ქართველები საქართველოში დაბრუნების იმედით ვცხოვრობთ
13.09.2014
თესალონიკის ქართული დიასპორა
თესალონიკი საკმაოდ დიდი ქალაქია. ბერძნები მას მაკედონიის დედაქალაქს და შესაბამისად მეორე დედაქალაქსაც კი უწოდებენ. ქალაქში მაცხოვრებელთა რაოდენობა მილიონ ნახევარს აჭარბებს, ხოლო ავტომანქანების რაოდენობით, ერთ სულ მოსახლეზე, იგი ევროპაში პირველ ადგილზეა. ქალაქი გაჯერებულია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. არის მრავალი თვალწარმტაცი ადგილი, იგი ეგეოსის ყურეშია ( თერმაიკოს კოლპოს) მოთავსებული და ეს მას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. თესალონიკელები გულღია და ლაპარაკის მოყვარული ხალხია. უყვართ მოლხენა.
თუმცა, ბოლო დროს, ეკონომიკურმა გაჭირვებამ ისინი აიძულა მნიშვნელოვნად შეიკვეცონ ეს სიამოვნება. თესალონიკელების უმრავლესობა, როგორც ბერძნებს სჩვევიათ, ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელია. ქალაქში ყოველ ნაბიჯზე უზარმაზარი და საგულდაგულოდ ნაშენები ტაძრებია. განსაკუთრებით გამოვყოფდი რამდენიმე მათგანს. ესენია: წმინდა დიმიტრის საკათედრო ტაძარი, სადაც თესალონიკელი წმინდამოწამის- დიმიტრის წმინდა ნაწილებია. იგი თესალონიკის მთავარ წმინდანად ითვლება და მისი ხსენების დღეს, 26 ოქტომბერს, თესალონიკელები ყოველ წელს განსაკუთრებით აღნიშნავენ. ამ დღეს აუცილებლად ჩამოდიან სტუმრები თითქმის მთელი საბერძნეთიდან და ხელისუფლების წარმომადგენლები ათენიდან.
აია სოფიას უდიდესი ტაძარი, პანაღია დექსიას (ღვთისმშობლის მარჯვენის) ულამაზესი ტაძარი ქალაქის ცენტრში, ასევე აია თეოდორას ტაძარი, სადაც წმინდა თეოდორას ნეშტი განისვენებს და სხვა მრავალი. თესალონიკელთა საყვარელი დღესასწაულია წყალკურთხევა. ,,ფოტიზმოს" როგორც ესენი ეძახიან. ამ დღეს მთელი ქალაქი სანაპიროსკენ მიეშურება, სადაც ქალაქის უმაღლესი სასულიერო პირი მთელი ქალაქის სამღვდელოების თანხლებით ლოცვით მიბრძანდება და წმინდა ჯვარს ზღვაში აგდებს. ქალაქის ყველაზე ყოჩაღი ბიჭები თავით გადაეშვებიან ზღვაში და ცდილობენ ერთმანეთს დაასწრონ ჯვრის წყლიდან ამოტანა, რაც ღვთის დიდ წყალობად ითვლება. გამარჯვებული პატრიარქის განსაკუთრებულ დალოცვას იმსახურებს.
თესალონიკის ქართული დიასპორის ერთ-ერთ დამფუძნებელთან ქალბატონ რუსუდან გოგბერაშვილთან საუბრისას ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ქალბატონი რუსუდანი გახლავთ ასევე ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო სკოლის და ლიტერატურული გაერთიანება "ქართული სალონის" ხელმძღვანელი. მისი თქმით, ქართველი ემიგრანტები შეძლებისდაგვარად ვმონაწილეობთ ქალაქის სასულიერო ცხოვრებაში. ქალაქში ქართველი მღვდლებიც წირავენ. მამა გიორგი შალამბერიძე.წმინდა დიმიტრის ტაძარში და მამა ნიკოლოზ მელიქიძე- კორდელიოს ფერისცვალების ეკლესიაში. ყველა დიდ საეკლესიო დღესასწაულზე მამა ნიკოლოზი წირვას ქართულად ატარებს და ვისაც საშუალება აქვს, ქართველები ყველანი იქ იკრიბებიან. მამა ნიკოლოზს შემოკრებილი ჰყავს ქართველ მგალობელთა გუნდი. ისინი წარმატებით გალობენ როგორც ქართულ, ასევე ძველ ბიზანტიურ საგალობლებსაც.
რა თქმა უნდა აქაური ქართველები საქართველოში დაბრუნების იმედით ვცხოვრობთ და მოკლე მომავალში, ვფიქრობ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოს მოაშურებს. მე კი პირადად, ამ ზაფხულს უკვე ვაპირებ დაბრუნებას 20 წლიანი ემიგრაციული ცხოვრების მერე. რა თქმა უნდა განვიცდი, რადგან ვიცი, რომ სამშობლოში თვითდამკვიდრება არანაკლებ გამიჭირდება, ვიდრე თავის დროზე უცხოეთში, მაგრამ ვფიქრობ, სამშობლო მაინც სხვაა, მითუმეტეს ქართველებისთვის.
თესალონიკის ქართული დიასპორის მოღვაწეობის ძირითადი პრიორიტეტია ქართული და ბერძნული სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა, ქართული ემიგრაციული საზოგადოების მაქსიმალურ პოზიტიურ გამოკვეთა საბერძნეთის საერთო ემიგრაციული საზოგადოების ფონზე, საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის უფლებების დაცვა. ქართული საზოგადოების, როგორც ერთიანი, ძლიერი, ცივილიზებული და განათლებული ეთნიკური ჯგუფის სახელის შექმნა და დამკვიდრება; ქართული ენისა და უმდიდრესი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; ჯგუფური და ინდივიდუალური ეროვნული პროექტების შემუშავება, წამოწყება და განხორციელება; ეროვნული დიასპორის მატერიალურ, სულიერ და კულტურულ განვითარება და გაძლიერება; მოწოდებულია თითოეული წევრი ორგანიზაციის გაერთიანებული ძალებით დახმარებისა და თანადგომისათვის.
თავისი ჩამოყალიბების მცირე პერიოდში ორგანიზაციამ ამ მიმართულებით დიდი მუშაობა გასწია. მიუხედავად ორგანიზაციის ეკონომიკური პრობლემებისა, რაც თავისთავად განპირობებულია თვით ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, დიასპორული გაერთიანება მრავალ კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი ემიგრანტებისათვის. უპირველესად უნდა დავასახელოთ ქართული საკვირაო სკოლის გახსნა, რაც უშუალოდ დიასპორული ორგანიზაციების დიდი მონდომებით განხორციელდა. სკოლაში წელს 28 პატარა ეუფლება დედა ენას. ასევე დიდია დისპორის მხარდაჭერა დიასპორის ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლებისადმი. სამი ანსამბლი გვყავს. ესენია: ლექსო ნიკოლაძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხი," (ხელმძღვანელი ნანა მილაშვილი); ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები," (ხელმძღვანელი ლიკა ჯოხაძე) და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მამული" (ხელმძღვანელი ზ. გიუნაშვილი). დიასპორას მრავალი გასვლითი საჩვენებელი ღონისძიება აქვს ჩატარებული ადგილობრივი მოსახლეობისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობის მიზნით. ვაწყობთ ექსკურსიებს რათა უკეთ გაეცნონ ქართველი ემიგრანტები ადგილსამყოფელი ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობას.
გვაქვს შეხვედრები საქართველოდან ჩამოსულ საინტერესო ადამიანებთან.. ვაწყობთ საქველმოქმედო აქციებს და კულტურულ ღონისძიებებს, ვზრუნავთ და რაც შეგვიძლია ვეხმარებით ჩვენს სამშობლოში დარჩენილებს- გაჭირვებულ ოჯახებს, ავადმყოფ ბავშვებს, აქაურ ამა თუ იმ უბედური შემთხვევით დაზარალებულ ქართველებს. ვეხმარებით საჩხერის შ.პ.ს. ბავშვთა სახლს, სადაც ახლა მეორე პარტია სათამაშოებს და ამჯერად ტანსაცმელსაც ვაგზავნით.
თესალონიკში ემიგრანტთა რაოდენობა არაოფიციალური მონაცემებით 15 ათასს აღწევს. უმრავლესობა არალეგალია, რაც მათ გადაადგილების პრობლემებს უქმნით. ბოლო პერიოდში უმუშევრობამ იმატა და ქართველების უმრავლესობა მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაშია. რაც შეგვიძლია ვეხმარებით ერთმანეთს სამუშაო ადგილების მოძიებაში. ყოველ კვირა დღეს იკრიბება დიასპორის კონფედერაციის სათათბირო, სადაც დასწრება და მონაწილეობა შეუძლია ყველა ემიგრანტს . ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემებზე, ვეძებთ გზებს მათ გამოსასწორებლად, ვეძებთ სამშობლოში დაბრუნების გზებს. დიდად შეგვაშფოთა ბოლო დროს გახმაურებულმა ინფორმაციამ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ამჟამად მოქალაქეობა შეწყვეტილი აქვს 24 ათას ქართველს. ეს ფაქტი უამრავ ქართველს გზას უკეტავს სამშობლოსაკენ და ფაქტიურად ხელს უწყობს მათ ინტეგრირებას და სამუდამო დამკვიდრებას უცხოეთში. მაშინ, როცა საქართველოში ქართველების რაოდენობა კატასტროფული ტემპით მცირდება. ჩვენი თხოვნა იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლება მეტი ყურადღებით მოკიდებოდა ამ და მსგავს საკითხებს და იქნებ როგორმე გამოესწორებინა ეს მეტად მტკივნეული მდგომარეობა.