ვერც ცილისმწამებლური კითხვების კორიანტელმა, ვერც ურთიერთმოქიშპე ფილოსოფოსთა დავამ, რომელთა მრავალი წიგნიც წამეკითხა, ვერ შეძლეს, თუნდაც წამით წაეშალათ ჩემს გულში რწმენა იმისა, რომ შენ არსებობ და შენვე ხარ ჩვენი გამრიგეც".
მას შემდეგ, რაც საღმრთო წერილის სარწმუნო ახსნა-განმარტება მოვისმინე, მივხვდი, რომ ის მოჩვენებითი უაზრობა, რაც ასე ხშირად შეურაცხმყოფდა მათი კითხვისას, სინამდვილეში ღრმა და საიდუმლო აზრის შემცველი იყო. საღმრთო წერილის ავტორიტეტი ამიერიდან მით უფრო მეტი თაყვანისცემისა და ეჭვშეუვალი რწმენის ღირსი მეჩვენებოდა, რომ ყველასთვის მისაწვდომი ჩანდა და, ამასთანავე, უცვლელად ინარჩუნებდა თავისი იდუმალების უღრმესსა და უშინაგანეს აზრს, თავისი სიტყვიერი სისადავითა და ყველასათვის გასაგები ენით ის ჭეშმარიტად სახალხო წიგნი იყო და, იმავდროულად, აიძულებდა, გამალებით ემუშავა ყველა იმ კაცის აზრს, ვინც მალემრწმენი როდია გულით. ის თავის გულს უხსნიდა და მკერდში იკრავდა ყველას, ღმერთამდე კი ვიწრო ბჭით მხოლოდ მცირერიცხოვან რჩეულთ უშვებდა".
მაინც რა მბოჭავდა და გასაქანს არ მაძლევდა? - უბადრუკობათა უბადრუკობა და ამაოებათა ამაოება - ჩემი ცხოვრების ეს განუყრელი თანამგზავრნი, ჩემს ხორციელ გარსს რომ ჩაჰფრენოდნენ და ჩამჩურჩულებდნენ: "მაშ, აღარ იშლი, გვტოვებ?.." თუმცა მე მხოლოდ ცალი ყურით ვუსმენდი მათ, და ისინიც ძველებური თავდაჯერებით ვეღარ მიღობავდნენ გზას, არამედ თითქოს ჩემს ზურგს უკან მიმალულიყვნენ, მიჩურჩულებდნენ და მალულად მჩქმეტდნენ მიმავალს, რათა უკან მოვებრუნებინე. ისინი მიჭერდნენ და წინსვლას მიშლიდნენ, მე კი ვაყოვნებდი, ხელიდან დავსხლტომოდი მათ, თავიდან მომეშორებინა წყეულნი და ფრთაშესხმული გავჭრილიყავი იქით, საიდანაც მიხმობდა მბრძანებლური ხმა. ყოვლისმძლე ჩვეულება კი მაცდურივით ჩამძახოდა ყურში: "გგონია, მათ გარეშეც გაძლებ?!
მაგრამ ამ სიტყვებში უკვე აღარ იგრძნობოდა ძველებური რიხი, რადგანაც გაღმა მხარეს, საითკენაც რა ხანია მექცია პირი და ცხროიანივით ვცახცახებდი გადასვლის მოლოდინში, მთელი თავისი სიწმინდით, თავისი შეუმღვრეველი სიხარულის მთელი სიცხადით და სიმშვიდით მიღიმოდა თავდაჭერილობის ღირსეული და კეთილშობილური ხატება; გულითადი და ალერსიანი იყო მისი მიპატიჟება. დაეჭვება აღარ შეიძლებოდა. წმინდა იყო ჩემკენ გამოწვდილი ხელი, რომ ავეტაცე და გულში ჩავეკარი".
ამას ვამბობდი და მწარედ ვტიროდი გულით ურვილი. და უცებ მეზობლის სახლიდან მომესმა ხმა, რომელიც თითქოს ღიღინით იმეორებდა: "აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე!.." ცრემლი შევიშრე და წამოვდექი, რადგანაც ეს სიტყვები ღვთის ბრძანებად მივიჩნიე: გადამეფურცლა საღმრთო წერილი და წამეკითხა პირველივე თავი, რომელზეც წიგნი გადაიშლებოდა. აკი ანტონზეც მსმენოდა, მის მოქცევას სახარების ერთმა ადგილმა შეუწყოო ხელი, რომელსაც შემთხვევით წააწყდა თურმე: "წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ზეცაში; და გამომყევი მე!" ამ სიტყვებმა დაუყოვნებლივ მოაქცია იგი შენს მიმართ.
უმალ ავიღე მოციქულის ეპისტოლენი, გადავფურცლე და ჩუმად წავიკითხე პირველი თავი, რომელზეც წიგნი გადაიშალა: "არა ღორმუცელობა და სიმთვრალე, არა სიმრუშე და სიბილწე, არა შური და შუღლი, არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად". კითხვის გაგრძელება აღარ ვისურვე, თუმც აღარც იყო საჭირო: გულში ნათელი ჩამიდგა და სიმშვიდემ დაისადგურა, განქარდა ჩემი ეჭვის წყვდიადი".