ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს იერუსალიმი, ეს წმინდა მიწა, მას კიდევ უჩნდება სურვილი მოხვდეს ამ ქალაქში და მიეახლოს იქ დავანებულ სიწმინდეებს. თავად არ მომილოცავს იერუსალიმი, მაგრამ იქ მყოფთა ნანახ შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ "კარიბჭის" მკითხევლს. "ივერია" ტურის მენეჯერი ნონა ცომაია იერუსალიმის ხშირი სტუმარია. პირადად აქვს განცდილი წმინდა მიწის მადლმოსილება და იქაურობის მოლოცვის სურვილი არასდროს უნელდება.
- იერუსალიმი, ქრისტეს ქალაქი, ნებისმიერი ქრისტიანის წმინდა ადგილია. მუსულიმანებისთვისაც, რადგან იქ ომარის მეჩეთია, ებრაელებისთვის ხომ არის და არის - მიამბობს ნონა.
ებრაელები იერუსალიმში ჩასვლას კი არ ამბობენ, არამედ იერუსალიმში ასვლას.

ძველი იერუსალიმი დაახლოებით ორ კვადრატულ კილომეტერს მოიცავს, რომელიც გარშემორტყმულია უზარმაზარი გალავნით. დავით მეფსალმუნის დროინდელი კედელი შემორჩენილი არ არის. შემორჩენიალია მეორე ტაძრის (დარიოსის მეფობის დროს აგებული) დასავლეთის კედელი, რომელსაც გოდების კედელი ჰქვია და ებრაელებისთვის წმინდათა წმინდა ადგილია. საოცარად ლამაზი ქალაქია ძველი იერუსალიმი. გამორჩეულია თავისი ვიწრო ქუჩებით, მრავალენოვანი, მრავალრელიგიური მოსახლეობითა და მრავალფეროვანი მაღაზიებით. იერუსალიმს 7 კარიბჭე აქვს აქედან 6 მოქმედია. ლომების კარიბჭიდან შევდივართ ძველ ქალაქში და პრეტორიუმიდან, იგივე პილატეს სასახლიდან ვიწყებთ უფლის ვნების გზას, ჯვრის გზას ("ვია დოლოროსა"), რომელსაც ყოველ წითელ პარასკევს გავდივართ.
ლომების კარიბჭის ახლოს, ძველი ქალაქის გარეთ გეთსამანიის ბაღია, სადაც საიდუმლო სერობის შემდეგ მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა და ლოცულობდა: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა_წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე, ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ" (მათ. 26, 39), გეთსამანიის ბაღში დგას ბებერი ზეთისხილის ხეები, რომლებიც შესაძლოა მოწმენი არიან იუდას ამბორისა და ებრაელთა მიერ იესო ქრისტეს შეპყრობისა.
ჯვრის გზაზე 14 წმინდა ადგილია, ანუ ,როგორც ეძახიან, 14 გაჩერება.
ვიწყებთ კაიაფას სახლიდან, სადაც მას სამსჯავრო მოუწყვეს და გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, "ჰნერწყვიდეს პირსა მისსა და ხურთითა სცემდეს თავსა მისსა და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს" (მათ. 26, 67). განაჩენის სისრულეში მოსაყვანად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა ძე ღმრთისა მიიყვანეს პილატესთან, რომელიც ცხოვრობდა ჰეროდეს მიერ თეთრი მარმარილოთი აშენებულ მდიდრულ სასახლეში - პრეტორიუმში (მეორე გაჩერება) ამ სასახლის აივანზე გამოიყვანა პილატემ უფალი და ჰკითხა გარეთ შეკრებილ ებრაელთა ბრბოს, ვისი გათავისუფლება სურდათ: კაცისმკვლელი ბარაბასი თუ იესო ქრისტესი, რაზეც ებრაელებმა ერთხმად უპასუხეს: ბარაბა, და მოითხოვეს ქრისტეს ჯვარცმა. აქ იწყება უფლის ვნების გზა - ვია დოლოროსა.
აღელვებული ბრბოს დასაშოშმინებლად პილატემ იესო გაშოლტა და რომაელ მხედარს გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ იგი. მათ წაიყვანეს მსჯავრდებული და თავს დაახვიეს მთელი რაზმი. გახადეს მას და შემოსეს ძოწეულის მოსასხამი. დაწნეს ეკლის გვირგვინი და დაადგეს თავზე, მარჯვენა ხელში მისცეს ლერწამი. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო" აფურთხებდნენ მას, აიღეს ლერწამი და თავში ურტყამდნენ. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, შემოსეს თავისივე სამოსელი და აჰკიდეს ჯვარი.

მესამე ადგილია, სადაც ამდენი ტანჯვით დაუძლურებულმა მაცხოვარმა ვეღარ გაუძლო ჯვრის სიმძიმეს და დაეცა.
მეოთხე ადგილი - ქვის კედელში ამოტვიფრულია ხელის ანაბეჭდი, სადაც ჯვრის სიმძიმით დაღლილი უფალი ხელით მიეყრდნო კედელს.
მეხუთე მაცხოვარის მეორედ დაეცემის ადგილია. მაშინ მხედრებმა დაიჭირეს პირველივე შემხვედრი იუდეველი, სიმონ კვირინელი და აიძულეს ჯვრი ეტარებინა.
მეექვსე გაჩერება ის ადგილია, სადაც კეთილმორწმუნე ვერონიკამ ტილოთი შეუმშრალა სისხლით დასვრილი სახე უფალს და ასე გაჩნდა უფლის მეორე ხელთუქმნელი ხატი.
ბოლო გაჩერება არის უფლის წამების ადგილი - გოლგოთა, გარდამოხსნის ქვა და უფლის საფლავი.
იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული, ღმერთკაცის სისხლითდალტობილი წმიდათა წმინდა ადგილი, დასასრული გზისა, რომელიც ჩვენთვის განკაცებულმა და ნებსით ვნბულმა უფალმა გაიარა მიწაზე - ვკითხულობთ პეტერე კონჭოშვილის წიგნში.
გოლგოთის ძირას არის ქვა, რომელზედაც "შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი იგი გვამი შენი", ქრისტე, "არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა და ახალსა საფლავსა დაგდვა". აქ დაიტირა მწუხარებით გულგანგმირულმა ღვთისმშობელმა თავისი საყვარელი ძე.
გამოუთქმელია მორწმუნისათვის ის საღმრთო წამი, როდესაც პირველად განიცდის ამ სულიერ ნუგეშსა და სიხარულს. ტკბილია და მადლმოსილი უფლის საფლავი, აქ განსაკუთრებით იგრძნობა სიახლოვე ზეცისა და ამაოება წუთისოფლისა.