თავი 8
წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოლოზის ნეტარი აღსასრული. მირონლუკიის ეკლესიის ბედი და წმინდა ნიკოლოზის სამარეუფალმა ღირს ჰყო ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი ადამიანური ბუნებისათვის ვალის მოხდისა. ხანმოკლე ავადმყოფობის მერე იგი აღესრულა და სიხარულით წარვიდა ნეტარ ცხოვრებაში. სული მისი, როგორც ღვთის დიდი წმინდანისა, უფლის ანგელოზებმა მიჰგვარეს უფალს, ხოლო მისი პატიოსანი სხეული ლუკიის ქვეყნის მრავალირცხოვანმა კრებულმა, ეპისკოპოსებმა, მონაზვნებმა, ერისკაცებმა 6 დეკემბერს მირონის ეკლესიის საკრებულო ტაძარში დაკრძალეს. თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის მანძილზე წმინდა ნიკოლოზი კაცთა მოდგმის კეთილისმყოფელი იყო და გარდაცვალების მერეც ასეთად დარჩა. უფალმა მისი სხეული უხრწნელი დასტოვა და განსაკუთრებული სასწაულთქმედების ძალა მიანიჭა. მისმა წმინდა ნაწილებმა დაიწყო მირონდენა, რომელსაც საკვირველმოქმედების მადლი აქვს. წმინდა ნიკოლოზი მირონცხებით კურნავს ყველა, როგორც ხორციელი, ისე სულიერი სნეულებისაგან, განსდევნის არაწმინდა სულებს, რომელსაც წმინდა მღვდელთმთავარი სიცოცხლეშივე ამარცხებდა.
****
აღსანიშნავია მირონქალაქისა და მასთან ერთად მისი საკრებულო ტაძრის ხვედრი, სადაც წმინდა ნიკოლოზი იყო დაკრძალული.
სარკინოზთა შემოსევისას, რომელიც განსაკუთრებით XI საუკუნეში გაძლიერდა, ქრისტიანული აღმოსავლეთის მრავალი ქალაქი მახვილმა და ცეცხლმა მოსრა, მათ შორის მირონქალაქი და წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი სიონის ეკლესიაც. ტაძრის განადგურების პროცესი წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების იტალიის ქალაქ ბარიში გადასვენების მერე უფრო გაძლიერდა. 1850 წელს ქალაქ მირონის ტაძარი და წმინდა ეკლესია მოინახულა ცნობილმა მოგზაურმა მურავიოვმა. სამშობლოში დაბრუნებულმა ბევრი იზრუნა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის აღსადგენად.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე