თავი მეორე
დევნილი ეკლესია
1. ეკლესია და ბერძნულ-რომაული სამყარო
როდესაც იესო ქრისტე დაიბადა, ქვეყნიერებას ერთმმართველი ავგუსტინე განაგებდა. ეს იყო დასაბამი იმ პროცესისა, რითიც წარმართულ სულიერებასა და ცნობიერებაზე აგებული სამყარო - რომის იმპერია - იდეოლოგიურად დასრულდა. ამავე დროს, სწორედ ეს არის მსოფლიო ისტორიაში ის უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი მომენტი, როდესაც უკვე მოახლოებულია ეკლესიის დაბადება, რაც ბერძნულ-რომაულ სინამდვილეს, ანუ ელინისტურ კულტურასთან გაერთიანებულ რომაულ სახელმწიფოებრიობას, იუდაიზმის შემდეგ ქრისტიანობის მეორე "სამშობლოდ" აქცევს. ამ ლეგენდარული დროიდან მოყოლებული, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი ისტორიული მსოფლმხედველობა გაფართოვდა, ჩვენმა ცნობიერებამ სხვა სივრცეები იხილა, ჩვენი ცნობისმოყვარეობა სხვა კულტურებს ეზიარა. ყველაფერმა ამან, გარკვეული თვალსაზრისით, შეარყია ლეგენდა ბერძნულ-რომაული განუმეორებლობისა და უნივერსალურობის შესახებ, მაგრამ "სამყარო", რომელსაც თავად რომის იმპერიის შვილებმა "იკუმენი" (ბერძ. იკუმენე - მთელი სამყაროს სამკვიდრებელი) უწოდეს, მაინც დარჩა ქრისტიანობის გზის დასაწყისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად. კაცობრიობის ნაწილი დღეს უარყოფს ამ ისტორიული მონაკვეთის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას, მაგრამ ქრისტიანობას არც სურს და არც შეუძლია ჰქონდეს მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება. ქრისტიანულ შემეცნებაში ისტორია - მოვლენების მექანიკურ მიზეზშედეგობრივ ჯაჭვად, ხოლო ეკლესიის გარკვეულ ადგილას გარკვეულ დროს დაბადება არ შეიძლება შემთხვევით მოვლენად იქნეს განხილული. "ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაი, - წერს პავლე მოციქული, - მოავლინა ღმერთმან ძე თვისი..." (გალ. 4:4). მოციქული, გარკვეული თვალსაზრისით, იმ სამყაროს გულისხმობს, რომელსაც წილად ხვდა, ეკლესიის პირველი "ისტორიული ხორცი ხორცთაგანი" ყოფილიყო. ქრისტიანობას ეს სამყარო მტრულად შეხვდა, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ამ დევნის დასაძლევად ქრისტიანობას ქადაგების საშუალება უნდა მისცემოდა და "იკუმენას" ქადაგების შესმენის უნარი გამოეჩინა. შემთხვევითი არ არის, რომ სახარების წმინდა სიტყვები თავიდანვე ბერძნულად ჩაიწერა, ჭეშმარიტება ბერძნული აზროვნების კატეგორიებში გაცხადდა და ქრისტიანულმა ღვთისმეტყველებამ ელინური სამოსი ეკლესიურ შესამოსლად გადააქცია. ეს იყო განცხადებული ღვთაებრივი ჭეშმარიტების მიმართ გულწრფელი ადამიანური პასუხი.
ამრიგად, თუ სახარების სიღრმეებში ჩახედვა ებრაულ-ბიბლიური საწყისების გარეშე წარმოუდგენელია, ამ სიღრმეებამდე მისვლა იმ სამყაროსგან მოწყვეტით, სადაც პირველად გაცხადდა წმინდა წერილი, შეუძლებელია.
ასერიგად, ელინიზმმა პოლიტიკურად ვერ გაიმარჯვა, მან გაიმარჯვა კულტურულად. ბერძნული კულტურა მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზისა და უფრო შორეული სივრცეების გამაერთიანებელი გახდა. იმ დროს ყველა, ვისაც კულტურასთან თანაზიარობა სურდა, ავად თუ კარგად ბერძნულ ენაზე ლაპარაკს ცდილობდა. ბერძნულად წერდნენ პავლე მოციქული და სხვა ცნობილი ებრაელები, ბერძნულად წერდა ფოლოსოფოსი ფილონ ალექსანდრიელი, ბაბილონელი ქურუმი ვეროსი და რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი... ენისგან კი ყოველთვის განუყოფელია მის ფორმებში განხორციელებული კულტურის იდეალი - ბერძნული ყოფა, რომელიც უკვე ზოგადსაკაცობრიო ფასეულების სახეს იღებდა. ყველა, ვინც ბერძნულ სკოლას ეზიარა, რა ჯიშისა და ტომის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო, საკუთარ პიროვნებას ელინად შეიგრძნობდა, ხოლო ასეთი სკოლების, გიმნაზიუმების, არეოპაგების ნანგრევებს არაბეთის მისადგომებთანაც და ინგლისშიც ვაწყდებით. ელინიზმის ძველ და ახალ ცენტრებში - ათენში, ალექსანდრიაში, ანტიოქიაში - თანდათან ახალი "ელიტა", ახალი ტიპის ადამიანი მკვიდრდებოდა. ამ ადამიანში ტრადიციულ-ფსიქოლოგიური საზღვრები ქრებოდა და იკარგებოდა ისეთი ცნებები, როგორიც არის ჩემი ხალხი, კერა, სამშობლო. ისინი ღიად ხვდებოდნენ ახალ სინამდვილეს და არ გაურბოდნენ ისეთ გავლენას, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა მათ თვალწინ მოულოდნელად ახალი ინტელექტუალური და სულიერი ჰორიზონტები გახსნილიყო.
მაგრამ გარეგან ბრწყინვალებასა და კეთილდღეობასთან ერთად იმპერიაში სულიერი კრიზისიც ახლოვდებოდა. საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ ცხოვრების წესს ყავლი გასდიოდა, დროის გამოცდას ვეღარ უძლებდა მოძველებული რწმენა და ტრადიციები. ადამიანები ვეღარ კმაყოფილდებოდნენ ნაციონალურ-ყოფითი ღმერთებით, რომლებიც ქალაქის, ტომისა და გვარის დამცველებად ითვლებოდნენ. იმპერიის სიძლიერემ და კულტურამ თავისდაუნებურად მათი საჭიროება ამოწურა. ხალხს მათი იმედი გაუქარწყლდა. გაჩნდა სკეპსისი და გულგატეხილობა და ახალი სულიერი საზრდო გახდა საჭირო. იმპერიაში გავრცელდა აღმოსავლური "მისტერიები". რომის ცენტრში ააშენეს ისიდას, კიბელეს, დიონისეს ტაძრები, სადაც საიდუმლო რიტუალებში ბედის განახლებასა და უკვდავებას ჰპირდებოდნენ. ადამიანები სულიერი სიცარიელისგან, ტანჯვისგან, ბოროტი ძალების მოახლოებისა და სიკვდილის შიშისგან ხსნას ეძებდნენ. ეს იყო წინათგრძნობისა და მოლოდინის ეპოქა: "ერთი იმპერია, ერთი მსოფლიო ენა, ერთი კულტურა, მონოთეიზმისკენ საერთო სვლა და მაცხოვრის მოლოდინში საერთო სევდა" - ასე დაახასიათა ადოლფ ჰარნაკმა მდგომარეობა, რომლის დროსაც დედამიწაზე ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო.
სწორედ სინაგოგების ქსელს აღმოაჩნდა ის პროვიდენციალური ბუნება, რომელიც ქრისტიანული მოძღვრების ქადაგების საშუალებად გადაიქცა. ამ სინაგოგების მეშვეობით ცნობა იესო ქრისტეს შესახებ რამდენიმე წელიწადში მთელ "იკუმენში" გავრცელდა. აქ დაობდნენ და კამათობდნენ რწმენის საკითხებზე, აქ დადიოდნენ სხვა ერების წარმომადგენლები, აქ ჩნდებოდნენ მაცხოვრის რწმენითა და მომავლის იმედით განმსჭვალული ქრისტიანობის ახალი მქადაგებლები, აქედან იწყებოდა სახარების გავრცელების ახალი ტალღა და აქ ეყრებოდა საფუძველი პირველ ქრისტიანულ გაერთიანებებს.
ჩვენ ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა წარმართთა მოქცევის პროცესი, და ალბათ შეუძლებელიცაა ქადაგებისა და მოქცევის პროცესის ერთ რომელიმე ტიპურ ვარიანტამდე დაყვანა. როგორც ახლა და როგორც ყოველთვის, რელიგიური კრიზისის დროს ადამიანები ახალი რწმენისკენ შესაძლოა ათასი სხვადასხვა მიზეზის გამო მიდიოდნენ; და როგორც მიზეზი, ამ მიზნისკენ მიმავალი გზაც შესაძლოა მრავალი ყოფილიყო. პავლე მოციქულის წერილებში აშკარად ვხედავთ, როგორ იცვლება მეთოდები და არგუმენტები სხვადასხვა ჯგუფთან ურთიერთობის პროცესში. მაგრამ ისიც ნათელია, რომ ქადაგების ყველა შემთხვევისთვის უცვლელად რჩება მაცხოვრის მოსვლისა და სამყაროს ცოდვის მარწუხებიდან დახსნის ახალი ფაქტის გაცხადების აუცილებლობა. ამ პერიოდის ქადაგებები არ იყო მასობრივი, არც სეირის მოყვარული ბრბოს წინაშე წარმოდგენილი ცერემონია. მაგრამ ადამიანის გულში აქ დანთებულ ცეცხლს დიდი ძალა ჰქონდა. ეს ცეცხლი აუცილებლად სხვას გადაეცემოდა და მისი სინათლით განათებული სახეები მხილველის ყურადღების გარეშე არ რჩებოდა. სიტყვაზე უფრო მნიშვნელოვან ზეგავლენას ქრისტიანთა ცხოვრების წესი ახდენდა. სწორედ ეს იყო ჭეშმარიტების მაძიებელთათვის სახარების ცხოველმყოფელი ძალის თვალსაჩინო გამოხატულება.
პირველი ქრისტიანები თავდაპირველად იმპერიის მხოლოდ დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლები იყვნენ. პავლე მოციქული ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ თითქოს ადასტურებს ამ მოსაზრებას: "იხილეთ-ღა ჩინებულებაი ეგე თქუენი, ძმანო, არა მრავალნი ბრძენ არიანა ხორციელად (ანუ განათლებულნი), არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა? არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ძლიერთა. და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი, რაითა არსნი იგი განაქარვნეს; რაითა არა იქადოს ყოველმან ხორციელმან წინაშე ღმრთისა" (1 კორ. 26-29). მიუხედავად ამისა, მაინც არ იქნება სწორი, ადრეული ეკლესიის პროლეტარულ ტონებში წარმოდგენა და მასში უპირატესად სოციალური მოვლენების ანარეკლის ძიება. თვით პავლე მოციქულის წერილში ვკითხულობთ: "გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაი" (რომ. 16:23); ათენში მოციქულმა არეოპაგის წევრი დიონისე მოაქცია (საქმ. 17:34); ასევე ნათქვამია, თესალონიკში "დედათა მთავართა არა მცირედთა" (საქმ. 17:4) მოქცევის შესახებ. მოციქული იაკობი თავის კათოლიკე ეპისტოლეში მდიდრებს საყვედურობს, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ეკლესიის წევრთა შორის მდიდრებიც იყვნენ; მოგვიანებით კი ბითვინიის გუბერნატორი პლინიუსი იმპერატორ ტრაიანეს აცნობებს, რომ ქრისტიანთა შორის მრავლად არიან სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები.
მეორე საუკუნის მიწურულს კართაგენელი ღვთისმეტყველი კვინტუს სეპტიმუს ტერტულიანე ეკლესიის მდევნელთ მიმართავს: "ჩვენ მხოლოდ გუშინ გავჩნდით, მაგრამ ავავსეთ თქვენი ქალაქები, კუნძულები, სიმაგრეები, მუნიციპიები, ბანაკები, ტრიბიები (რომის მოსახლეობის დანაყოფი), კურიები (პატრიციული დაჯგუფებები), დარბაზი, სენატი, ფორუმი... თუ ჩვენ თქვენი მტრები ვართ, მაშინ უფრო მეტი მტერი გყოლიათ, ვიდრე მოქალაქე, რადგან მთელი თქვენი მოსახლეობა უკვე გაქრისტიანებულია". ეს, რა თქმა უნდა, რიტორიკული გადამეტებაა, მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანობა გეოგრაფიულად მართლაც სწრაფად ვრცელდებოდა. პირველივე საუკუნეებიდან დიდი ეკლესიები ჩნდება სირიაში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში, შესაძლებელია ესპანეთსა და გალიაშიც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანები ბევრნი იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, იმპერატორ კონსტანტინეს მოქცევის ჟამს, მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ისტორიკოსთა გათვლით, მათი რაოდენობა იმპერიის მოსახლეობის ათ პროცენტს არ აღემატებოდა და შეიძლება ითქვას, ეკლესია დიდხანს ამა სოფლისგან დევნილ "მცირე სამწყსოდ" რჩებოდა.