ნურასდროს მიიღებ გულში ცილისწამებასა შენი ძმის მიმართ, არამედ გააჩერე განმკითხველი და უთხარი: "დამეხსენ, ძმაო, თავად ყოველდღე უფრო მძიმედ ვსცოდავ, როგორღა უნდა განვიკითხო სხვები?"
ბევრს ჰგონია, რომ ხორცის დათრგუნვით მიაღწევს უშფოთველობას, სასწაულმოქმედებასა და მჭვრეტელობას. საბრალოებმა კი არ იციან, რომ ამ სათნოებათა დედა მორჩილება და სიმდაბლეა.
ყველა სცოდავს იმის გამო, რომ ავი ზრახვის გაჩენისთანავე წინააღმდეგობით არ განაგდებს მას.
რას ნიშნავს, რომ არანაირი მიწიერი ნივთი, არც პატივი, არც სიმდიდრე, არც ტალანტი, არც ცოდნა ჩვენს გულს არ აკმაყოფილებს? რას ნიშნავს, რომ ჩვენ მიწიერი ბედნიერებით მოცულნი მოწყენილნი ვართ და სულის სიცარიელეს ვგრძნობთ? - ეს გულის გამომჟღავნებული ძახილია, რომელიც გვეუბნება: ადამიანო, ნუ ეძებ კმაყოფილებას დედამიწაზე, - ამ ამაო და ხრწნად არსებობაში, შენი ნეტარება მხოლოდ ღმერთთანაა! მისკენ მიმართე ყველა შენი სურვილი, მასში ეძიე მუდმივი ნეტარება და სიმშვიდე.
უშფოთველობას ის კი არ იხვეჭს, ვინც ზოგჯერ ცოდვებს აუჯანყდება, ზოგჯერ კი მშვიდი და წყნარია, არამედ ის, ვინც მუდამ აუღელვებელია; შეურყეველი რჩება, როდესაც ვნებების აღმძვრელი მიზეზი ცოცხალია, უპირატესად ის, ვისაც ორივე მათგანზე ფიქრისა ეშინია.