სიტყვა სიკვდილის ხსოვნაზე
ბერებმა მიაღწიეს კლდეებს შორის მიწის პაწია ნაგლეჯს. მამა ფილარეტი მიწაზე დაწვა და ძმას მიმართა: - აქ იქნება ჩემი სამარე. ზომა აიღე და თხრას შეუდექი, რომ საიმდროოდ მზად იყოსო. მამა გაბრიელი თავისი სიალალით ასეც მოიქცა. ერთი კვირის შემდეგ უდაბნოს შემყვარებელმა და ღვთივსათნო მამა ფილარეტმა დატოვა ეს წუთისოფელი.
რა უნდა გავაკეთო?
1. მოვუხმო იღუმენს და აღსარება ვუთხრა.
2. ყველას შენდობა ვთხოვო.
3. მერე კი საკუთარი თავი ღვთის გულმოწყალებას მივანდო.
- ბავშვი უფსკრულებით გარშემორტყმულ საკონდიტროში რომ დავსვათ და ყველა სარკმელი და კარი გავაღოთ, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ: ბავშვი არ დაიმტვრევა, ვინაიდან ის კანფეტებით და სხვა ტკბილეულით იქნება გატაცებული. ასევეა გონებაც, სადაც დატკბება, იქ იმყოფება, ამიტომაც მუდმივად უნდა მივცეთ მას სულიერი სამუშაო.
ბევრი ერისკაცი ჩივის, საეკლესიო მსახურებაზე ჩვენი გონება აქეთ-იქით დაეხეტებაო. ამ დროს ერისკაცული ცხოვრების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ. როცა ისინი მრავალი დღის მანძილზე ხომალდით მოგზაურობენ და ტალღებს ებრძვიან, სხვაზე არაფერზე ფიქრობენ, გარდა იმისა, რომ იხილონ ადგილი ან სახე, რომლისკენაც ისწრაფვიან. ახლა კი, დაე, შეადარონ უმნიშვნელობა ამ ადგილისა და სახისა, იმ საიდუმლოს, სადაც მსხვერპლად შეიწირება ძე და სიტყვა ღმრთისა, რომელიც ტაძარში ერთადერთი მიზნით აღესრულება - ასწავლოს ქრისტიანებს, მთელი სულით განიცადონ ეს საიდუმლო.
ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა კი მონაზონი, ღმერთთან ერთობაში უნდა იმყოფებოდეს. როცა სული სხეულს გაეყრება, ვინც თავისი ერთობით სამება ღმერთთან ერთობაში იმყოფებოდა, იხილავს წმინდა ანგელოზებს, რომელთაც ხელთ სამოთხის კეთილსურნელოვანი ყვავილებით სავსე ფიალები უპყრიათ. მათ კი, ვისაც ღვთაებრივი ლიტურგიის დროს, ერისკაცული და ამაო გულისთქმები ჰქონდათ, თუმცა იხილავენ ამ ფიალებს, მაგრამ მზაკვარი და შურიანი დემონები, მათით დატკბობაში ხელს შეუშლიან, ეტყვიან წმინდა ანგელოზებს: "ეს ადამიანები საღვთისმსახურო შეკრებებისას მოწყვეტილნი იყვნენ ღვთაებრივ ლიტურგიას, თავიანთ სამუშაოსა და ერისკაცულ სიამოვნებაზე ფიქრობდნენ. ამგვარად, მათ, ვინც ღვთის ჭვრეტაში არ იღვაწეს, ხორცში ყოფნისას არ იგემეს სულიერი სიხარული და სიცოცხლის ბოლოსაც კი არ შეინანეს, მათ არა აქვთ უფლება, იგემონ უტკბილესი საუკუნო ჭვრეტის კეთილსურნელოვანი არომატით სავსე ჭურჭლიდან".
როცა ეს ხალხი დაინახავს, რომ სახარებისეული ღვთაებრივი კანონისადმი ურჩობის გამო მოაკლდნენ ნეტარებას, მუდმივად სინანულით გულშემუსვრილნი იტყვიან: "ვაიმე, რომ მცირე სიზარმაცის და უყურადღებობის გამო საუკუნო სიხარულსა და სიტკბოებას მოვაკლდით.
ღირსი თეოდორე სტუდიელის თქმით: "ჩვენ დავიღუპეთო, იტყვიან ის მონაზვნები, რომელთაც გათელეს თავიანთი აღთქმა, რომელიც ანგელოზებრივი სქემის შემოსვისას დადეს, და ამა სოფლის ამაოებით ძლეულებმა შეურაცხყვეს იგი.
***
ივერთა მონასტერში ერთხელ მომსახურე მღვდელმა უკმია სტასიდიაზე მსხდომ მონასტრის მეთაურს, მაგრამ ერთ პროისტამენს (მონასტრის უხუცესთა კრების წევრს ჰქვია), ისე ჩაუარა, არ უკმია. საღვთო ლიტურგიის განტევების მერე ეს მღვდელი ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახეს. მან თქვა, - როცა ამ მამის სტასიდიამდე მივედი, ის ცარიელი დამხვდაო!
მაშინ მამებმა მოუხმეს იმ მამას და მომხდარი მოუთხრეს.
- მამაო პროისტამენო, ყურადღებით იყავი, რადგან მომსახურე მღვდელი უბრალო კაცია და ამბობს იმას, რაც დაინახა.
გაოცებულმა ბერდიდმა თქვა:
- მღვდელი მართალია, ვინაიდან ხორცით ჩემს სტასიდიაზე ვიყავი, გონებით კი, მონასტრის მეტოქიონში გახლდით, რომელიც ერში მდებარეობს.