ყველა სიკეთე სულისა, ანუ ყველაფერი, რისგანაც ჭეშმარიტი სიცოცხლე შედგება, გულის მშვიდობასა და სიხარულს ვამბობ, ღვთისაგანაა, - გამოცდილებიდან გეუბნები. შენ ხარ საუნჯე სიკეთეთა, სულო წმინდავ - ამას გული მკარნახობს.
ისინი კი ვერ მოიპოვებენ სულის სიმშვიდეს, რომლებიც სხეულს აუძლურებენ, არამედ ისინი, რომლებიც განიწვრთნებიან შინაგანი ყურადღების შეძენასა და საკუთარი ნების უარყოფაში.
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტესმიერ ცხოვრებას განაცხოველებს.
განმარტოებისა და მდუმარებისაგან იშვება ლმობიერება და სიმშვიდე, ამ უკანასკნელის მოქმედება კაცის გულზე კი შეიძლება შევადაროთ მხოლოდ სილოამის წყალს, რომელიც წყნარად და უხმაუროდ მოედინება, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ" (ეს. 8,6)