მართლა, ცუდი და მავნებელი თვისება არის, და ფრიად აფუჭებს ზნეობასა კაცისასა მიზეზობა ცოდვათა, ანუ ძებნა სხვათა და სხვათა გამამართლებელთა და შემამსუბუქებელთა მიზეზთა ცუდთა საქმეთასა. თუ კაცი ვინმე ჩავარდა ხელთა შინა სოფლიურთა მსაჯულთასა, ანუ მიეცა ქვეყნიურსა სოფელსა სამართალსა შინა, მაშინ არ იქმნება ცოდვა, და შეუძლია მოძებნოს და წარმოადგინოს სხვა-და-სხვა მიზეზები, რომელნიც ანუ გაამართლებს მას, ანუ შეამსუბუქებენ მისსა ბრალსა. რისთვის? მისთვის, რომელ მსაჯულნი მისნი არიან კაცნი, ქვეშევრდომნი შეცდომისა, შეიძლება, რომ იმათ კარგათ ვერ შეიტყონ მისი სიმართლე. გარნა, სრულიად სხვა არის, როდესაც კაცი წარსდგება წინაშე ღვთისა, ან თავისი სინიდისით თავის გულს გასინჯავს. მაშინ სიცოფე იქმნება და დიდი უგუნურება, რომ კაცმა იწყოს მიზეზობა და განმართლება თავისა თვისისასა. ქვეყნიურისა, ხორციელისა მსაჯულისაგან კაცი მოელის მხოლოდ სიმართლეს, ანუ მართლ-მსაჯულებასა, ხოლო ზეციერისა მსაჯულისაგან უნდა მოველოდეთ მიტევებასა ცოდვათასა და მოწყალებასა. ღმერთი რომ მოწყალებას არ იხმარდეს ჩვენ კაცთა ზედა, არამედ მხოლოდ სიმართლით მოგვაგებდეს, ვერავინ გამართლდებოდა, სუყველანი დაისჯებოდნენ: უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს (ფსალ. 149, 3). ამ მიზეზისათვის მოავლინა ღმერთმან ქვეყანასა ზედა მხოლოდშობილი ძე თვისი, რომელმან ყოველნი ცოდვანი ჩვენი, ესრედ ვსთქვათ, აღიღო მხართა ზედა თვისთა, რათა ჩვენ წყალობითა და მოწყალებითა გვამართლებდეს.
გარნა, სამწუხაროდ, ახლაც, ჩვენცა ქრისტიანენი არ ვიშლით ამ ცოდვას, ესე იგი მიზეზობას და თავის გამართლებას ცოდვათაგან. ახლაც რამდენჯერ მოხდება, რომ შურით მხოლოდ დევნის მოყვასი მოყვასსა, და თავს იმართლებს მით, ვითომც იგი იყოს ცუდი კაცი, სჯულის დამარღვეველი. რამდენჯერ მოხდება, რომ წირვა-ლოცვაზე არ დადის, არ ეზიარება ქრისტიანე კაცი და თავს იმართლებს, ანუ სიღარიბით, თუმცა სიღარიბე არ დაუშლიდა თვისი მოვალეობის აღსრულებასა, ანუ დროების უქონლობით, თუმც ცხადად სჩანს, რომ იგი დროებას დიდად არ აფასებს, და ხშირად ცუდად ჰკარგავს. გარნა, უმეტესი, ნაწილი კაცთა, მეტადრე უსწავლელთა, მდაბალთა კაცთა შორის თავის გასამართლებლად ერთს მიზეზს უფრო ხშირად მოიყვანს. მტერმა ჩამაგდო განსაცდელშიო, ეშმაკმა მაცდუნაო. რა უნდა ვსთქვათ ამაზედ? ის, ძმანო ჩემნო, რომელ თუმცა ეშმაკი მართლა ეძიებს კაცის ცდუნებასა, გარნა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, ჩვენ თვითონ ვაძლევთ მას შემთხვევასა, რომ გვაცდუნოს და ცოდვაში ჩაგვაგდოს. წმინდა მოციქული პავლე აფრთხილებს ქრისტიანეთა ესრედ: ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა (ეფეს. 4, 27). ესე იგი ნუ მიუშვებ შენთა ეშმაკს, ნუ მისცემ შემთხვევას, რომ გაცდუნოს შენ, რომელი იქნება ადგილი, ანუ შემთხვევა ეშმაკისა? ყოველნი ბოროტნი თვისებანი, მიდრეკილებანი, გულის თქმანი, რომელნი ბუდობენ გულსა შინა ჩვენსა, არიან ეშმაკის გზანი და ადგილნი. იქითგან გამოგვცდის ჩვენ სულიერი მტერი, მათი საშუალობით ჩაგვაგდებს ყოველთა ცოდვათა და უბედურებათა შინა. ქრისტიანე მღვიძარე, აღჭურვილი ლოცვითა, ღვთის მადლითა და მდევნელი, მოძულე ყოველთა თვისთა ვნებათა და ბოროტთა გულის თქმათა, არის ეშმაკისათვის მიუდგომელი ციხე, რომელი და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ქრისტე ღმერთმან. ამინ.