მეორე მწუხარება არის სოფლიური. ეს მწუხარება იმაში მდგომარეობს, როდესაც კაცი სწუხს რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებასა. ზოგიერთი კაცი, თუ რომელიმე უბედურება დაემართა, სტირის და სწუხს, მაგრამ ღმერთზე აღარ ჰფიქრობს, და ავიწყდება, რომ ღვთისგან არის ყოველიფერი - კაცის მწუხარებაც და სიხარულიც, ბედიც და უბედურებაც. ნაცვლად მისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს, სასოება არ დაჰკარგოს, იგი ჰნაღვლობს მხოლოდ სოფლიურ ნუგეშის მოკლებას. ნაცვლად მისა, რომ დაჰფიქრდეს და გამოიკვლიოს რისგანაც დაემართა მას უბედურება, და მოინანოს ის ცოდვები, რომელნი იყვნენ მიზეზნი მისისა უბედურებისა, იგი ხან ღმერთს აბრალებს თავის უბედურებას, ხან ეშმაკს, ხან სხვა კაცს. ესრეთი სოფლიური, ხორციელი მწუხარება, როგორც იტყვის წმიდა მოციქული პავლე, სიკვდილს გააჩენს, მოჰკლავს კაცს.
ახლა კიდევ გკითხავ მე თქვენ: რომელი ამ ორთა მწუხარებათა არის თქვენ გულში? თავიდანვე ვსთუვით, რომ არ შეიძლება თქვენს გულში არ იყოს მწუხარება, მაგრამ ღვთის მიერი მწუხარება არის, თუ სოფლისა თვითოეულის თქვენგანის გულში? თუ ვინმე თქვენგანი მარტო იმაზედ სწუხს, რომ დაჭერილია აქა, თავისუფლებას მოკლებულია, მარტო იმას ჰფიქრობს, რომ ვაი თუ დაჰსაჯოს ხორციელმა მთავრობამ, ის კაცი მართლა საცოდავია და უბედური. ამისათანა მწუხარება იმას არაფერს კეთილს არ მოუტანს. ის კაცი აქედგან რომ გავა, ხელ-ახლა შეუდგება იმ საქმეებს და იმ ცოდვებს, რომელთა იგი ამ საპყრობილეში შემოაგდეს; მაშასადამე, უარესად გაფუჭდება და დაეცემა, და ბოლოს სიკვდილით გათავდება მისი მწუხარება. არა, ძმანო ჩემნო! აქ, ამ უბედურ სახლში ღვთისა მიერი მწუხარება უნდა იყოს თქვენს გულში! იმისთვის უნდა სწუხდეთ, რომ თქვენ თქვენმა ცოდვამ დაგღუპათ, ღვთისაგან განგაშორათ, უბედურებაში ჩაგაგდოთ; ღვთის გულისათვის უნდა შეიწუხოთ თავი, რომ მოაკლდით ღვთის მადლსა, ზეციერსა მამას განეშორენით, ოდესმე შვილნი ნათლისანი, შეიქმენით შვილნი ბნელისა და ცოდვისა. თუ იმას, ჰფიქრობთ, თუ ამით შეიწუხებთ თქვენს გულსა, მაშინ გაჩნდება თქვენს გულში სინანული ცხოვრებისა, ეს იქნება დასაწყისი თქვენი მოქცევისა და გაცოცხლებისა. თუ აქაც არ დაჰფიქრდებით, თუ ამისთანა მდგომარეობაში მყოფთა არ შეინანებთ, მაშ როდისღა დაჰფიქრდებით, როდისღა შეინანებთ? არც უნდა სწუხდეთ იმისათვის, რომ დაჭერილნი ხართ საპყრობილეში, არამედ კიდეც უნდა მადლობა შესწიროთ ღმერთსა. ღვთის განგებად შეჰრაცხეთ, რომ ამ საპყრობილეში ჩავარდით, ამით გიწოდებს ღმერთი სინანულისათვის და მოქცევისათვის. თუ შეინანებთ, უწინდელი საქმეები მოიძულეთ, გაცოცხლდებით, სცხონდებით; თუ აქაც არ გაიღვიძეთ და არ გამოიცვალეთ ხასიათი, საუკუნო უბედურებასა და სიკვდილს მიეცემით, რომელიც და განგაშოროთ თქვენ და ჩვენ ყოველთაგან მაცხოვარმა უფალმა იესომ, არამედ მოგვცეს სინანული ცხოვრებისა შეუნანებელი. ამინ.