თუ შენ დუმილს მოღვაწეობის გამო იცავ, ეს კარგია; ხოლო თუ ამ განზრახვით არ ჩუმდები, არამედ შფოთის გეშინია, ეს საზიანოა.
ეს იმიტომ გვემართება, რომ ჩვენი გული უსაქმოდაა, ამიტომაც ვარდება ის მოწყინებაში და სხვა მრავალი სახის ბოროტებაში.
ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, რათა სული ხორციელი სიამტკბილობით მოხიბლოს და წარმოუდგენს თითქოს იგი სულიერი, ღვთაებრივი იყოს.
როცა სულში შფოთი წარმოიშვება, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის აძრული, სულს არ ენდოთ: რაც არ უნდა თქვას, ტყუის. მას, მისთვის საზიანოდ, რა თქმა უნდა, გაუგებრობაში აგდებს ეშმაკი, საბრალო კი ფართხალებს და თავის დაღწევას ცდილობს. "გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ქმნის" (იაკ. 1, 20). ღვთისმიერი ხომ ყველაფერი მშვიდია, წყნარია, ტკბილი და ამ სიტკბოებას სულშიც ტოვებს და გარშემოც უხვად ავრცელებს (მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მას კიდეც ლანძღავენ).