მიენდე უფლის ნებას, ყურადღება მიაქციე იმას, რაც შენს სულში ხდება და შენ შეიცნობ ორმოცდამეათე დღის სასწაულს, რაც მოციქულებს გადახდათ.
მშვიდობა შენ და ნუგეში სულიწმიდისაგან.
გულისზრახვათა მიზეზები გარეგანი უკეთურებანია, რომელთათვისაც ყოველჟამს თავს გამოვიდებთ ხოლმე.
გულისზრახვებს მიდევნებული ბრმავდება მათგან და თუმცა ცოდვის მოქმედებებს ხედავს, მათი მიზეზების განჭვრება არ ძალუძს.
არ თქვა, არ მსურს და მოდისო (უკეთური წარმოსახვა), აშკარაა, რომ თუ თვით ეს საქმე არა (ე.ი. ეს უკეთური საქმე, ეს ცოდვისმიერი გულისზრახვა და ქმედება), ამ საქმის მიზეზები მაინც გიყვარს.
უფალო, აღამაღლე მიწიდან ჩვენი გონება შენთან - ზეცაში, დაე, როცა ჩვენს თვალებს უსარგებლო და დამამძიმებელი აზრების ბურუსი მოსცილდება, მუდამ შენს ჭვრეტაში იყოს. ჰქმენ ჩვენი გული წმინდა და ამაღლებულ აზრთა სამსხვერპლოდ; ჰქმენ იგი შენს "მთად წმინდად" (ფს. 47,1). მზეო სიმართლისაო, უფალო იესო ქრისტე, კვლავ გამობრწყინდი ჩვენ ცოდვილთა ღამის სამყაროში და განაცისკროვნე ღრმად მძინარე ჩვენი სულები, განაღვიძე ისინი, რათა გაქებდნენ და გადიდებდნენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს - მამას, ძეს და სულიწმინდას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!