მისამართი: ზემო ვეძისის 59/2 (ტაშკენტის ქუჩის ბოლოში). ახალი მისამართით - მერი დავითაშვილის 11.
100 ნომერი, 100-ჯერ ცდა იმისა, რომ ადამიანებს ღვთის სიტყვა სწორად, მართებულად მივაწოდოთ. თავიდან, როცა დამავალეს, მრევლის აზრი შემეტყო ამა თუ იმ საკითხზე, მეკითხა, რას განიცდიდნენ ცოდვის ჩადენის ან მადლის ქმნის დროს, როგორ და როდის დაადგნენ ეკლესიისა და სულიერების გზას, შევშინდი. მეგონა, არავინ მიპასუხებდა... პირველ ნომრებზე მუშაობისას ფრთხილად და შემპარავად ვსვამდი შეკითხვებს, მერე და მერე, როცა ვიტყოდი, "კარიბჭიდან" ვარ-მეთქი, თუ ერთს ვეკითხებოდი რაიმეს და იქვე მეორე იდგა, ისიც ცდილობდა ეპასუხა... საკუთარ შეცდომებსა და ცოდვაზე ლაპარაკობენ იმის გამო, რომ უნდათ, სხვამ არ გაიმეოროს იგივე, მადლზე თხრობისას კი უფრო სხვის მაგალითს მოიყვანენ ჩემი რესპონდენტები... მეშინია, ზედმეტი არ მომივიდეს და ვცდილობ, სიტყვათა შერჩევისას სიფრთხილე გამოვიჩინო, რადგან ვაშასა და ქებისთვის არც ერთი ფრაზა, არც ერთი სიტყვა არ იწერება "კარიბჭეში", უფალი ხომ თავმდაბლობას გვასწავლის, და თუ რაიმეს ვაკეთებთ, თუ ღვთის სიტყვა შეძლებისდაგვარად მიგვაქვს ხალხთან, ისევ უფალი გვაძლევს ამის ძალას. სწორედ ამიტომაც თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რაოდენ დიდი სიყვარულით ელის მრევლი "კარიბჭის" ყოველ ახალ ნომერს.
სიმშვიდითა და თავმდაბლობით და არა ფორიაქითა და ამპარტავნებით იხვეწება აზრები, ფრაზები... ღვთის სიტყვის მქადაგებელს ხომ მეტი მოეთხოვება."