ესრეთი გულითადი გრძნობა მოციქულთა იესო ქრისტეს მათ შორის მყოფობისა და არსებისა განამხნევებდა და მოათმენინებდა ყოველთა მათ საშინელთა ჭირთა და განსაცდელთა, რომელი შეემთხვეოდა მათ. მოციქულნი ცხოვლად გრძნობდენ, რომ უფალი იყო მათთანა, იგი თანა მავალი იყო ყოველთა შინა მოგზაურობათა, იგი ხედვიდა მათსა შრომასა და მოღვაწეობასა.
გარნა, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, სანუგეშო იგი სიტყვა: აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ, არა იყო თქმული მხოლოდ მოციქულთა მიმართ, ვინაიდგან მოციქულნი აღასრულებდნენ თავის დროზედ: გარნა უფალი იტყვის: მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა; მაშასადამე აღთქმა იგი მაცხოვარმან მისცა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტიანეთა, რომელნი იქმნებიან ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. და ჭეშმარიტადცა იგივე უფალი ახლაცა არის ჩვენთანა, მისი მადლი, მისი სიტყვა, მისი ქადაგება. მისი სიყვარული ახლაც არის და მოქმედებს ჩვენ ქრისტიანეთა შორის; თვითონ მან სთქვა: მამა ჩემი მოაქომამდე იქმს და მეცა ვიქმ. გარნა თუ შენ არ გრძნობ მისსა მყოფობასა, თუ გული შენი არ არის მოხარული, ვითარცა გული მოწაფეთა იყო გახარებული, როდესაც ესმა მათ ეს სიტყვა: მე თქვენთანა ვარ, მაშასადამე ერთი რომელიმე მიზეზი გაბრკოლებს შენ. იგი მახლობლად შენდა არს, გარნა შენ არ ფიქრობ მასზედა, არ გიყვარს იგი და მისთვის არ იცი მისი დაახლოება. გარნა არ მომხდარა ესრეთი მაგალითი, რომელ რომელიმე შენი მოყვასი ჰსცხოვრობს შენთან ერთს სახლში, მარადის შენ წინაშე არს, გარნა შენ მას ზედა არ ფიქრობ, თვალყურს არ აძლევ და თითქმის არ ფიქრობ, რომ ის დაახლოებულ არს შენთან? სულიერი სიყვარული გაჩნდება თავის უფლებით და არა იძულებით. შენ თვითონ უნდა მოინდომო, ისურვო დაახლოება იესო ქრისტეზედ; გული შენი თავისუფლად უნდა ეძიებდეს მას, და მაშინ იგრძნობ მისსა მყოფობასა.
რა სახით უნდა შევიდეს უფალი იესო ქრისტე შენს გულში, როდესაც იგი არის აღვსებული ყოვლითა ამაოებითა და ადგილი აღარ არის თავისუფალი, რომ განისვენოს მუნ უფალმან. ამისთვის, ძმაო, თუ გსურს, რომ უფალი იყოს შენთანა, ხშირად უნდა ფიქრობდე მას ზედა, ხშირად უნდა წარმოიდგენდე ღვთაებრივსა მისსა ხატსა. ყოველთა ღვთის მოყვარეთა წმიდათა კაცთა ჰქონდათ და ახლაც აქვსთ ის ჩვეულება, რომელ ერთ დღეს ვერ გაატარებდენ იგინი, რომ არ ეფიქრათ უფალსა იესო ქრისტესა ზედა და არ გაეხსოვნათ რომელიმე მისი სიტყვა და სწავლა. მათ ყოველთვის თან დაჰქონდათ სახარება ქრისტესი და ყოველ დილით და საღამოთი წაიკითხვიდენ თითოსა ანუ ორ-ორსა თავსა და მით გააცხოველებდენ მათ გულში ხატსა მაცხოვრისასა. შენ კი, ძმაო, არა თუ არ ზრუნავ, რომ იშოვო სახარება და კითხულობდე მარადდღე, არამედ კვირაში ერთხელ რომ მოხვალ საყდარში, იქაც ყურადღებით არ ისმენ მოკლე სახარების კითხვასა, სახარებაში არის, ძმაო, იესო ქრისტეს სული, სიყვარული და მადლი. სახარების კითხვას ესოდენი მადლი და მოქმედება აქვს კაცის გულზე, რომ ხშირად თვით ურწმუნონი, განდრეკილნი და ქრისტეს წინააღმდეგნი კაცნი რომ წაიკითხვენ, იძულებულნი უნებლიეთ აღიარებენ, რომელ იგი სწორედ არის სიტყვა ღვთისა და არა კაცისა, და თუ ესრეთი მოქმედება აქვს სახარებას გულთა ზედა თვით ურწმუნოთა კაცთასა, წარმოიდგინე რა მადლი და სარგებლობა მიეცემა კაცსა, რომელი სარწმუნოებითა და სასოებითა იწყებს კითხვასა მისსა. ამისთვის თუ გსურს, ძმაო ჩემო, რომ სული ქრისტესი მიეახლოს სულსა შენსა, ხშირად წაიკითხავდე სახარებასა ქრისტესსა. მაშინ შეიტყობ, რომ უტყუელ არს აღთქმა მისი: აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა. ამინ.