უპირველესად, უნდა ვიცოდეთ ჟამი როგორც შრომისა, ისე ლოცვისა, აღსარებისა და ზიარებისა.
ის, ვინც ღვთის ნებას ჭეშმარიტად მიენდობა, მეტისმეტად არ იზრუნებს მომავალზე, რაც უნდა ბნელი ეჩვენებოდეს თავისი ცხოვრების ჰორიზონტი. "ყველაფერი ღვთისგანაა, - ფიქრობს ის თავისთვის, - ყველაფერი ბრძნულად, ჩვენივე სასარგებლოდაა მოწყობილი. რაც იქნება - იქნება. და იქნება ის, რასაც ღმერთი მომცემს, და რაც ჩემს ღმერთს უნდა, ის მინდა მეც".
"ვისაც ყველაზე მეტად ღვთის ეშინია, მას ამქვეყნად უკვე ვერაფერი შეაშინებს (ფს. 117, 6)".
ძალიან შემცდარა, ვინც ფიქრობს, რომ ზეცისათვის დიდი და გამოსაჩენი საქმეებია აუცილებელი. მთავარია, ყოველივეს კეთება ქრისტეს მცნებების მიხედვით. მაშინაც კი, როდესაც ვინმეს თხოვნით წინდას გაუკემსავ, ეს ღვთის სასურველი საქმე იქნება. თითოეული ნაბიჯი, სიტყვა, მოძრაობა, მზერაც კი შესაძლებელია ღვთის ნების აღსრულების საშუალებად აქციო.