გაგრძელება
როცა გონს მოვიდა, ნათლის მოქმედება გრძელდებოდა, სული კი სიხარულისაგან ხტოდა.
ბერდიდი ამ დროს ჯერ კიდევ მონაზონს ესაუბრებოდა. გონს მოსულ ექვთიმეს თვალები თითქოს გაჰყინვოდა. ნათლის მიერ სულის გაცისკროვნებისას თვალები გახელილი ჰქონდა და იქით იხედებოდა, საითაც გაცისკროვნებამდე იცქირებოდა. დიდხანს იზელდა თვალებს და ქუთუთოებს, მაგრამ ისინი არ მოძრაობდნენ. გავიდა დიდი დრო. სასოწარკვეთილს არ ჰქონდა იმედი, რომ თვალები ძველ მდგომარეობას დაიბრუნებდნენ. ამიტომაც შეჰღაღადა ზეციურ დედოფალს და შეწევნა სთხოვა. მაშინვე ქუთუთოები აუმოძრავდა.
ერთხელ მამა ექვთიმე მამა პაისის დარიგებებზე საუბრობდა, თუ როგორ უნდა გვყვარებოდა მტერი. მას უთხრეს: ძნელია, ისინი მთელი გულით შეიყვაროო. მოძღვრის საქმეთა მიმდევარმა ექვთიმემ უთხრა: "ძნელი რომ არ ყოფილიყო, ამისთვის არც საზღაური გაიცემოდა. მაცხოვარმა თქვა: ჩემი მოყვარულნი ჩემს მცნებებს დაიცავენო. მისი მცნება საკუთარი მოყვასისა და მტრების სიყვარულია, და მაშინ გავხდებით ჩვენ შვილნი ღმრთისანი, როგორც თვით უფალი ამბობს წმინდა სახარებაში. ამიტომაც სათნოებათა ქმნას ღვაწლი რომ უნდა, ამაზე უფალმა თქვა: "ბევრია წოდებული, მაგრამ მცირეა რჩეული". რომ მცირედნი იქნებიან ისინი, ვინც ღვთის მცნებების აღსრულებაში იმოღვაწებენ".
გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე მამა პაისის ერთი რუსი მონაზონი ეწვია თავის ღვიძლ ძმასთან ერთად და ხანგრძლივად ესაუბრა. მათი საუბრის საგანი უფლის წმინდა საიდუმლოსთან ხშირი ზიარება იყო. პირველ რიგში ბერდიდმა ერისკაცს ჰკითხა, რამდენჯერ ეზიარებოდა. მან უპასუხა, - წელიწადში ერთხელო. გულაჩუყებულმა ბერდიდმა შეაგონა, რომ თვეში ერთხელ ან, უკიდურეს შემთხვევაში, ყოველ მარხვაში ზიარებულიყო. ერისკაცმა - ცხოვრებისეული საზრუნავი ამის საშუალებას არ მაძლევსო. ბერდიდი არ დაეთანხმა: თუ ვინმე მოისურვებს, ასჯერ მეტი საქმეც რომ ჰქონდეს, მთელი ქვეყნის მმართველიც რომ იყოს, მაინც მოძებნის ზიარებისთის დროს, ისევე როგორც მიწიერი საქმეებისთვის ნახულობსო. მერე კი ხშირი ზიარების აუცილებლობაზე ესაუბრა, რადგანაც ამ საიდუმლოთი მჭიდროდ შევუერთდებით უფალს და მასთან ერთ სულ ვიქნებით. ამ ცხოვრებაში უფალთან შეერთების გარეშე როგორ შევუერთდებით მას მომავალში? ერისკაცი შეეკამათა, - როგორ შეიძლება ხშირად მოემზადო ასეთი საიდუმლოებისთვის, როცა ერისკაცული საქმეები გავალიაო. ბერდიდმა აუხსნა, რომ სინანულის არსი მხოლოდ ბაგეებით მოძღვართან ხმამაღლა აღიარება კი არ არის, არამედ საჭიროა მუდმივად სინანულის გრძნობა გვქონდეს და ყოველთვის ვიცავდეთ ჩვენს სინდისს - ვიცავდეთ ღმერთთან, მოყვასთან და თვით საგნებთან დაკავშირებით. მაშინ შენი აღსარება ღვთისა და მოძღვრის წინაშე მუდმივი, ჭეშმარიტი და სრული იქნება. მაშინ არ შეეჭვდები წმინდა საიდუმლოსთან ხშირ ზიარებაში. თუ თვალს არ ადევნებ სინდისს და უყურადღებო ხარ, საქმეების დროს მისი შთაგონების მიმართ რაღა აღსარება და სინანული გექნება?
ამ საუბრისას შეეხნენ ლოცვასაც, ბერდიდმა თქვა: რომ თავდაპირველად ყველა სახარებისეული მცნება უნდა აღვასრულოთ: სულიერი სიმდაბლით, გლოვით, მოწყალებით და სხვა. მაშინ შესაძლებელი იქნება ჭეშმარიტი ლოცვა. და რომ ეს შესაძლებელია მათთვის, ვინც ლოცვაში მუშაკობს და გულმოდგინებს; მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ, ვინაიდან ლოცვით ჩვევას წინ აღუდგება ეშმაკი და სხვადასხვა განსაცდელს შეამთხვევს, თუ კაცს მოთმინება არა აქვს და დაუდევრად მოიქცევა, ლოცვითი განწყობა დაეკარგება და მალე არ დაუბრუნდება.
თავისი სულის ცხონებისთვის ბევრი და გულმოდგინე ღვაწლის მერე მამა პაისი გარდაიცვალა უფლისა მიმართ 1869 წლის 29 ოქტომბერს. მაშინ ის ასი წლის იყო და აქედან 83 წელი ათონზე იცხოვრა.