიერი ბატონი, ქრისტეს დიდებული და ზეციური არისტოკრატი.
უფლისმიერი კურთხევა და მშვიდობა შენზედა.
ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, სხვა რომელი უკეთესი სამსახური გინდა? განა შეიძლება იყოს სამუშაო მასზე უმჯობესი? პეტრე მოციქული მებადურობდა, პავლე კი კარვებს კერავდა. დაფიქრდი, შენი სამსახური რამდენად მნიშვნელოვანია და აღმატებული, ვიდრე მათი საქმიანობა. თაყვანი ეცი ღვთის განგებას, რომელმაც სწორედ ასეთი სამსახური გიბოძა.
ღმერთმა გაკურთხოს და ჯანმრთელად გამყოფოს.
თქვენ საკუთარ ვერცხლის ქორწილს ზეიმობდით. როცა სტუმრები წავიდნენ, სუფრასთან მსახურები მიიწვიეთ და მათთან ერთად სმა გააგრძელეთ. დათვერით. მსახურებიც დათვრნენ. დათვრა სპასოეც, რომელიც მანამდე არ სვამდა. მთვრალი მღეროდა და სადღეგრძელოს წარმოთქმის საშუალებას არ გაძლევდით. გაცეცხლებულმა ტუჩებში შემოსცხეთ, მან ხელი გკრათ, თქვენ კი კედელს მიანარცხეთ. ასე დამთავრდა ზეიმი თქვენი ვერცხლის ქორწილისა, სპასოესთვის კი უმუშევრობის ხანა დაიწყო. მთვრალმა მთვრალს დაარტყა, ანგარიში გასწორებულია. საწყაო საწყაოს სანაცვლოდ. მაგრამ თქვენ ზომიერებას გადააჭარბეთ, როცა მეორე დღეს სპასოე სამსახურიდან გაუშვით.
პოლონეთის მეფე კაზიმირი მეტად აზარტული მოთამაშე იყო და ერთხელ თავის კარისკაცთან ერთად თამაშობდა. კარისკაცი აგებდა, მეფე კი იგებდა. გაბრაზებულმა კარისკაცმა მეფეს სილა გააწნა. საქმე სასამართლომდე მივიდა და მსახურს სიკვდილი მიუსაჯეს. როცა მეფეს განაჩენი მიუტანეს, ხელი არ მოაწერა. თქვა: - დამნაშავე მე ვარ და არა ის. არ ეკადრება მეფეს, ვნებები გაუღვივოს ქვეშევრდომებსო. მგონია, რომ ამგვარად უნდა განსაჯოთ თქვენც. მსახური იმდენად არ არის დამნაშავე, როგორც მისი ბატონი, რომელმაც მას სასმლის დალევა აიძულა. თქვენ მოუხმეთ დასალევად და არა მან. სიმთვრალე კი, როგორც სიგიჟე, ყველას ათანასწორებს. მთვრალ ხალხში ვერ გაარკვევ, რომელია ბატონი და რომელი - მსახური. მარტო ერთი სპასოე რატომ არის დასჯის ღირსი, როცა ეს ორივემ დაიმსახურეთ? ამაში დიდი წილი თქვენი დამსახურებაა, თქვენ კი ყველაფერი მას დააბრალეთ. საცოდავ სპასოეს თქვენს ეზოში განძი რომ ეპოვა, განა მაშინ უარს იტყოდით საკუთარ წილზე?
ერთხელ პავლე მოციქულმა წერილი მისწერა ერთ ბატონს, სახელად ფილიმონს, მისსავე მონაზე, ონისიმეზე. მოციქული სთხოვდა, ონისიმე უკანვე მიიღეთ არა როგორც მონა, არამედ "უფროისღა მონისა", ვითარცა "საყვარელი ძმა". "შეიწყნარე ეგე ვითარცა მე", - სწერს წმინდა პავლე. ამიტომაც გთხოვთ, ეს ღვთისმოშიში ქრისტიანი სპასოე მიიღეთ ისე, როგორც მე მიმიღებდით. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე თქვენთვის, ორივესთვის მოკვდა. მსახური თქვენი ბრძანებით დათვრა: ხედავთ, ის იმდენად ერთგულია თქვენი, რომ თქვენს გამო ცოდვაშიც კი ჩადგა ფეხი. მიიღეთ ის უკან სასწრაფოდ, რომ უნებურად არ გაცხადდეს თქვენი უსამართლობა უფლისა და კაცთა წინაშე.
მაგრამ ვაი, რომ იმედი მწარედ გაგიცრუვდა! ამ ორმოცი წლის მანძილზე ბევრი შენი მეგობარი და ნათესავი გარდაიცვალა. ირგვლივ მხოლოდ უცნობი სახეები, უცნობი ხალხია. ეძებ ძველ სახლს - უკვე აღარ დგას. ძველი მეგობრების კარზე აკაკუნებ და უცნობები გიღებენ, გაოცებულები გეუბნებიან, რომ არ იცნობენ მათ, ვისაც კითხულობ. ისევ უცხო მხარეში ხარ! ისევ უცხოებთან! ისევ სიცარიელე, იმაზე უარესი, სამშობლოსთან განშორებისას რომ გქონდა. შენმა ქარავანმა ჩაიარა, სხვა კი არა ჩანს. სულიერად აღელვებული გამოცდი ქალაქს. ჩამოჯექი მორზე და ატირდი: "ახლა სადღა წავიდე? ახლა ვიღას მივეკუთვნები? სად არის ჩემი მიწა, ჩემი სამშობლო?"
შენ ზეციურ ქალაქს მიეკუთვნები, ზეციურ იერუსალიმს, აღთქმულ მიწას, ზეციურ სამშობლოს. იქ ნახა ნავსაყუდელი შენმა ქარავანმა. შენ კი შეუერთდი ახალ ქარავანს და გიხაროდეს, რომ ისიც იმავე მიზნისკენ ისწრაფვის. ორმოცი წელი შენი სული სავსე იყო აჩრდილებით, ამიტომაც ახლა ცარიელია. ახლა აავსე იგი წარუვალობით და უკვდავებით, ისე, როგორც არასოდეს გაგიკეთებია. აავსე ის ღმერთით, შენი შემოქმედით. გწამდეს ღმერთი, გწამდეს ქრისტე, ქმენ ის სიკეთე, რის გაკეთებაც გინდოდა და ნუ ელი კაცთაგან შექებას, მხოლოდ ღვთის შეწყალება გინდოდეს. ახალგაცნობილი მოქალაქენი შეგიყვარებენ ისევე, როგორც უყვარდი მათ, დღეს რომ აღარ არიან ცოცხალნი. რამეთუ ისინი მოწყენილნი არიან, იტანჯებიან და სიკეთეს ელიან. ელიან ნამდვილ კეთილ ადამიანს, დაე, გაიხარონ შენი პოვნით. მშვიდობა და ნუგეში უფლისა მიერ.