- სულიწმინდის მადლია ზიარება, ანუ ევქარისტიის საიდუმლოება, როდესაც პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქმნება. უხილავი და მიუწვდომელი ღმერთი ნაწილობრივ სამი სახით გამშვენდება ჩვენში - ძლიერებაში, ყოვლადგრძნობასა და მადლმოსილ ქმედებაში. ღვთის ყოვლადგრძნობა არის ის, როდესაც მაცხოვარი განკაცდა, განკაცების დროს თავისი ღვთაებრივი ბუნება დამალა და კაცობრივი ბუნებით მოგვევლინა. ევქარისტიის დროს ჩვენ ვერც ღვთაებრივ ბუნებას ვხედავთ და ვერც კაცობრივს. ღმერთი ყოველივე ამას წმინდა პურსა და ღვინოში მალავს. ღვთის მადლმოსილება ამ საიდუმლოშია. ღმერთი თითოეულ ჩვენგანს თავის სისხლსა და ხორცს სთავაზობს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქრისტემ ერთგზის გაწირა თავი თვისი, ერთხელ ეცვა ჯვარს, ერთხელ ევნო, მაგრამ ევქარისტიულ საიდუმლოში ის ყოველ ლიტურგიაზე ევნება თითოეული ჩვენგანისთვის. ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს.
- ქრისტიანის დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს ზიარებასთან?
- ეს ღვთაებრივი საიდუმლო, რომელიც ჩვენი სულის აღსაშენებლად მოგვეცა, დასაჯელად არ უნდა იყოს მიღებული. მაგალითად, როდესაც მოსე წინასწარმეტყველმა, რომელიც ებრაელი ერის უდიდესი წინასწარმეტყველი იყო და თავისი სიმამრის ცხვრებს მწყემსავდა, ერთხელ იხილა შეუწველი მაყვალი, მაყვალი, რომელიც იწვოდა, მაგრამ ამავე დროს არ იწვოდა. გაკვირვებული მოსე ფიქრობდა, მიახლებოდა თუ არა. მიუახლოვდება მაყვალს და ესმა საღვთო ხმა, - გაიხადე ფეხსაცმელი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმინდააო. ფეხთსაკვრელი სიმბოლურად ნიშნავს იმ ხორციელი ცხოვრების მიდრეკილებების დატევებას, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ბუნებაშია. პავლე მოციქულს რომ დავესესხოთ, თითოეული ჩვენგანის ბუნება ცოდვისაკენ არის მიდრეკილი. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია არასწორი ნაბიჯის ადვილად გადადგმა, ვიდრე სწორისა. პავლე მოციქული ამაზე ამბობს: "ვაი, საბრალო კაცი ვარ მე, ხშირად არ მინდა ბოროტება, იმას ადვილად ვჩადი და სიკეთე, რომელიც ჩემს გულს სწადია, იმის აღსრულება ძალიან ძნელიაო". თითოეული ჩვენგანი უნდა ლამობდეს ხორციელი, არასწორი მიდრეკილებების დატევებას. თუ ეს ასე არ იქნა, ადამიანი, რომელიც უღირსად ეზიარება, კურნების ნაცვლად სასჯელს მიიღებს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, იმიტომ არის თქვენს შორის მრავალი სნეულება, რომ უღირსად მიეახლებით ამ წმინდა პურსო. არასწორი ცხოვრების გამოსწორებას აღსარებით ვცდილობთ ხოლმე ყოველი ზიარების წინ. რა თქმა უნდა, თავისთავად წმინდა საიდუმლოებაც მიმტევებელია - ეს საიდუმლოებანი, ევქარისტიული პური და ღვინო, გვეძლევა მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ. ქრისტიანმა, რომელიც ეზიარება, პირველ რიგში თავისი შინაგანი სულიერი სამყარო უნდა განიწმინდოს. არაფერი დაუმალოს მოძღვარს, რათა განწმენდილი გულით, გონებით მიეახლოს ღმერთს.
- ადამიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს?
- მეზვერე ზაქე, მაცხოვარი რომ დაენახა, ლეღვის ხეზე ავიდა. ღმერთი მის გულმოდგინებას აჯილდოებს - თავად მაცხოვარი ეახლება ზაქეს შინ,Mმეზვერეს, რომელთანაც ებრაელები ცდილობდნენ, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონოდათ. სახარებაში აღწერილია ორი ეპიზოდი: ასისთავი სთხოვს ებრაელებს, ევედრონ მაცხოვარს, მონა განუკურნოს. იესო გადაწყვეტს, ასისთავს შინ ეახლოს, მაგრამ ასისთავი ხალხს მიაგებებს და ეუბნება, - უფალო, არა ვარ ღირსი, შენ ჩემს სახლში შემოხვიდეო. ღმერთმა ორივეს ასეთი განწყობა შეაქო, ეს იყო გულწრფელი განწყობა. ერთის გულმოდგინე განწყობა, რომ სურდა ღმერთი ეხილა და ღმერთმა მისი გულმოდგინება დააჯილდოვა, მეორისა - შინაგანი კრძალვა. მაცხოვარიც ამ გულწრფელი კრძალვის გამო ამბობს, - ისრაელთა შორის ამგვარი სარწმუნოება არ მიხილავსო. ღმერთი ამ კრძალვასაც აჯილდოებს. მთავარია, გვქონდეს მოწიწება, გულწრფელი კრძალვა და ღმერთი აუცილებლად დაგაჯილდოებს.
როდესაც მაცხოვარს ეკითხებიან სახარებაში, - ყველაზე დიდი მცნება რომელიაო, პასუხობს, - ის, რომ ადამიანმა შეიყვაროს ღმერთი მთელი გულით, გონებით, შესაძლებლობებით, სულით, შეიყვაროს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ღმერთმა თავისი სიყვარული გამოხატა იმით, რომ საკუთარი თავი გაწირა და თითოეულ ჩვენგანს თავისი სისხლი და ხორცი მისცა. ჩვენი სიყვარული ღვთისადმი თუნდაც იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ამ წმინდა საიდუმლოს გარეშე ცხოვრება არ შეგვეძლოს. ყველა ჩვენგანს მუდამ უნდა უნდოდეს იმ ღვთაებრივი საიდუმლოს დაუფლება, რასაც წმინდა სისხლი და ხორცი ჰქვია. ადამიანს, რომელსაც ვიღაც უყვარს, სწადია განუყრელად მასთან ყოფნა, მასთან ურთიერთობა. შეიძლება ამით დავასკვნათ, - ჩვენ ღმერთი გვიყვარს თუ არა.