1934 წელს კომუნისტებმა მონასტერი ხელახლა რომ დაარბიეს, ღირს მამა გერმანესთვის სამღვდელო სამოსი გაუხდიათ, ცალ მხარეს წვერი ჩამოუპარსავთ. ბერს ერთი სამდურავიც არ დასცდენია. როცა ეკლესიას ზარი ჩამოხსნეს, მამა გერმანეს არც ამაზე უთქვამს საყვედური, ეგღა უწინასწარმეტყველებია, - დრომ მოიტანა, ეკლესიებს რომ არბევენ, აბუჩად იგდებენ და ეს არავის შერჩებაო. ყოველგვარი შევიწროების მიუხედავად, ღირს მამას თავისი ადგილსამყოფელი არ მიუტოვებია და უწყვეტლივ აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
"წარმოდგენა არ მქონდა, - ამბობდა მამა ამბროსი, - რომ პატრიარქი ისეთივე უუფლებო ტუსაღი იყო, როგორიც ჩვენ, ოღონდ მავთულხლართის გარეთ... ის წამება, რომელიც ძიებისა და პატიმრობისას გადავიტანე, დამავიწყდა. ის კი, პატრიარქმა რომ დამიჩოქა, დღემდე გულს მითუთქავსო".
1755 წელი იდგა. ომარ-ხანი დიდი ლაშქრით გადმოვიდა კახეთს და ყვარლის ციხეს შემოადგა. შეწუხდნენ ციხეში გამოკეტილი კახელები, მტერმა წყალი მოუჭრათ, ტყვია-წამალიც შემოაკლდათ და თითქმის განწირულნი იყვნენ. ციხეში იყო ჭაბუკი დავით ლარაძე, რომელიც, რაც შეეძლო, ამხნევებდა ხალხს, მაგრამ ყველა ძალა რომ გამოელია, უთხრა: ნუ ჭმუნავთ, ძმანო ჩემნო, ჩემს სისხლს დავათხევ თქვენ, ქრისტიანებისთვის. ამაღამ წავალ და ღვთის მადლით, წყალს გიშოვითო. როცა წყვდიადი დაეშვა, დავითი ციხიდან გადმოძვრა და მივიდა იმ ადგილას, სადაც წყალი მოეჭრა მტერს. ავარიის ხანს აქ მცველად 12 კაცი დაედგინა. უშიშრად შევიდა მტრის ბანაკში, მცველნი ხანჯლით დახოცა და წყალი ციხეზე მიუშვა. გაიხარეს ციხოვნებმა, განმხნევდნენ და სიხარულით აღივსნენ. დავითი წავიდა მეფესთან და ყვარლელთა გასაჭირი ამცნო. გამოარჩიეს ორასი მხნე ვაჟკაცი, გაატანეს ტყვია-წამალი და გაგზავნეს ციხის მისახმარებლად... ერთი კაცის სულგრძელობამ მრავალი იხსნა დაღუპვისაგან.
თეკლა ბატონიშვილს ბიჭს სიმამაცის გამო ეძახდნენ. ვაჟკაცს არ ჩამოუვარდებოდა ჯირითსა და თოფის სროლაში. ადიდებულ არაგვში ისე შეაგდებდა ცხენს, ფონს ძებნას არ დაუწყებდა. ჰოდა, ასეთი მამაცი ქალიშვილი მეფემ ფშავლების "სამსახურში" ჩააყენა. ჯერ ერთი, ისინი ერეკლეს "უნჯი ყმანი" იყვნენ, მეორეც - ერეკლე ფშავში გაიზარდა და იქაურები განსაკუთრებით უყვარდა.
თეკლა-ბიჭმა იმწამსვე შეასრულა მამის ბრძანება. შეზარხოშებულ ჯარისკაცებს დაავიწყდათ თავიანთი თავიც და მასპინძელიც. დაიწყეს ფშაურად სიმღერა. მოაყოლეს კაფიები. სხვათა შორის, ერთმა მეორეს შეუმღერა:
"ღვინოს გვირიგებს ბოგუნი,
შამეჭინჭრება მე გული".
"ბოგუნს" თეკლას ეძახდნენ. ბატონიშვილმა ძალიან იწყინა და ერეკლეს უთხრა: შენმა საქებარმა ფშავლებმა შეურაცხმყვესო. ერეკლეს "პირმა შასცინა".
- ნუთუ ეგ გწყინს?! - ჰკითხა ღიმილით, - ჩემო თეკლავ, განა ეგ იმედი მაქვს შენი? ნუთუ ეგრე სულმოკლეცა ხარ? ფშავლები არიან, რა ვუყოთ, მაგათი წესი ეგ არის. დამშვიდდი.
თეკლა-ბიჭი დამშვიდდა, ხოლო მერიქიფობა აღარ გააგრძელა.
ვაჟა-ფშაველა ამბობს მეფე ერეკლეს სულგრძელობაზე: "ეხლანდელი იუნკერიც არ იკისრებს, თავის ტოლ-ამხანაგ იუნკრებს დაუყენოს თავისი ქალი მერიქიფედ, განაღამც თავის ქვეშევრდომ "სალდათებს" და თუ მსგავსად შეურაცხყვეს, მოითმინოს. ორის გოჯის სიმაღლეზე გაკეთებულ ქანდარითგან არ იკისრებს დაბლა ჩამოსვლას, განაღამც იალბუზის წვერიდგან პირდაპირ უფსკრულში გადმოხტეს. მაგრამ განა ყველა გმირია?!
დიახ, დიდებულმა გმირმა მეფემ იკისრა მწვერვალიდგან დაბლა ჩამოსვლა და ვინ იცის, სხვა რამდენს კისრულობდა (მოიგონეთ, ტოტლებენს რომ დაუჩოქა) მხოლოდ იმ განზრახვით - ერი გაეერთგულებინა და ამით საქვეყნო საქმე კეთილად წარემართა. შეიძლება ეს მაღლიდან დაბლა ჩამოსვლა ბევრჯელ ბევრში ვნებდა, მაგრამ რომ ბევრ შემთხვევაში გამოსადეგიც იქნებოდა, ეს უეჭველია".
მართლაც ცოტა თუ მოიძებნება ერეკლესავით სულგრძელი ადამიანი, მეფე, რომელსაც უბრალო გლეხი (იმედა რაზიკაშვილი) შეჰკადრებდა: ორი შენი თქვი, მეფეო, და ერთი ჩემი მოისმინეო.
ბატონივით წინ წავიდა დავითი და ყაენის წინაშე წარდგა. ყაენი მათ დიდი პატივით დახვდა. ეს რომ ნახეს, ერთხელაც ავაგი წინ გაუძღვა დავითს. გაუკვირდა ყაენს მისი საქციელი: - მაგდენი არ იცი, რომ ეგ შენი პატრონია, წინ რას დასდგომიხარო? დავითმა ღიმილით უთხრა: - დიდო და გამარჯვებულო ხელმწიფეო! ეგ არის პატრონი და მე ვარ მონა მაგისიო. ყაენი განცვიფრდა, ტყუილის მიზეზი ჰკითხა. ეს იმიტომ ვქენი, არ ვიცოდით, როგორ მოგვექცეოდი. თუ მოკვლა გენდომებოდა, მაშინ უპირველესად მე მოვკვდებოდი და არა ჩემი პატრონიო, - მიუგო დავითმა. მაშინ ყაენმა ბრძანა: - თუ ქართველთა ნათესავი ეგეთი არის, ვბრძანებ, ვინც მონღოლთა მორჩილებაში არიან, უმჯობესი და უწარჩინებულესნი იყვნენ. მონღოლ მხედართა თანაბრად შეირაცხონ, მიეცეთ მამული და საქონელი, და ყოველსა შინა მისანდოდ იყვნენო. დაწერეს ბრძანება და გაგზავნეს ყარაყორუმს და ხატაეთს. ეს ბრძანება "აქამდე იყავნო", - ბრძანებს ჟამთააღმწერელი. აი რამდენი ქნა ერთი კაცის სულგრძელობამ.
უცებ მამა გაბრიელი ქურდს გადაეხვია, აკოცა და დალოცა. უნდა გენახათ, ამხელა კაცი როგორ იყო გახარებული, გაიძახოდა: "მამაომ დამლოცა, მამაომ დამლოცა". საწყალი ძლივს ჩაიყვანეს შემდეგ სადგურზე. ასეთი იყო მამა გაბრიელი, შემწყნარებელი და სულგრძელი თავისი საყვარელი უფალივით.