წამალი თუ უნახავს რომელიმე ჩვენგანს? ღმერთო, დაგვიფარე, ბერდიდი (მამა იოსები) თუ წამალს ნახავდა, რაღა საწამლავი ეპოვოს. რაც არ უნდა მომხდარიყო, ბერდიდი ამბობდა: "სიკვდილი". შენ სიკვდილისთვის მზად უნდა ყოფილიყავი. კბილი გტკივა? გვერდი გტკივა? გაცივდი და ავად ხარ? ის გეუბნებოდა: "მოემზადე სხვა სამყაროში გადასასვლელად. მოკვდი, მოკვდი, რათა წახვიდე ქრისტესთან. განა აქ ამისთვის არ მოვედით?.. ჩვენ აქ მოვედით, რათა ყველაფერს პირისპირ შევხვდეთ".
ექიმი არც უნდა გეხსენებინა, თორემ ბერდიდი თავს მოგაჭრიდა - თუ ექიმი გინდა, წადი სოფელში. აქ ასეთი რამ არ არსებობს. შენ ბერად შედექი და ექიმი გინდა?! მონაზონი რომ გახდე, ხელი უნდა მოაწერო სიტყვა "სიკვდილს". თუ მზად ხარ სიკვდილისთვის - დარჩი. შენ მზად ხარ?
- მზად ვარ.
- მაშინ, ნუ მთხოვ მკურნალობას, ნუ მთხოვ ექიმს, ნუ მთხოვ ნურაფერს. ან მოკვდები, ან წახვალ.
ვამბობდი: - სად წავალ? სად უნდა წავიდე-მეთქი.
გასაგებია? ამ დიდ შრომასა და ღვაწლში მადლის საგანძური იმალებოდა.
დანა-ჩანგალსაც კი არ ვრეცხავდით. როგორ, მათთვის წყალი დაგვეხარჯა?! ხელსახოცები რომ გაგვერეცხა, სუპი გამოვიდოდა.
ბერდიდი ასევე გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა გაგვერეცხა თეფშები. ჭამის მერე თეფშზე წყალი უნდა დაგესხა, მოგევლო და მერე ეს წყალი დაგელია. ასეც ვიქცეოდით. ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ არაფერი გადაგვეყარა. ბერდიდი ამბობდა: "როგორ? ვიღაც იშრომებს და წყალს მოიტანს მათ გასარეცხად? ჩვენ ამას დავლევთ". სტუმრებიც ასევე უნდა მოქცეულიყვნენ.
ერთხელ ჩვენთან მნიშვნელოვანი ბანკირი მოვიდა. გავშალეთ სუფრა. ჩვეულებისამებრ საკურთხი თეფშები გავრეცხეთ. "ბატონო, - უთხრა მას ბერდიდმა, - მოდით, თქვენც ასე მოიქეცით" და მანაც იგივე გააკეთა!
წყალი ზოგჯერ საჭმლის მოსამზადებლადაც კი არ გვყოფნიდა. ავზი გვქონდა, სადაც ბევრი არაწმინდება ცვიოდა, თაგვები, გველები და მასში წყალი ყარდა. რა უნდა გვექნა ამ წყლისთვის? ჩვენ მათ ორი ფორთოხლის ხის მოსარწყავად ვიყენებდით. ამიტომაც ბერდიდი ხშირად მეტყოდა ხოლმე: "წადი, პატარავ, წყალი მოიტანე".
წყლისთვის კი ზემოთ მამა გერასიმე მიკრამინანიტთან დავდიოდით. მაშინ ის 45 წლისა იყო. ავიღებდი ბენზინის ორ სამხედრო ავზს, ბიდონებს, რომლებშიც ბევრი წყალი ეტეოდა, გამოვისახავდი ჯვარს, ერთს ზურგზე შემოვიგდებდი, მეორე კი ხელით მიმქონდა. მაგრამ ხელით წაღება ძნელი იყო, რადგან ციცაბო დაღმართი უნდა ჩამევლო. რომ წავბორძიკებულიყავი, პირდაპირ უფსკრულში გადავიჩეხებოდი და გარდაუვალი სიკვდილი მელოდა. მაგრამ ბერდიდის ლოცვამ არ დაუშვა ეს და ერთხელაც არ წავფორხილებულვარ.
მამა გერასიმე მიცქერდა და ვებრალებოდი:
- პატარა ბერო, ასეთი სავსე ბიდონები როგორ უნდა წაიღო?
ალერსიანად მიმიღებდა, მიმიპატიჟებდა, მაგრამ მე არაფერს ვიღებდი. ბერდიდი მაფრთხილებდა, - არაფერი გამოართვაო. ციდან ანგელოზიც რომ ჩამოსულიყო, მისგანაც კი არაფერს ავიღებდი.
- წყალი უნდა წავიღო, მამაო, რადგან საჭმლის მოსამზადებლადაც კი არა გვაქვს.
წყალს ჩვენთვის ოქროს ფასი ჰქონდა. სახეს მხოლოდ ცრემლებით ვიბანდით. ფეხებს? როცა ზღვასთან ჩავდიოდით. სარეცხს თუ ვრეცხავდით? მხოლოდ საცვლებს.
მძიმე წლები იყო, მაგრამ როგორი მოსაგრეობისა! მიხედავად შრომისა და ოფლთა ღვრისა, ცხოვრება რაღაცით არაჩვეულებრივი იყო, ყოველი ღამე კი გამორჩეული.
- როგორ დაისვენეთ?
- ოჰ, აქ როგორ ცხოვრობთ? აქ ყოფნა ჩემთვის შემაძრწუნებელია.
- რისი გეშინიათ?
- უდაბნო, სიჩუმე...
- ეს ხომ არაჩვეულებრივია, მხოლოდ სიტკბოებაა.
- ლამის გული გამისკდა, ეს რა არის?
- ნუ გეშინიათ, გდარაჯობთ. იძინეთ მშვიდად.
მას დილით გაეღვიძა, დაინახა ჩემი კელიის თავზე გადმოკიდული კლდე.
- როგორ ცხოვრობთ ამის ქვეშ? არ გეშინიათ, რომ რომ ჩამოვარდეს და გაგსრისოთ?
- რას ამბობთ, ის არ ჩამოვარდება.
- მაინც რომ ჩამოვარდეს!
- თუ უფლის ნებით მაინც ჩამოვარდა, მაშინ ღმერთი დაგიფარავს.
- რომ ჩამოვარდეს, ხომ ქვეშ მოგიყოლებთ?
- არ ჩამოვარდება, ღმერთი შეაკავებს.
ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდით და ერთმანეთისა არ გვესმოდა. ის ყველაფერს მხოლოდ გონებით ზომავდა, ჩვენ კი ბერდიდი ყველაფრის რწმენით გაზომვას გვასწავლიდა.
- ძმაო, აქ ძალზე მკაცრია ცხოვრება. ამას როგორ უძლებთ?
- ჩვენთვის აქ სამოთხეა. ჩვენს აქაურ სიხარულს ვერ აღწერ. იმას, რაც აქაა, არაფერზე გავცვლი.
- აქ რა გამაძლებინებს, წავალ უკან, მონასტერში.
ბერდიდმა მას ბოთლით ღვინო გაატანა. კარგა ხნის მერე ჩვენ ერთმანეთს შევხვდით წმინდა დიონისეს მონასტრის საეკლესიო სკოლაში და მითხრა:
- ძმაო, იქ როგორ ცხოვრობთ? განა თქვენც ჩვენნაირი მონაზვნები არა ხართ?
- ჩვენ ღვთის მადლით ვდგავართ. უფალი რომ არ შეგვეწეოდეს, იქ ცხოვრებას ვერ შევძლებდით.
- მამაო, შეიძლება ჩავიდე და კბილი ამოვიღო?
- არ ამოიღებ, დაითმენ.
- მაკურთხეთ.
წავედი სალოცავად, მაგრამ ტკივილი ტვინში ისე მირტყამდა, რომ ფანჯრიდან გადახტომა მინდოდა.
- მამაო, გავგიჟდებდი, ფანჯრიდან გადავხტები, მეტი აღარ შემიძლია.
- არა უშავს! მოთმინება - ვიდრე სიკვდილამდე.
ცოტათი მოგვიანებით მამა არსენმა დაინახა ჩემი ტანჯვა და მიშუამდგომლა ბერდიდთან:
- მამაო, შენ არასოდეს გტკიებია კბილები და წარმოდგენაც კი არ გაქვს, ეს რაა. როცა აგტკივდება, მაშინ მიხვდები.
მართლაც, ბერდიდმა არ იცოდა, რა იყო კბილის ტკივილი. და ამას უცოდინარობით მეუბნებოდა. მან ჰკითხა მამა არსენს:
- როგორია ეს ტკივილი?
- ტვინში გირტყამს, თავში. ნება მიეცი ყმაწვილს, ამოსაღებად წავიდეს.
- დაე დაითმინოს.
ჰოი, დედაო ღვთისავ! როგორ დამეთმინა ეს ტკივილი? ნერვები დაძაბული მქონდა და ტკივილი მკლავდა. ბოლოს, როგორც იქნა, მამა არსენის შუამავლობით ბერდიდმა მითხრა:
- კარგი, წადი მამა არტემთან, დაე მარწუხით ამოგაძროს.
მამა არტემი წმინდა ანას სკიტში მოღვაწეობდა, ორ მორჩილთან ერთად. მას მედიცინა ერში არ შეუსწავლია, მაგრამ სკიტში ექიმის პრაქტიკა ჰქონდა. ის ჩვენთვის ღვთის წყალობა იყო, რადგან ამ კლდეებში სამედიცინო დახმარებას სხვა ვერავინ გაგიწევდა.
მაგრამ უკანა კბილის მარწუხით ამოძრობა?! მანამდე კბილი არ ამომეძრო და არ ვიცოდი, ეს რა იყო. და მე, როგორც უტვინო ბრიყვი, წავედი მამა არტემის საძებნელად. მაშინ ჩვენთან ერთად უკვე ცხოვრობდა მამა ხარლამპე. მან ეს რომ დაინახა, თქვა;
- ოჰ, ოჰ, ოჰ, დაიღუპა ბიჭი. ცოცხალი ვეღარ დაბრუნდება.
ამგვარად, გავემართე კბილის მარწუხით ამოსაძრობად. წმინდა ანას სკიტში ვილოცე:
- წმინდაო ანა! არ ვიცი, საით მივდივარ, გევედრები, რომ ცუდი არაფერი დამემართოს. გთხოვ მომაცილე ეს კბილის ტკივილი.
წმინდა ანამ ჩემი შეისმინა: ტკივილი დაცხრა. მოვწყვიტე ბალახის ღერო, მოვაკვნიტე და დავღეჭე - არ მტკიოდა. დავბრუნდი უკან. ბერდიდმა მკითხა:
- უკვე ამოიღე?
მოვუყევი, რაც მოხდა.
- კარგია, თუ ასეა. იჯექი შენს კელიაში. გაგიმართლა.
მართლაც მამა არტემს ვერ გადავურჩებოდი. მან ხომ არ იცოდა, რომელი კბილი მტკიოდა და შესაძლოა, სხვა ამოეძრო.
ეს რომ მოვუყევი, მამა ხარლამპემ შენიშნა:
- მასთან რომ მოხვედრილიყავი, გრძნობას დაკარგავდი.
საბედნიეროდ, ჩემი შეისმინა წმინდა ანამ!