მოწყალების მოსაკრებად ერში გასული წმინდა ალექსანდრე სვირელი ყველგან იღებდა მოწყალებას, მაგრამ ვინმე გრიგოლს, თუმცა კი იგი ძალიან ეცადა, მაინც არ გამოართვა ფული.
გრიგოლი შეწუხდა და მიზეზი ჰკითხა. წმინდა ალექსანდრემ მიუგო: "ჩვენ გვამცნეს, რომ მშობლებს პატივი უნდა ვცეთ. შენ კი ამწარებ, სცემ კიდეც დედაშენს და ეს ერთხელაც არ მოგინანიებია". გრიგოლი მის წინ დაემხო, წმინდა ალექსანდრემ უთხრა: - წადი, შვილო, და შეირიგე შენი დამბადებელი და მისგან სინანულით ცოდვათა მიტევება გამოითხოვე. გაეცი მოწყალება, გამოზარდე ქვრივ-ობოლნი და ასეთი კეთილი საქმეების გამო ღმერთიც შეგიწყალებსო.
***
წმინდა ბარსანოფი ოპტელის დედა მის მშობიარობას გადაჰყვა და მამამისმა მეორედ იქორწინა. დედინაცვალი ღრმად მორწმუნე და საოცრად გულკეთილი ქალი იყო და მართლაც შეუცვალა დედა. "შესაძლოა, ღვიძლ დედასაც არ აღვეზარდე ასე", - ამბობდა მამა ბარსანოფი, - ყოველ დილით ადრიანად დგებოდა და, მიუხედავად ჩემი მცირეწლოვანებისა, ცისკრის ლოცვაზე მივყავდი.
ერთ დილას გავიღვიძე, მაგრამ წამოდგომა არ მინდა... დედა უკვე მზადაა და მოახლეს ეუბნება: - პავლეს ჯერ კიდევ სძინავს. სასწრაფოდ ცივი წყალი მომიტანეო. მაშინვე საბნიდან გამოვძვერი: დედიკო, უკვე გავიღვიძე-მეთქი. ტაძარში მივდივართ".
წმინდა ბარსანოფი მადლიერი იყო ამ "ძალდატანებისა" და ხშირად აღნიშნავდა ხოლმე, რა კარგად იმოქმედა მასზე ყრმობის დროინდელმა ცისკრის ლოცვებმა.