ახალბედა გახლდით. მოძღვარი ყოველ საღამოს ისმენდა ჩემს გულისთქმებს და დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ჩემს სულიერ მდგომარეობას. პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ბერმონაზვნურ ცხოვრებაში და ყოველდღიური დასაყრდენი მჭირდებოდა. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი სენაკი მოძღვრის სენაკის გვერდით იყო. მას ჩვევად ჰქონდა, მწუხრის ლოცვის შემდეგ წიგნი წაეკითხა. ხშირად, როცა ჩემი სულისთვის სასარგებლო რჩევას ამოიკითხავდა, მიხმობდა ხოლმე. მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევა: ერთხელ მოძღვარმა თავისთან მიმიხმო. მივედი. მამა გრიგოლი მთელი გულისყურით წიგნს კითხულობდა. შევიცადე, სანამ არ მანიშნა, ჩამოჯექიო.
- მომისმინე, შვილო, რა უნდა წაგიკითხო. შესაძლოა ეს არც წაგიკითხავს ან სათანადო ყურადღება არ მიგიქცევია.
მამა გრიგოლმა ქრისტესთვის სულელის, წმინდა ანდრიას ცხოვრებიდან ერთი მშვენიერი ეპიზოდი წამიკითხა. წმინდანი სამოთხის ხილვის ამბავს მოგვითხრობს, როცა ის ერთ ზამთრის ღამეს, სულმთლად თოვლით დაფარული, სულით ამა სოფლიდან ნათლის ქვეყანაში იქნა აღტაცებული. წმინდანი ადამიანური სიტყვებით ცდილობს აღგვიწეროს აღუწერელი სამყარო და ახლანდელი ცხოვრების სახეებით დაგვიხატოს მომავლის სურათი. ამ სურათმა იმდენად ააღელვა, იმდენად გაიტაცა მოძღვარი, რომ კითხვა შეწყვიტა, წიგნი დახურა, წუთით დადუმდა, ცრემლი მოიწმინდა და მითხრა:
- იფიქრე, შვილო, იმაზე, რაც მოგველის! "ის, რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ გაუგონია, გულსა კაცისასა არა მოუხდა". როგორი ცხოვრება გველის ზეცაში! რას ვნახავთ! რას გავიგებთ! რას ვიგემებთ! და ამ დროს რა მცირეა და უმნიშვნელო ჩვენი სწრაფვა ამის მოსაპოვებლად! მთელი ცხოვრება არასოდეს დაკარგო ასეთი ორიენტირი: რასაც ამბობ, რასაც აკეთებ, რასაც ფიქრობ, ყოველივე მარადისობის საზომით გაზომე. სულმოკლე ნუ იქნები, ნურც სიძნელეები შეგაჩერებს, ნურც მაკურთხეველი შრომა და ოფლისღვრა. ბევრი უნდა გასცე, ყველაფერი უნდა გაიღო, რაც გაქვს და არ გაქვს, რათა კარგი ვაჭრის მსგავსად მოისყიდო უძვირფასესი მარგალიტი - ცათა სასუფეველი.
ამ სიტყვებით მოძღვარმა ნებისყოფა განმიმტკიცა, ფიქრი ჩემი ზეაწია, მერე კი უკან, სენაკში გამიშვა.
ზამთრის ღამე იდგა, წვიმდა და ქარი ქროდა. მამები ისვენებდნენ, მე კი თვალს რა მომახუჭინებდა? თვალწინ ქრისტესთვის სულელი წმინდა ანდრია მედგა, თავში კი მოძღვრის ნათქვამი მიტრიალებდა. მისი ცრემლები, სწრაფვა ზეცისკენ, წინააღმდეგობა, უსასტიკესი ბრძოლა ვნებებსა და ეშმაკთან, ეკლიანი გზა ზეციური იერუსალიმისკენ, ჩემი ძმები, ჩვენი სკიტი, მთაწმინდა, ჩვენი მეომარი და მოზეიმე ეკლესია, მარადისობა...
გავიდა საათები. ვერა და ვერ დავიძინე. ფანჯრიდან ვუცქერ ჩვენს სკიტს. ირგვლივ უკუნი სიბნელეა. "აქ გადის მოწინავე ხაზი გონებრივ მტერთან ჩემი ბრძოლისა, - გავიფიქრე, - ახალწვეული ვარ, ბრძოლა ახლა დავიწყე. შევძლებ კი ბოლომდე გავიდე და გავიმარჯვო, რაზეც ყრმობიდანვე ვოცნებობდი?" თითქოს დავეჭვდი. ჭეშმარიტმა ბერებმა სისხლი გაიღეს და სული მოიპოვეს. მე კი შევძლებ ამას?.. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა ამ ფიქრებთან ბრძოლა; ის მაშინღა შეწყდა, როცა მთელი გულით ღვთის მოწყალებას მივენდე და იესოს ლოცვა წარმოვთქვი.
ვიგრძენი, როგორ მომერია ძილი და ჩამთვლიმა, თუმცა დარწმუნებული არა ვარ, რომ ეს სიზმარი იყო: ღამის მყუდროებაში მომესმა, ხმაშეწყობილი გუნდი ძალზე ტკბილად, ძალზე საზეიმოდ, დიდი გატაცებით გალობდა კონდაკს: "მეუფესა ზეცათასა, რომელსა უგალობენ ანგელოსთა მხედრობანი, უგალობდით..." ფეხზე წამოვიჭერი განცვიფრებული და უზომოდ გახარებული. ღმერთო ჩემო, რა დიდებულად ჟღერდა ეს ჰიმნი, ეს ზეციური ჰანგი! ვერ გამოვერკვიე და იმის დაჯერება გამიძნელდა, რომ ჩემს სენაკში ვიყავი. უეცრად, ჩემდა უნებურად, ღვთისმოშიშებისა და სიხარულის ცრემლი წამსკდა. დილით, ლოცვის შემდეგ, მყისვე მოძღვართან წავედი და მომხდარი ვუამბე.
- ეს მოვლენა იმ შთაბეჭდილების შედეგი უნდა იყოს, წმინდა ანდრიას ამბავმა რომ მოახდინა შენზე; სხვა ახსნა ვერ მომიძებნია, - თქვა მან.
მადლობა გადავუხადე და ჩემს ჩვეულ მორჩილებას შევუდექი. მაგრამ კარგა ხანს ეს არაამქვეყნიური მელოდია ყურში მიჟღერდა და გულს მიტკბობდა.
როგორც ყველაზე უმცროსს, მსუბუქი სამუშაო მომცეს: თეფშების დარეცხვა, დაგვა და სხვა ამგვარი. მამა იოაკიმეს სურდა, ყველა სამუშაო განსჯით და წესიერად აღსრულებულიყო. თანაც ცდილობდა, შრომა საჭრეთელი გამხდარიყო ჩვენი ხასიათის გამოსაკვეთად. ხშირად, ზამთრის სიცივისას, როცა ხელსაბანში ჭურჭელს ვრეცხავდი, ცივი წყლისგან ხელები მიშეშდებოდა. მამა იოაკიმე მოდიოდა და სიყვარულით დამიყვავებდა: პატარავ, "ზამთარი სასტიკია, მაგრამ სამოთხეა ტკბილი". ეს წვრთნა და ტკივილი ჩვენში დაბუდებული ბოროტებისა და ვნებებისგან გვათავისუფლებსო.
მამა იოაკიმეს იქ ყოფნა და მისი სიტყვები მიხალისებდა ახალგაზრდა, მებრძოლ სულს, სხვა დროს კი გულგრილი ვრჩებოდი ყოველგვარი ადამიანური ნუგეშისცემის მიმართ და თავს გულნაკლულად ვგრძნობდი. მართლაც, რა არ ხდება ახალბედას სულში! რა გამოცდას, ბრძოლას, ცდუნებას, თავდასხმას არ უწყობს ეშმაკი, რომ ანგელოზებრივი ცხოვრებისკენ მიმავალი გზიდან გადაახვევინოს ანდა სულაც შეაწყვეტინოს ღვაწლი! როცა ახალბედანი იღვწიან და გაიმარჯვებენ, უდიდესი გმირები არიან.
მახსოვს, პირველ წელს ძალზე გამიჭირდა, როცა ზეთისხილის შეგროვების დრომ მოაწია. ეს სამუშაო იმ პერიოდს დაემთხვა, როცა შინაგანი ბრძოლა მქონდა გამართული ჩემს ეგოიზმთან, ნაკლთან, ძველ ჩვევებთან. ყოველი სადილობის შემდეგ აუტანელი თავისტკივილი მტანჯავდა. ამ მდგომარეობის გამო მოძღვარს ვთხოვე, ჩემთვის სხვა სამუშაო მოეცა. კალივის დასუფთავება და საჭმლის მომზადება დამევალა.
როცა ნეტარმა მამა იოაკიმემ მოძღვრისგან ჩემი თხოვნის შესახებ შეიტყო, გულში ასეთი გეგმა დასახა: ზეთისხილის ხეები ჩვენი კალივის ტერიტორიაზე იდგა. მამა იოაკიმე ხშირად მომაკითხავდა და მეხმარებოდა, თუმცა მისი იქ ყოფნა სულაც არ იყო საჭირო. ერთხელ მითხრა:

- მაკურთხეთ, - ვთხოვე და ისე მოვიქეცი, როგორც მითხრა.
- გაგიარა თავის ტკივილმა?
- არა, მამაო.
- მაშ, თავი არაფერ შუაში ყოფილა. ეტყობა, სხვა რამ მიზეზია, თორემ მთაწმინდაზე ღვთისმშობელია ექიმი, ყველა სნეულებისგან კურნავს. ხომ არ აჯობებს, წახვიდე, ნახევარი საათი ზეთისხილი მოაგროვო, მერე კი დაბრუნდე?
თავიდან ამ წინადადებას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე, მაგრამ საღამოს ყოველდღიურ გულისთქმებთან ერთად მოძღვარს ესეც ვუთხარი. "ჩემო შვილო, მამა იოაკიმეს მორჩილების გამო წადი და ნახევარი საათი იმუშავე", - მირჩია.
მეორე დღეს სხვა ძმებთან ერთად ზეთისხილის საკრეფად წავედი. მამა იოაკიმეც, მიუხედავად ავადმყოფობისა (ჭლექი სჭირდა), ამ საშინელ ყინვაში ზეთისხილს აგროვებდა. გავიდა ნახევარი საათი, მამა იოაკიმე მომიახლოვდა და მკითხა:
- თავი ხომ არ გტკივა, პატარავ?
- არა, მამაო.
- მაშ, ნახევარი საათი კიდევ იმუშავე, მერე კი წადი.
ნახევარი საათის შემდეგ კვლავ მკითხა:
- ხომ არ აგტკივდა?
- საკვირველია, მაგრამ არა! - ვუპასუხე.
- კეთილი. წადი ახლა კალივაში და სხვა მორჩილება შეასრულე.
მამა იოაკიმეს სიყვარულისა და თანმიმდევრული მოქმედების წყალობით თვე-ნახევარი ვიმუშავე ზეთისხილის ბაღში და თავის ტკივილს ერთხელაც არ შევუწუხებივარ.
ზეთისხილი ზეთისსახდელში ზურგით გადაგვქონდა. დღედაღამ დოლაბს ვატრიალებდით - ასე ვიმარაგებდით მთელი წლის სამყოფ ზეთს. ზეთისსახდელი წარღვნამდელი იყო. მამები მუშაობის მკაცრ პირობებს ამჯობინებდნენ და ამის შეცვლას არც აპირებდნენ. ერთი ან ორი ძმა დოლაბს ატრიალებდა, სხვა კი იქვე იჯდა, სკვნილს მარცვლავდა და განუწყვეტლივ იესოს ლოცვას იმეორებდა. მართლაც, არაამქვეყნიური სანახავი იყო - შინაარსით მკაცრი, შესახედად კი მშვენიერი. სხვა მამები საწურსა და კოდს დასტრიალებდნენ, რომელშიც წყალი თუხთუხებდა. კოდში დაჭყლეტილ ზეთისხილს ვაცხელებდით. ამასობაში კი ნელ-ნელა ღამის სიბნელე ეშვებოდა. ასე მეორდებოდა ყოველწლიურად. ეს სცენა ერთგვარად წააგავდა მონანულთა დილეგს, წმინდა იოანე კლემაქსი რომ აღგვიწერს "სათნოებათა კიბეში".
რატომღაც ხატწერის შესწავლა მომინდა და აწ განსვენებული მამა იოაკიმე მასწავლიდა. შევასრულე პირველი ესკიზები: ათასგვარი უზარმაზარი თვალი, ბაგე თუ ცხვირი... მას ერთხელაც არ უთქვამს, ისინი უსახურნი არიანო; ყოველთვის მახალისებდა. თუმცა, მიუხედავად მისი გამხნევებისა, რამდენიმე დღის შემდეგ ხატწერის შესწავლა მივატოვე. მოგვიანებით ვკითხე მამა იოაკიმეს:
- მამაო, როცა ასეთ უაზრო ესკიზებს ვაკეთებდი, ნამდვილ კარიკატურებს, რატომ მიქებდით?
- პატარავ, ახალბედას გული არასოდეს არ უნდა გაუტეხო. ზოგიერთ ასეთ პედაგოგიურ პრინციპს ამერიკის ერთ კოლეჯში ვასწავლიდი. ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ეს დასკვნები, ნაყოფი მეცნიერთა მრავალწლიანი გამოკვლევებისა, ათონის მთაზე მოსულმა წმინდა მამათა ასეულობით წლის წინათ შექმნილ ნაწერებში აღმოვაჩინე. მაგრამ ეს პრინციპები მხოლოდ ქაღალდზე კი არ წერია, მათ ის მამებიც კი იყენებენ, რომელთაც დიდი განათლება არ მიუღიათ, სამაგიეროდ, ბერმონაზვნური ცხოვრების გამოცდილება აქვთ უზარმაზარი. მათ ჩემი თანამედროვე ათონელი ბერებიც აღასრულებდნენ.
მამა იოაკიმე ხშირად უჩვეულოდ, ორიგინალურად მირჩევდა, როგორი სიყვარულით უნდა მოვპყრობოდი სამეურნეო საგნებს: "როცა რაიმე ჭურჭელს, ინსტრუმენტს ხმარობ, როგორც ამ დანას, ჭუჭყიანი რომ დატოვე, მუშაობის შემდეგ უნდა გაწმინდო, ეამბორო და უთხრა: გმადლობ, ჩემო ჯაყვავ, რომ მემსახურე. მერე კი თავის ადგილას დადო". აბსოლუტურობის ზღვარს აღწევდა მამა იოაკიმეს დადგენილი წესი და რიგი. ჩვევად გვქონდა გადაქცეული: ყველაფერი რიგიანად უნდა შეგვესრულებინა.