მის გულისგანმგმირავ ყვირილზე მამებმა მოირბინეს. მათ შორის იყო მასზე მზრუნველი ბერიც. როცა მამებმა ხელიდან ქილის სახურავი გამოგლიჯეს, ბერმა ყვირილი მორთო: დამაცადეთ, მოწამედ აღვესრულოო! მზრუნველმა ბერმა შეიპყრო და უთხრა: "ცოტა მოითმინე, მოდი, ჯერ ჭრილობას გადაგიხვევ, შემდეგ კი გაწამებო". ამ ბერს დიდი სიყვარული ჰქონდა და სხვებისთვის იხარჯებოდა. შეუხვია ჭრილობა, შემდეგ მოიხსნა ქამარი და ზურგზე ცემა დაუწყო. მოხიბლულმა ბერმა მხოლოდ რამდენიმე დარტყმას გაუძლო და ყვირილი მორთო: დამანებე თავი, ვეღარ ვითმენ ამ წამებასო.
აი, ამგვარად დამდაბლდა ბერი მამათა წინაშე. საბრალო მამები განუწყვეტლივ ლოცულობდნენ, რომ ღმერთს მათი ძმა ამ საშინელი ხიბლისგან დაეხსნა და სახიერი უფალი შეეწია მათ: ძმა დამდაბლდა, შეინანა, აღსარება თქვა, ეზიარა და ეშმაკის მახეთაგან თავდახსნილი, ღვთის მადლით, გონს მოვიდა. ამის შემდეგ მან კიდევ დიდხანს იცოცხლა გულშემუსვრილმა სიმდაბლით და განისვენა უფალში. დიდება უფალს!
მე ამას არ შევსწრებივარ, მაგრამ გამიგონია ღვთისმოშიშ მამათაგან, მათ შორის - ჩემი მოძღვრისაგან, რომლის თვალწინაც მოხდა ეს ამბავი.
კატუნაკში, "ღირს არსის" კალივაში, ორმოცდაათი წლის წინ ცხოვრობდა ერთი ბერი სამ მორჩილთან ერთად. მათ მამა გიორგი, მამა პახუმი და მამა ოქროპირი ერქვათ. ბერის გარდაცვალების შემდეგ მოძღვარი გახდა ბერად კურთხევის მიხედვით უფროსი - მამა გიორგი. რადგან ის სრულიად უსწავლელი და ძალზე უბრალო გახლდათ, დანარჩენმა ორმა ბერმა მისი მორჩილება არ ისურვა, რადგან მამა გიორგიზე განათლებულნიც იყვნენ და უფრო ამაყნიც, ამიტომაც დაუტევეს მოძღვარი და რაკი ერთმანეთის მორჩილებაც ვერ შეძლეს, დროთა განმავლობაში ერთმანეთსაც დაშორდნენ. უამრავი ადგილი შეიცვალეს, გადადიოდნენ მონასტრიდან მონასტერში, სენაკიდან სენაკში.
ერთხელ ერთ მათგანს გაახსენდა თავისი მოძღვარი, რომელიც სიბერის ჟამს მიატოვა და მისი მონახულება გადაწყვიტა. აბგა სანოვაგით აავსო და გზას გაუდგა. კალივას რომ მიუახლოვდა, იქვე მეზობლად მცხოვრებ ბერს ჰკითხა მისი ამბავი. უთხრეს, უკვე დიდი ხანია არ გვინახავსო. ერთმა კი ამცნო: "ერთი კვირის წინ მისი საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა, ალბათ კარგად არისო".
ბერი აღელდა და შეშფოთებული მიადგა კალივას. ირგვლივ სრული სიჩუმე სუფევდა. ამან უფრო შეაშინა და კარებზე ყვირილით დააბრახუნა. ხმა არავინ გასცა. მიაწვა კარს, შეაღო და შევიდა. მოძღვარი მწოლიარე ნახა და სთხოვა: "მაკურთხე, მამაო! როგორ ხარ? აი, შენს სანახავად მოვედი".
ბერმა დიდი მწუხარებით უპასუხა: ჰოი დალოცვილო, კარგი იყო, არ შემოსულიყავი, რადგან შენი შემოსვლისთანავე გაქრა წმინდა ანგელოზი, რომელიც მე მემსახურებოდა. ამიტომაც არ გიღებდი კარს. მეტად ნუღარ მოხვალ, რადგან შენი მოსვლით ანგელოზს განმაშორებო.
ძმა უკან გაბრუნდა, ბერი კი კაცთაგან მიტოვებული იწვა თავის სენაკში ფიცარნაგზე და რაკი მთლიანად ღმერთს მიენდო, ანგელოზთაგან იღებდა მსახურებას.
დიდად სულიერად ცხოვრობდა, მაგრამ რაკი დიდი თავმდაბლობა ჰქონდა, ცდილობდა, თავისი სათნოებანი შეუმჩნევლად აესრულებინა.
ერთ ზამთრის ღამეს ის კვლავ მთებში წავიდა ღვთისმსახურების ჩასატარებლად და აღარ დაბრუნდა. მამები აღელდნენ, სადმე თოვლში ხომ არ ჩაეფლოო და საძებნელად წავიდნენ. კლდესთან რაღაც შავი შეამჩნიეს და ახლოს მივიდნენ. ბერი აღმოჩნდა. გაუნძრევლად იდგა. მამები შეშინდნენ, ხომ არ გაიყინაო, მაგრამ როცა ხელი შეახეს, დაინახეს, რომ მისი სხეული ცეცხლივით ვარვარებდა, გარშემო მისი ლოცვის მხურვალება დამდგარიყო. შეხებისას ძლივს მოვიდა გონს... დაუტევა სამოთხე და ღვთისმშობლის კუთვნილ მიწაზე დაბრუნდა.
მეუდაბნოე ბერები მამა თეოფილაქტეს ისიქასტად მიიჩნევდნენ და დიდად აფასებდნენ. დემონებს შურდათ მისი და ყოველნაირად ცდილობდნენ, ღვთის ჭვრეტას, ლოცვას მოეწყვიტათ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ.
იქაური მამები ამბობდნენ, რომ მამა თეოფილაქტეს დიდი მეგობრობა ჰქონდა გარეულ ცხოველებთან, რომლებიც გრძნობდნენ მის სიყვარულს და როცა რამ დასჭირდებოდათ, თეოფილაქტეს კალივასთან მიდიოდნენ. ერთხელ შველი მიადგა. შესაბრალად ბღაოდა და მოტეხილ ფეხს უჩვენებდა. ბერმა ორცხობილა მიუტანა, რომ დანაყრებულიყო, და ფეხზე არტაშანი დაადო, მერე კი უთხრა: "წადი მშვიდობით, ერთი კვირის შემდეგ მოდი, ფეხი რომ გაგისინჯოო". კეთილ მოძღვარს ისე ესმოდა ცხოველების, როგორც ექიმს ავადმყოფისა, რადგან უკვე ღვთის კაცად ქცეულიყო. დაე, თან გვდევდეს მისი და სხვა ღირს მამათა ლოცვა.
ლოცვითა ღირსთა მამათა ჩვენთა ათონელთა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, ღვთისმშობლისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
თავდაპირველად მამა კალენიკე ისიქასტთან წავიდა. ღრმა განსჯის უნარის მქონე მამა კალენიკემ მასში უდიდესი საღმრთო მოშურნეობა დაინახა, მაგრამ მისი სხეულის უძლურებაც შეამჩნია, ამიტომ მოუთხრო მას თავის ცხოვრების წესზე, რათა ახალგაზრდას ნაკლებად მკაცრი ტიპიკონის მქონე საძმო მოეძებნა. "მე, შვილო ჩემო, - უთხრა მან, - დღეში ერთხელ, მეცხრე ჟამის შემდეგ, ორმოცდაათ დრამ (ერთი დრამი - 3,2 გრამი) ორცხობილას, ვჭამ. თუ შეგიძლია დაითმინო ასეთი ცხოვრება, დარჩი, თუ არადა სხვა ადგილი ეძებეო".
რაკი ახალგაზრდას ტუბერკულოზისკენ ჰქონდა მიდრეკილება და ჯანმრთელობა ამგვარი მკაცრი მოღვაწეობის ნებას არ აძლევდა, "ღირს არსის" კალივაში მამა პახუმისთან წავიდა, სადაც ბენიამინის სახელით აღიკვეცა ბერად და მრავალი წლის განმავლობაში მოშურნედ იღვწოდა.
მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, მამა ბენიამინი მოსაგრე ბერი გახლდათ. ყოველ ღამეს ლოცვაში ატარებდა, დღისით კი ხელთ ან წმინდა მამათა წიგნები ეპყრა, ან საქმიანობდა. ლოცვა კი ბაგეთაგან არ შორდებოდა, ვიდრე მისი ანგელოსთა დარი სული ზეცად არ აღვიდა.
მისი მიცვალების ჟამს ერთი ქრისტესთვის სულელი ქალი ატიკაში ღვთისმშობლის მონასტერში ხმამაღლა ყვიროდა: "ვაი, ვაი, ეს ვინ დავკარგეთ! წავიდა, წავიდა! სულ ახლახან გარდაიცვალა მამა ბენიამინ კატუნაკელი. მისი სული წავიდა ქრისტესთან, უფალმა კი უბრძანა ანგელოზებს, ბენიამინისთვის შუბლზე წითელი ბაფთა შემოეკრათ, რომელზეც წერია "მერვე დღის ანგელოზი" (წმინდა მამათა განმარტებით, შვიდი რიცხვით აითვლება ამ სოფლის არსებობის ჟამი, მერვე დღე კი მარადისობის, მომავალი ცხოვრების სიმბოლოა).